logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ბატონო თენგიზ, მე მართლა ბოლომდე ვარ თქვენში შეყვარებული...
- +

3 აგვისტო. 2020. 12:47

 

 

 

ძალიან დილა მშვიდობის!

 

მართლა ძალიან, რადგანაც მე მუხლებზე ასე ლამაზად დაჩოქილი  ნოდარ მგალობლიშვილი  არასდროს არ მინახავს...

 

 რა დააჩოქებდა დიდი მოწიწებისა და  სიყვარულის გარდა?

 

ერთხელ ჯემალიკომ მითხრა - „კაი ბიჭიაო“, ხოდა მეც უბრალოდ დავუჯერე და იმის მერე სულ მჯეროდა ...

 

 და საკუთარ თავზე უფრო მიყვარდა...

 

თენგიზს კი დაეჩოქა იმიტომ, რომ არცერთმა არ იცოდა, ვინ დაასწრებდა ერთმანეთს წასვლაში...

 

ნოდარმა დაასწრო....

 

თენგიზი ღმერთმა შეგვინარჩუნა...

 

ის დაიბადა  ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 3 აგვისტოს  მსოფლიოში, ალბათ, ერთერთი ულამაზესი მამაკაცი...

 

რა ალენ დელონი, რის ალენ დელონი...

 

მარტო ხმის ტემბრი აქვს  ისეთი მამაკაცური, გაგიტაცებს იქ, სადაც ზოგჯერ არც კი ღირს...

 

ბატონი თენგიზი  დღესაც ლამაზი კაცია ყველაფერში, საოცრად ხატავს, მშვენივრად ერკვევა ისტორიაში...

 

ისე ლამაზად დადის ამ დედამიწაზე, არცერთი აუგი სიტყვა არ ეკარება...

 

მე ერთხელ მოვუსმინე მისი ბრწყინვალე შესრულებით  „მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა“  და  საერთოდ აღარავინ არ შემყვარებია ცხოვრებაში იმის მერე...

 

როდესაც ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა, ბატონმა თენგიზმა, რომელმაც მასთან ერთად მთელი ცხოვრება გამოიარა და მის 82 წლისთავზე თამადობას აპირებდა, ბრძანა: „რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… ყველანი წავიდნენ… ახლა ოთარი… მერჩივნა მე წავსულიყავი, ბატონო!" და აი აქ, დღეს მე მინდა ვთქვა, რისი თქმაც მაშინ მინდოდა და ამდენ ხანს  ვერ გავბედე -  „ბატონო თენგიზ, მე მართლა ბოლომდე ვარ თქვენში შეყვარებული... თქვენ არსაკიძეში, თქვენს მუშნი ზარანდიაში, თქვენს თენგიზობაში...

 

 ნაწნავის უკანასნელ გაქიცინებამდე.

 

ვიცი, უამრავი კონკურენტი მყავს და ამიტომ გაუფრთხილდით თავს და დიდხანს იყავით ჩვენს გვერდით, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და სხვისი უფლება უბრალოდ, არა გაქვთ...

 

როგორც შეყვარულმა ქალმა, ამოვიკითხე ისტორია არჩვებზე, განსაკუთრებით ჩვენებურებზე, კავკასიურებზე.

 

ერთი ფრაზა მენიშნა - „არჩვი იშვიათი და მსუბუქი ცხოველია, რომელსაც სჩვევია ცხოვრება ძნელად და ზოგჯერ მხოლოდ მისთვის მისაწვდომ ადგილებში“…

 

საყვარელო ბატონო თენგიზ, თქვენც ასეთი იშვიათი და მსუბუქი ბრძანდებით და თქვენი თავი დიდხანს ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!!!

 

ყველას გისურვებთ ლამაზ და არჩვებიან დღეს!

 


 

 

big_banner
არქივი