logo_geo
33 ქართული ასო ირანის ხიდზე და გამაჰმადიანებული ქართველი სარდლის ისტორია
- +

16 აგვისტო. 2020. 16:04

 

 

ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე ალავერდი-ხანი – გამაჰმადიანებული ქართველი, გვარად უნდილაძე იყო. სპარსეთში მისი მოხვედრის შესახებ ორგვარი ვერსიაა. პირველი ვერსიით – ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს, მეორე ვერსიით კი საქართველოში ნელ–ნელა ხდებოდა უნდილაძეთა გვარის დამცრობა და ბოლოს ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილან, რომ აღარაფერი დარჩენიათ და ალავერდი-ხანი თვითონვე წასულა ირანში კარიერის გასაკეთებლად.

 

თავდაპირველად ალავერდი-ხანს საკმაოდ დაბალი - ოქრომჭედელთა უფროსის ანუ ზარგარბაშის თანამდებობა ეკავა, მაგრამ მალევე იწყება მისი აღმავლობა და ბოლოს ცენტრალური ირანის პროვინციის  – ფარსის ბეგლარბეგი და მოგვიანებით ყულის ჯარის უფროსი ანუ ყულარ აღასი ხდება. როგორც წესი შაჰ აბასი ყველა პროვინციის მმართველს ამოწმებდა, მაგრამ არასდროს უფიქრია ფარსში ჩასვლა, რადგან უსაზღვროდ ენდობოდა უნდილაძეს და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა. ხშირად ამბობდა, სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი უნდილაძეს  ვემორჩილებიო.

 

ალავერდი-ხანი უნდილაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ირანში სამხედრო რეფორმა. მისი ტექნიკური თანაშემწეები იყვნენ ინგლისელი ძმები – ანტონ და რობერტ შერლები, რომლებიც შაჰთან 1598 წლიდან მსახურობდნენ. შაჰ აბას I–ის სამხედრო რეფორმა მიზნად ისახავდა ყიზილბაშთაგან გამოსული ლაშქრის შემცირებას 60 000–დან 30 000-მდე და კარგად გაწვრთნილი არმიის შექმნას. შაჰ აბასის მთელი არმია 120 000 კაცისგან შედგებოდა, აქედან 44 000 იყო მუდმივი ჯარი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 10 000 ღულამისაგან შემდგარი ცხენოსანთა კორპუსიც. შაჰის ძლიერი გვარდია „ყულის ჯარი“ დაკომპლექტებული იყო ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისგან. 1722 წლამდე (ავღანელთა მიერ ირანის დაპყრობამდე) „ყულის ჯარის“ მეთაური ყულარ აღასი წარმოშობით ჩვეულებრივ ქართველი იყო ხოლმე. 1596 წლიდან ალავერდი ირანის ჯარის პირველი ყულარ აღასია.  1598 წელს გადამწყვეტი როლი შეასრულა უზბეკი ტომებისგან ჰერათის განთავისუფლებაში. როგორც სარდალმა, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში (1603-1612 წწ.), 1605 ვანის ტბასთან მომხდარ შეტაკებაში. მისი სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ბაჰრეინისა და  ბაღდადის დაპყრობა.

 

ალავერდი-ხანის მოღვაწეობა მარტო სამხედრო საქმეებით არ შემოიფარგლებოდა. უნდილაძეებს სპარსეთში აშენებული ჰქონდათ ბაზრები, ქარვასლები, სასახლეები, ხიდები, არხები, გზები. მისი დამსახურებაა ისპაჰანში – მაშინდელ დედაქალაქში მდინარე ზაიანდე–რუდზე, რომელიც ქართულად „დედა მდინარეს“ ნიშნავს, ოცდაცამეტთაღიანი ხიდის აშენება. იგი ამჟამადაც  ფუნქციონირებს და ალავერდი-ხანის სახელს ატარებს. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი, ქართული აგურით არის ნაშენი. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი, იგი დაახლოებით 100 მეტრი სიგრძისაა. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი. უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს და თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული.

 

ალავერდი–ხანი უნდილაძის სახელთან ქალაქ შირაზში გრანდიოზული სკოლისა და ქარვასლის მშენებლობაა დაკავშირებული. ცენტრალურ ირანში ძალიან ცუდი გადასასვლელი გზები ყოფილა და ალავერდი–ხანის მეუღლის თაოსნობით გაუყვანიათ გზები. გადმოცემის მიხედვით, უნდილაძეთა მიერ აშენებლ ჩეჰერ სუთუნის სასახლეში, რომელიც ფრესკებით იყო მოხატული, ქართული წარწერები ყოფილა, რომელიც შემდეგ მოუშლიათ, რადგან ირანში ასეთი რამ მიუღებელი იყო.

 

1614 წელს შაჰ აბას I-მა ალავერდი-ხანს საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად უხმო.  უნდილაძემ ავადმყოფობის მომიზეზებით საქართველოში ლაშქრობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ძალიან მალე 1614 წლის 24 მაისს მეშჰედში ალავერდი-ხანი გარდაიცვალა. აბას I ბრძანებით, იგი დიდი პატივით დაკრძალეს. არსებობს ეჭვი, რომ შაჰმა ხანი საქართველოში ლაშქრობაზე უარის თქმის გამო მოაკვლევინა. სხვა ვერსიის მიხედვით, უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა. მამის სიკვდილის შემდეგ ალავერდი-ხანის უფროს შვილს, იმამყული-ხანს ფარსის ბეგლარბეგობა, ხოლო უმცროსს, დაუდ–ხანს ყარაბაღის ბეგლარბეგობა უბოძეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი