logo_geo
რა მოხდა დიდგორის ველზე? რა მანქანებით შეათანხმეს მოქმედება ორასმა მხედარმა, დავითმა და დემეტრემ?
- +

12 აგვისტო. 2020. 14:13

 

 

დიდგორის ომის შესახებ ყველა ქართველმა იცის, რა მოხდა და რით დასრულდა, მაგრამ იმის გასარკვევად, თუ „როგორ მოხდა“, ბევრი დეტალის ცოდნაა საჭირო, რაც ფართო საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, უცნობია. შევეცდები (დილეტანტის დონეზე), მოვიყვანო ზოგიერთი მოსაზრება, რამაც საბოლოოდ განაპირობა ილ-ღაზის უზარმაზარი არმიის შედარებით მცირე ძალებით განადგურება.

 

„შეიცანი მტერი, შეიცანი საკუთარი თავი და ათასობით ბრძოლას დაუმარცხებლად მოიგებ!“ - ეს სიტყვები ჩვენს ერამდე IV საუკუნეში მოღვაწე ჩინელმა სუნ ძიმ თქვა, რომლის კალამსაც ეკუთვნის ცნობილი „ომის ხელოვნება“. დავით აღმაშენებელს სუნ ძის არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, სამაგიეროდ კარგად იცოდა და ნაყოფიერად გამოიყენა ძველი ბერძენი სარდლის – ეპამინონდის (ძვ.წ. 420 – 662 წ.წ.) მიერ შემუშავებული „დიდი ტაქტიკური პრინციპი“, რომლის თანახმად, ძალთა უმეტესობას დარტყმის მთავარ მიმართულებაზე განალაგებდნენ.

 

XV საუკუნემდე, ევროპაშიც კი, არ არსებობდა სამხედრო ხელოვნების უმაღლესი დარგი – სტრატეგია. დავით აღმაშენებელმა კი ჯერ პირად გვარდიაში (მონა-სპა), შემდეგ კი მთელ არმიაში თავისი დროისთვის ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაამკვიდრა ტაქტიკური ერთეულების სისტემა. კერძოდ, ჯარი „დააწყვნა გუარად-გუარად და დაუდგინა სპასალარნი და მმართველნი”. ასეთი სტრუქტურისა და მომზადების არმიას ცენტრალიზებული სარდლობაც შეუქმნა – ამირსპასალარის სახით.

 

გვაქვს ასეთი მოცემულობა: 1121 წლის 12 აგვისტოს თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები და დიღმის ხეობა ეკავა. საქართველოს სამეფოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. არაბი ისტორიკოსის იბნ ალ ასირის ცნობით, როდესაც მოწინააღმდეგენი საომრად განლაგდნენ, საქართველოს ჯარს 200 ყივჩაღი (ამ ფაქტს მოგვიანებით დავუბრუნდები) გამოეყო და მტრისაკენ გაემართა. მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაღებმა მეფეს უღალატეს და შეწყალების სათხოვნელად მოდიანო, ამიტომ ისინი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში, მაგრამ ყივჩაღებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ცხადია, მომხდური რაღაც დროით დაიბნა, რასაც ქართველთა მასირებული შეტევა მოჰყვა ორი მხრიდან — დასავლეთიდან დავითმა შეუტია, ხოლო მთის კალთებიდან — დემეტრე უფლისწულმა. სულ რაღაც 3 საათში მტერი ძლეული იყო და დაიწყო მისი დევნა-დატყვევება.

 

ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენად იყო ეს შესაძლებელი იმ პერიოდში არსებული კომუნიკაციების მეშვეობით. იმისათვის, რომ 200 მხედრის თავგანწირვას შედეგი გამოეღო, საჭირო იყო წუთებში გათვლილი, ორივე სარდლის შეტევის ერთდროული მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულაც რომ დევგმირები ყოფილიყვნენ, ორას მეომარს 100 000-იანი (მით უმეტეს, თუ მეტი იყო) ჯარი რამდენიმე წუთში „გადაყლაპავდა“. დავითსა და დემეტრეს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლოთ მალემსრბოლების მეშვეობით, რომელთა მისვლა-მოსვლას, სულ მცირე, ერთი საათი მაინც დასჭირდებოდა. ვითარებას ართულებდა ჭოგრიტის არარსებობაც.

 

მაშ, რა მოხდა დიდგორის ველზე? რა მანქანებით შეათანხმეს მოქმედება ორასმა მხედარმა, დავითმა და დემეტრემ?

 

საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს თეოლოგი ამირან ლევიძე, რომელიც შეეცადა ამ ამოცანის ამოხსნას და ასეთ დასკვნამდე მივიდა: გელათში, სამხრეთის კედელზე, დღესაც არის ქვა, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, დავითმა ჩამოიტანა. ქვაზე გამოხატული მზის საათი დღესაც მოქმედი და ზუსტია, განსაკუთრებით ზაფხულში. 1121 წლის 12 აგვისტოს კი დიდგორის ველზე პაპანაქება სიცხე იდგა. რატომ არ შეიძლება, რომ დავით მეფეს დროის შესათანხმებლად მზის საათი გამოეყენებინა, რომლის გაკეთება მიწაზეც შეიძლება, თანაც ძალზე მარტივად? ამ გზით ყველას წინასწარ ზუსტად ეცოდინებოდა, როდის, რომელ საათზე დგებოდა მათი მოქმედების დრო. მხოლოდ ამგვარი შეთანხმებული მოქმედებით იმუშავებდა მტრის განადგურების ის სქემა, რომელიც ქართველებმა დიდგორის ომში გამოიყენეს.

 

 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვერსიაა და იმის მტკიცება, გინდა თუ არა, ასე მოხდაო, სულ ცოტა, არასერიოზულია. თუმცა, ვფიქრობ, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს და მისი გამორიცხვა სწორი არ იქნება.

 

ახლა იმ 200 თავდადებულის ამბავს მივუბრუნდები. არაბი ისტორიკოსი (ზოგი სხვაც) მიიჩნევს, რომ ესენი ყივჩაღები იყვნენ, თუმცა, უფრო სარწმუნო მეორე მოსაზრებაა, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ორასი მამაცი უფლისწულმა დემეტრემ გუდამაყრელებისგან შეარჩია. ამირან ლევიძეს ესეც გამოუკვლევია და საქართველოს მთაში შემორჩენილი აფციაურების, წიკლაურების, ჩოხელების გვარის წარმომადგენლები გამოუკითხავს, რომლებიც დღესაც ამტკიცებენ, რომ ის 200 გმირი სწორედ მათი წინაპრები იყვნენ და ამით ამაყობენ კიდეც.

 

 

big_banner
არქივი