logo_geo
„ხმა ქართველი ქალისა“- პირველი ქართული ფემინისტური გამოცემა ქუთაისში და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ისტორია
- +

16 აგვისტო. 2020. 22:42

 

 

„ხმა ქართველი ქალისა“ – ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი იყო, რომელიც 1917-1928 წლებში ქუთაისში გამოდიოდა. გაზეთის რედაქტორი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, ფემინისტი და პუბლიცისტი კატო მიქელაძე. გაზეთს ქუთაისის ქალთა  კლუბი გამოსცემდა.

 

გაზეთი დიდი აღტაცებით მიესალმა 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციას („ილია მურომეცი აღდგა“) და იმედოვნებდა, რომ დადგა თავისუფლებისა და მომავალი ქვეყნის შენების ჟამი. იგი მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ ავტონომიას, რაც, მისი აზრით, აუცილებელი იყო ქვეყნის აღსადგენად და დემოკრატიული მმართველობის დასამყარებლად. კატო მიქელაძე თანაუგრძნობდა სოციალისტ-რევოლუციონერებს, შესაბამისად, გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ მემარცხენე იდეების მიმდევარი იყო, თუმცა, ზოგადად, ქართული პარტიების პოლიტიკური გავლენების მიღმა რჩებოდა და სრულ სარედაქციო თავისუფლებას ინარჩუნებდა. გაზეთის პირველივე ნომერში, 1917 წლის 5 აპრილის სარედაქციო სტატიაში, აღნიშნულია, რომ გაზეთი ყურადღებით მიადევნებს თვალს პარტიათა ქმედებას, მათ ნაკლსა და ღირსებას. ამავდროულად შეეცდება „მათ შორის ატეხილს უთანხმოებაში, ერთი რომელი შემაერთებელი ძაფის გამონახვას და გაბმას“. ამგვარად, გაზეთი კრიტიკული იყო საქართველოში არსებული პარტიების მიმართ, ვინაიდან, მისი აზრით, ვერც ერთი პარტიული პროგრამა ვერ ასახავდა და იტევდა იმ საზოგადოებრივ და მოქალაქეობრივ ინტერესებს, რომლებსაც ესწრაფოდა გამოცემა.

 

„ხმა ქართველი ქალისა“ უმთავრეს მიზნად აცხადებდა „დაქსაქსულ ქალთა ძალის“ გაერთიანებას ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქალთა უფლებების დაცვას, „ბრძოლას ქალის „ადამიანური პიროვნების აღდგენისათვის და სამშობლოს უფლებისათვის“. გაზეთი მოითხოვდა ქალის პოლიტიკური უფლებების აღდგენას, მის მამაკაცთან უფლებრივ გათანაბრებას, ქალთა საარჩევნო ხმის უფლების დაკანონებას და მის მონაწილეობას საკანონმდებლო საქმიანობასა და თვიმმართველობაში, ასევე, სახელფასო ანაზღაურების თანასწორობას თანაბარი შრომისათვის, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სქესობრივი პრივილეგიის გაუქმებას, ორივე სქესის თანაბარი განათლების უფლებას და სხვა.

 

ყველა ნომერს გასდევს ქალთა უფლებების გამომხატველი და მათი გაერთიანების იდეის შემცველი მოწოდებები : „სრული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ქალებს“, „გაუმარჯოს ქალთა სოლიდარობას“. „ქალებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით“, დევიზი – „თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა!“ საგაზეთო პუბლიკაციები ასახავდა და ეხმიანებოდა საქართველოში მიმდინარე თუ საერთაშორისო საზოგადოებრივ – პოლიტიკურ მოვლენებს და უმთავრესად,ფემინისტური თვალთახედვით განიხილავდა მათ. ეს მოვლენებია: პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული საერთაშორისო ამბები, კავკასიისა და საქართველოს რეგიონული მოვლენები, გაზეთი ერთგვარ განმანათლებლად ევლინება მკითხველს და პერმანენტულ დიალოგს მართავს მასთან ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: ტერიტორიული ავტონომიის საკითხი, ეროვნული დამოუკიდებლობის მნიშვნელობა ქვეყნის არსებობისათვის, სიტყვის თავისუფლება, ქართული ენის როლი ქვეყნის განვითარებისათვის. შემეცნებით და ინფორმაციულ მიზნებს ისახავს ცალკეულ პუბლიკაციებში საუბარი დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციის, განათლების მნიშვნელობის შესახებ,სოციალური თანასწორობის იდეები და სხვა.

 

გაზეთს ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც ოპერატიულად აწვდის მკითხველს. პუბლიცისტთა განსჯის არეალში ექცევა როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე ამბები. გაზეთი დიდი სიხარულით მიესალმა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და აღტაცების გამომხატველი არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა მას. გამოცემა აკრიტიკებს მენშევიკებს იმის გამო, რომ ქალთა ორგანიზაციებს არ ჰყავდათ სეიმში თავიანთი წარმომადგენლები, თუმცა თავადაც არ წამოუყენებიათ კანდიდატები, რასაც ბოლშევიკურ პრაქტიკად მიიჩნევს. გაზეთის აზრით, არც მთავრობის წევრი სოციალისტები იცავენ საკმარისად ქალთა უფლებებს („ამიერკავკასიის სეიმი“). „ხმა ქართველი ქალისა“ გვთავაზობს თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვან პუბლიკაციებს ყველა საჭირბოროტო თემაზე. საგანმანათლებლო ამოცანებს ისახავს სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის არსისა და მნიშვნელობის ამსახველი შემეცნებითი სტატიები, წერილები ზნეობისა და პედაგოგიკის საკითხებზე და სხვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი