logo_geo
ილია II: მინდა ვიყო ღვთისგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისგან გამდიდრებული
- +

30 ივლისი. 2020. 19:40

 

 

ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქის ილია II-ის ქადაგებებიდან:

 

"ხშირად ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი, მიაჩნიათ რა თავი უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. ეს მიუტევებელი შეცდომა და ბოროტებაა საკუთარი თავის მიმართ. როგორც არ უნდა მოვემზადოთ, განა ოდესმე ვიქნებით ღირსი, მივიღოთ ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი? ჩვენი ცოდვების სიმძიმის შეგნებითა და უფლის მოწყალების იმედით უნდა მივეახლოთ ამ უდიდეს საიდუმლოს".

 

„აღსარებისთვის მომზადებულნი უნდა მივიდეთ. ეს საიდუმლო უნდა აღვასრულოთ ისე, თითქოს იგი იყოს ჩვენი უკანასკნელი, სიკვდილის წინა აღსარება. მამები აღსარებას მეორე ნათლობას უწოდებენ, რადგანაც ამ დროს, ისევე, როგორც ნათლობისას, პიროვნებას მიეტევება ცოდვები, ოღონდ მხოლოდ ის ცოდვები, რომელთა შენდობასაც მოძღვრისგან მიიღებს. აღსარებას თვით უფალი იესო ქრისტე იღებს. იგი უხილავად ესწრება ამ საიდუმლოს, მღვდელი კი არის მოწმე და ადამიანისადმი ღვთის დიდი მოწყალების გამოვლენის საიდუმლო აღმსრულებელი."

 

„თუ მოვლენებსა და საკუთარ თავს მთელი სიღრმით დავუკვირდებით, შიში შეგვიპყრობს: იქნებ ცოდვამ ისე დაგვრია ხელი, რომ უკვე ვეღარ შევძლებთ გამოსწორებას და აღარ არის ხსნა ჩვენთვის?

 

„გადარჩენა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი და იგი უფალმა მოგვანიჭა. მისი მადლი რწმენით მიმღებელ დავრდომილთა აღმადგინებელია, ნაკლულევანთა აღმავსებელი; ესაა ჩვენი განმათბობელი ღვთაებრივი სიყვარული, რომელსაც არა აქვს საზღვარი; იგია წყალობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა."

 

"ძალიან დიდი ძალა აქვს ფსალმუნის კითხვას. ყველა მორწმუნემ ზეპირად უნდა იცოდეს 50-ე ფსალმუნი. ამ ლოცვით ცოდვებისაგან იწმინდება კაცი, რადგანაც ეს სინანულის საგალობელია."

 

„უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მთელ ჩვენს არსებას მოედება. ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის."

 

„მადლი ღვთისა იცავს და განათბობს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, ხოლო მადლი ყოველ მორწმუნე ქრისტიანს მისი ღირსებისა და სულიერი სიწმინდის შესაბამისად მიეცემა, ოღონდ პიროვნებამ მისი მოპოვება უნდა მოინდომოს და გული მისი მიღებისათვის განიწმინდოს."

 

"ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში."

 

„ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: "გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო". და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განლევენ წუთისოფელს, ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე შეგვწევდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა.

 

მხოლოდ ცხოვრების მძიმე პერიოდებში და უბედურების ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.

 

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: "მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა".

 

„ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა, - ბრძანებს იგი. მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომაც ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, სიყვარულისაგან განძარცვულებმა, თუ არა მას, ვინც დაამტკიცა, რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე? მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის".

 

„ერთ საქმიან ადამიანს უბედურება დაატყდა თავს: მთელი მისი წარმოება ერთ დღეში დაიწვა და განადგურდა. ის სასოწარკვეთილი დაბრუნდა სახლში, დაჯდა მაგიდასთან და მწარედ ატირდა. მისი ქალიშვილის კითხვაზე, თუ რას განიცდიდა ასე ძალიან, მამამ უპასუხა: "შვილო, ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა". გოგონამ უნდოდ შეხედა და უთხრა: "როგორ თუ ყველაფერი დაკარგე, განა მე და დედა შენთან არა ვართ და ეს ცოტაა შენთვის?" კაცი მიხვდა, რომ მწუხარებას აზვიადებდა და შერცხვა შვილის, მუხლი მოიყარა ხატების წინაშე, მადლობა შესწირა უფალს და დამშვიდდა."

 

„დაე, აღორძინდეს სარწმუნოება, სიყვარული და ურთიერთგაგება კაცთა შორის! სუფევდეს ქართველი ერი, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის: "ერთ სულ და ერთ გონება". მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერნი და მტერი ვერას დაგვაკლებს. "ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან" (გრიგოლ ნაზიანზელი).

 

ბრძენი ამბობს: "მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისგან გამდიდრებული."

 

გახსოვდეთ, უფალი მოწყალეა; წმინდანების და პირადად თქვენი ლოცვით მიიღებთ, რასაც წრფელი გულით ითხოვთ. მთავარია, არ დაკარგოთ სასოება, სიყვარული და რწმენა და არ დაივიწყოთ მაცხოვრის სიტყვები: "ითხოვდეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მათე 7,7)".

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი