logo_geo
თეიმურაზ ქორიძე: მამუკა გვარიშვილის წასვლიდან 15 წელი გაფრენილა!
- +

31 ივლისი. 2020. 11:42

 

 

მამუკას წასვლიდან 15 წელი გაფრენილა!

 

როცა მოსწყურდათ ბუერის ფოთლებს...

 

რამდენი ხანია ჩვენ, ყველამ - თამაზმა, თემურმა, გურამმა, თენგიზმა... - ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა. ოღონდ, ერთმანეთს ვერ ვუტყდებოდით, სასწაულს ველოდით.

სასწაული არ მოხდა.

 

იგი არ ყოფილა მოდური პოლიტიკოსი, ან მეცნიერი, ესტრადის ვარსკვლავი, დიდი სპორტსმენი, ან თუნდაც „კოლორიტი“. მასზე არასოდეს წერდა ყოვლისმცოდნე ქართული ყვითელი პრესა. არც სიმდიდრით ან თანამდებობით განებივრებული ყოფილა.

 

და მაინც, მრავალი წლის განმავლობაში იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაცი მთელ საქართველოში.

 

ძნელია თქმა, რატომ. იქნებ იმის გამო, რომ ლიდერად დაიბადა და მის უპირატესობას უხმოდ და უპრეტენზიოდ აღიარებდნენ; ან იმ ის გამო, რომ არასოდეს ფიცხობდა, ყველაფერს გასცემდა და არაფერს თხოულობდა; ან იმის გამო, რომ სტერეოტიპებს არ სცნობდა - ოცი წლისა ათი წლის ბიჭებთანაც მეგობრობდა და სამოცს გადაცილებულ დარბაისელ კაცებთანაც; თეატრში და დუქანში ერთნაირი ხალისით და ინტერესით დადიოდა; სიკეთის დამახსოვრების და წყენის დავიწყების დიდი ნიჭი ჰქონდა; ან იქნებ იმის გამო, დიდი და ტრადიციული ოჯახის წარმომადგენელი რომ იყო...

 

ალბათ, ყველაფერი ამის და კიდევ ბევრი რამის გამო, რაც სიტყვით ვერ ითქმის. თუმცა, ამბობენ ხოლმე კეთილიო, საოცარიო, წრფელიო, ნიჭიერიო, დიდბუნებოვანიო... გულისგულში ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდი კაცობისთვის ყველაფერი ეს ძალიან, ძალიან მცირეა.

 

მამუკა გვარიშვილი დიდი კაცი იყო იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ, უბრალოდ, დიდი კაცი იყო.

 

ახლა იგი აღარ არის. ეს თავზარდამცემი სინამდვილეა. ისიც სინამდვილეა, რომ ჩვენ, ვინც თითქოს ყველაფერი ვიცით ჩვენს სიყრმის მეგობარზე, ვერავის, ჩვენს შვილებს კი არა, ჩვენს თავსაც ვერ ავუხსნით, რატომ იყო მამუკა გვარიშვილი დიდი.

 

იმის ახსნაც არ იქნება იოლი, ეს ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაცი ბოლო წლებში ასე ჯიუტად რატომ ეძებდა სიკვდილს. ვინ იცის, მისი უდრტვინელი წასვლა იქნებ უფუნქციოდ დარჩენილი თაობის პროტესტიც იყოს. უხმო და სასტიკი პროტესტი იმ ადამიანებისთვის თვალის ასახელად, ვისაც თავი უკვდავი ჰგონია და თანამდებობა - მარადიული. ვინც, ოდესმე, უკანასკნელ გზაზე მიმავალი, მამუკა გვარიშვილივით ალალი ცრემლის ზღვას ვერ გაიყოლიებს...

 

ივლისის ბოლოს, როცა „ბუერის ფოთლებს მოსწყურდათ სითბო მისი ტანისა“, ჩვენი მამუკა წავიდა.

 

სანამ ცოცხლები ვართ, ფაქიზად მოვუვლით შენს სიყვარულს ძმაო, მამუკა. მერე კი შენთან მოვალთ შენი ძველი და ერთგული მეგობრები: თამაზ ჩიქვანაია, თეიმურაზ ქორიძე, გურამ გორელიშვილი, თენგო ჩოჩუა, ნანა ურუშაძე, მარინა შარაშიძე...

 

ბოდიშსაც მოგიხდით, კარგად რომ ვერ მოგიარეთ, შენი თავი სიკვდილს ასე იოლად რომ დავანებეთ, სასწაულს ვენდეთ...

  1. 08. 2005 წელი

 

 

big_banner
არქივი