logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: ცურვისაგან განსხვავებით, ფრენა ადამიანს მხოლოდ სიზმარში თუ შეუძლია...
- +

1 აგვისტო. 2020. 00:44

 

 

ფრენისა…

 

დღეს პანდემიის გამო კი არის შეზღუდული ფრენები, მაგრამ ადამიანი უკვე მთელი საუკუნეა, დაფრინავს ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე და თითქმის მთელი საუკუნეა, არცერთ ენას არ ეუცხოება ოდესღაც ისეთი წარმოუდგენელი სიტყვები, რომელთა გამო თუ ძველად ადამიანს კოცონზე არ დაწვავდნენ, სულ მცირე, მთვარეულად ან შერეკილად მაინც შერაცხავდნენ.

 

მხედველობაში მაქვს ისეთი სიტყვები, როგორიცაა:

 

მივფრინავ. გავფრინდი. ჩავფრინდი. გადავფრინდები. და მისთანანი.

 

და ყველამ იცის, რომ აქ თვითმფრინავით, ზოგადად საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა იგულისხმება.

 

დღეს ეს სიტყვები ისეთივე ჩვეულებრივი რამ გახლავთ, როგორიცაა, ვთქვათ:

 

მივდივარ. წავედი. ჩავედი. გადავივლი...

 

მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: რატომ ვერ შეითვისა ენამ ნავით თუ გემით, ზოგადად წყლის ტრანსპორტით მგზავრობის აღმნიშვნელ ტერმინებად ანალოგიური სიტყვები:

 

მივცურავ, გავცურე, მივცურდი, გადავცურავ?

 

ჩემი აზრით, აქ საქმე ის გახლავთ, რომ თუმცა ყველას არა, მაგრამ რაკი ადამიანს ცურვა ბუნებრივად, ყოველგვარი გარეშე მოწყობილობის გარეშე ეხერხება და ეს სიტყვები ტრანსპორტთან მიმართებისგან დამოუკიდებლად ოდითგანვე იხმარება, ენამ ორაზროვნებას თავი აარიდა.

 

ხოლო, ცურვისაგან განსხვავებით, ფრენა ადამიანს მხოლოდ სიზმარში თუ შეუძლია და ამიტომ მივფრინავ-გაფრინდი-ჩავფრინდი და ფრენასთან დაკავშირებული სხვა მსგავსმა სიტყვებმა კოხტად მოირგეს საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების აღნიშვნის ფუნქცია, რაკი პირდაპირი შინაარსისგან თავისუფალი აღმოჩნდნენ.

 

P.S. ეს და ჩემი სხვა ლიბროკუბიკულარისტული ჩანაწერები შეგიძლიათ წაიკითხოთ „ლიტერატურული საქართველოს“ 31 ივლისის ნომერში.

 

 

big_banner
არქივი