logo_geo
როგორ იქცა ექვთიმე თაყაიშვილი მოძრავ ინსტიტუტად
- +

30 აგვისტო. 2020. 21:01

 

 

 

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების დღიურიდან ამ დიდ მეცნიერზე ბევრ რამეს გაიგებთ.

 

 

კონსტანტინე გამსახურდია:

 

 

„აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გაიცანი 1918 წელს. იგი ისე მეგობრულად მექცეოდა, თითქოს მე მისი თანატოლი ვყოფილიყავი. მთავრობის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ წლებში საჯაროდ იქცა, მის განკარგულებაში იყო. ექვთიმე თავად ეძებდა ჩემთვის საქართველოს, სომხეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ანალებს. იგი დაბეჯითებით მირჩევდა, ქართული ქრონიკები საფუძვლიანად შემესწავლა და მათთვის პოეტური ეკვივალენტები შემექმნა... 1923 წელს პარიზში ვინახულე ექვთიმე თაყაიშვილი, ხანგრძლივად მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გამო. ცნობილია, ე. თაყაიშვილი 1921 წელს თან გაჰყვა მენშევიკების მიერ წაღებულს საქართველოს სიძველეთა საგანძურს და ცერბერივით დარაჯობდა მას მრავალი წლის მანძილზე. იმ წელს ბარე რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი პარიზულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იმ ხანებში „დიონისოს ღიმილს“ ვწერდი, თანაც აღმოსავლეთის ისტორიას ვსწავლობდი, მაგრამ ჯერ არც მქონდა კონკრეტულად განზრახული, რაიმე დამეწერა ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის. წლის ბოლოს მე ტოკიოში მიწვევდნენ გერმანული ლიტერატურის კათედრის დასაკავებლად. ბოლოს მდგომარეობამ მოითხოვა ჩემგან სამშობლოში დაბრუნება და ერთ საღამოს უკანასკნელად ვეწვიე ექვთიმეს. მან გაიხარა, ჩემი განზრახვა რა გაიგო. „შენისთანა ახალგაზრდა რომ ვიყვე (და აქ მან სიტყვა ტალანტი ახსენა) და შენისთანა ტალანტი რომ გამაჩნდეს, მე დაუყოვნებლივ წავიდოდი და საქართველოს შევალევდი ჩემს ძალასა და სიცოცხლეს, ხომ ხედავ, რა განსაცდელშია ჩვენი ხალხის უძვირფასესი საგანძურები, სანამდის პირში სული მიდგას, მე მათ უნდა ვუდარაჯო აქ“.

 

 

აკაკი შანიძე:

 

 

„...ექვთიმე თაყაიშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ 1889 წელს აღმოაჩინა მნიშვნელოვანი ძეგლი ახალქალაქში, ხაშურის ახლოს, ეს იყო პარხლის ოთხთავი, იოანე ბერის მიერ გადაწერილი მეათე საუკუნეში და ცნობები ამ ხელნაწერის შესახებ მან დაბეჭდა მომდევნო წელს „სამ ისტორიულ ხრონიკაში. ეს ოთხთავი 1922 წელს შემთხვევით გადაურჩა საქართველოდან უცხოეთში გადატანას. გერმანიის კონსულმა ფონ ვეზენდოკმა, რომლისთვისაც შესაძენად შეეძლიათ იგი, მოიტანა ეს ხელნაწერი უნივერსიტეტის მუზეუმში იმის გასარკვევად, თუ რას წარმოადგენდა და ღირდა თუ არა მისი შეძენა. ამ დროს იქ შევესწარით კორნელი კეკელიძე და მე. ჩვენ ავუხსენით კონსულს, რომ მაგ ხელნაწერს, რომელიც კარგად ცნობილია ლიტერატურაში, დიდი ხანია ვეძებთ და ვერ გვიპოვიაო. კონსულმა ამის შემდეგ იუხერხულა ხელნაწერის შეძენა და იმ კაცს, რომელსაც ეს წიგნი თავისად მიაჩნდა, მეტი გზა არა ჰქონდა, რომ ხელნაწერი არ დაეთმო უნივერსიტეტის წიგნთსაცავისთვის. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან ჩვენი მამა-პაპების მიერ შექმნილი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები, თუ ფხიზლად არ ვიქნებით. ექვთიმე თაყაიშვილი სულ წინ-წინ მიდიოდა ერთხელ არჩეული გზით. შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო მოძრავი ინსტიტუტი, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო შემოიარა, ზოგჯერ მარტომ, ზოგჯერ თანამშრომლების თანხლებით და შეკრიბა უტყუარი ცნობები უამრავი ისტორიული ძეგლების შესახებ, არქიტექტურულ ნაგებობათა, ხელნაწერებისა და საეკლესიო ნივთებისა, წარწერებისა, კედლის მხატვრობისა და სხვათა შესახებ. არქეოლოგიაო, რომ ამბობენ, ამჟამად იგი გვესმის ისეთ მეცნიერებად, რომელიც სწავლობს და იკვლევს გათხრების გზით მოპოვებულ ნივთებს და არკვევს ძველი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, მაგრამ წინათ არქეოლოგიად მიაჩნდათ ცნობების შეკრა მიწის ზედაპირზე მდგომ ეკლესია-მონასტრებში თუ ციხეებსა და სახლებში შემონახული ძველი ნივთებისა და საისტორიო მასალების შესახებ. ე. თაყაიშვილს გათხრებიც უწარმოებია, მაგრამ იგი უმეტესად არქეოლოგი იყო ძველებური გაგებით, მან რამდენიმე არქეოლოგიური ექსკურსია და მოგზაურობა მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: 1902 წელს იგი იყო კოლა-ოლთისში, 1910 წელს – ლეჩხუმ-სვანეთში, 1917 წელს – სამხრეთ საქართველოს პროვინციებში, რომლებიც ადრე ოსმალეთს ეკავა და პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის ჯარებმა დაიპყრო. 1919 წელს მან იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. სად არ ყოფილა ექვთიმე: სამეგრელო და ზემო იმერეთი, ზემო თუ ქვემო ქართლის კუთხეები, თეთრი წყაროს მიდამოები, ახალციხისა და ახალქალაქის რაიონები, კახეთი და სხვა: სულ დავლილი აქვს და შესწავლილი იქაური ეკლესია-მონასტრები და სხვა საისტორიო ძეგლები, ციხე-კოშკები და სხვა. ნანახი აქვს იმ დროს იქ დაცული ხელნაწერები, წარწერები, თვით ხუროთმოძღვრების ძეგლები – გადმოხატული და გადმოღებული ფოტოგრაფიულად და შესრულებული ანაზომების მხრივ. ე. თაყაიშვილი რომ არა, განა ჩვენამდის მოაღწევდა ისეთი ძვირფასი „ხელმწიფის კარის გარიგება“? რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა იგი იპოვა ქართლში მოგზაურობის დროს ერთ ოჯახში და ამოიღო ნაგვიდან, რომელიც მის თვალწინ გამოგავეს ოთახიდან.

 

გესმის, მსმენელო?! ნაგვისთვის უნდა გაეყოლებინათ უძვირფასესი ხელნაწერი! ეს ძეგლი მერმე თვით ექვთიმე თაყაიშვილმა შეისწავლა და გამოსცა სათანადო შენიშვნებითურთ... „ქართლის მოქცევის“ ტექსტი მან გამოსცა მეათე საუკუნის ხელნაწერის მიხედვით, ეგრეთ წოდებული, „შატბერდის კრებულისა“. ამას უნდა დავსძინოთ „სუმბატ დავითის ძის ქრონიკის“ გამოცემა, აგრეთვე „ხელმწიფის კარის გარიგების“ ტექსტის გამოცემა და სხვა. სალიტერატურო ძეგლებიდან აღსანიშნავია „ბალავარიანის“ გამოცემა 1895 წელს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ თაყაიშვილის მიერ გამოცემული: „კათალიკოს-ბაქარიანი“, „მელის წიგნი“, „თიმსარიანი“ და სხვა. წარწერა რამდენი გამოსცა ბატონმა ექვთიმემ, ამას ხომ ვერ მოსთვლის კაცი1 საკმარისია დავასახელოთ, მაგალითად, ხუთ წიგნად რუსულ ენაზე გამოსული „Археологические экскурсии, разыскания и заметки “. აგრეთვე, მისი „არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები იმერეთსა და სამეგრელოში“ ქართულად, აგრეთვე „ექსპედიციის შედეგები სამხრეთ საქართველოს პროვინციებში“, რომელიც მან 1917 წელს მოაწყო... 1928 წელს გიორგი ახვლედიანი და მე ვიყავით ინგლისში, სადაც აგვისტოს ბოლოს, ოქსფორდში მოეწყო ორიენტალისტთა მე-17 საეკრთაშორისო კონგრესი, რომელზედაც ჩვენ წავიკითხეთ მოხსენებანი. სამშობლოში დაბრუნებისას გამოვიარეთ საფრანგეთზე და პარიზის ერთ კაფეში ვნახეთ ჩვენი ძვირფასი ექვთიმე. გადავკოცნეთ ერთმანეთი და ტკბილად ვისაუბრეთ, ბატონმა ექვთიმემ გვთხოვა, როგორმე მოგვეხერხებინა სამუზეუმო ნივთების დაბრუნება საქართველოში. ჩემი მეორე სიკვდილი იქნებაო, გვითხრა მან ცრემლებით, რომ ეს ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდესო. ამ ნივთებს ბევრი ეპოტინებოდა, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილი ფხიზლად იცავდა მათ. მათი დაბრუნება მხლოდ 1945 წელს მოხერხდა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი დე-გოლი მოსკოვს ეწვია და იოსებ სტალიმნა იგი დაითანხმა, რომ ჩვენი ეროვნული განძი დაებრუნებინა. ექვთიმე თაყაიშვილი თან წამოჰყვა ამ განძს კაიროზე გამოვლით...“

 

 

ლადო გუდიაშვილი:

 

 

„უზომო სიყვარულისა და სიხარულის გრძნობით ვიგონებ ბატონ ექვთიმესთან მუშაობის დროს... მე და მიხეილ ჭიაურელი დავფოფხავდით ამ ძეგლებზე, მათ ნანგრევთა კედლებზე, იქვე ჩვენ ახლოს იდგა ექვთიმე და გაფაციცებით მოგვძახოდა:

 

 

– ყმაწვილებო! კარგად დააცქერდით ქორონიკონებს! თარიღის აღმნიშვნელ ასოებს, ზუსტად ამოიკითხეთ ყოველი მათგანი! – თვითონაც როგორც „ქორონიკონი“ იდგა, დურბინდით ათვალიერებდა ამ ნიშნებს და გვკითხავდა, ? მიშა, ლადო, ახლოს მიდით წარწერებთან, სათითაოდ მიკარნახეთ! – ჩვენ წარწერებთან უფრო ახლო, უფრო გაბედულად მივფოფხდებოდით, ხმამაღლა ვუმეორებდით ყოველ ნიშანს და ვერ წარმოიდგენთ, როგორ აღფრთოვანდებოდა, როცა ჩვენი ნათქვამი მის მიერ ნავარაუდებს დაემთხვეოდა. მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წარწერების წაკითხვის შეუდარებელი უნარი. უმრავლესობას იქვე, გადმოღებისთანავე, კითხულობდა, ზოგს უფრო რთულს, სადგომში მისვლისას. ჩვენ, ახალგაზრდები, ვისვენებდით, იგი კი უჯდა საქმეებს, ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია ნაპოვნი რამ ამოუკითხავი. თუ რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, ხოლო აქ ყველაფერი ახალი იყო, დღისით იქნებოდა ძეგლზე თუ ღამით, დასვენებისას... ახალგაზრდულად წამოვარდებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა, აღფრთოვანებით შესძახებდა: აღმოჩენაა!.. ახალი აღმოჩენა!.. აღარც ჩვენ ვიზოგავდით თავს. ვცოცავდით კლდეებსა და დანგრეულ კედლებზე, ვიღებდით, ვიწერდით, ვხატავდით, ვეგულისხმებოდით ყველაზე უფრო „ექვთიმეს სამყაროს“. მცოცავთა შორის ყველაზე „აკრობატი“ ილია ზდანევიჩი გამოდგა; ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღალავი დავით შევარდნაძე იყო... ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კედლის მხატვრობის კარგი მცოდნე. კეთილი მექართულე და ქართული ძეგლების მოტრფიალეც. ჩემი ექსპედიციაში წაყვანაც, სწორედ დავით შევარდნაძის მეშვეობით მოხდა. ყველაზე ხალისიანი და მუდამ დაუცხრომელი ხომ მიხეილ ჭიაურელი იყო. ერთხელ მახსოვს, ჩუმად მინარეთზე აძვრა და „მრევლი“ უდროო დროს „დალოცა“...

 

 

ვახტანგ ბერიძე:

 

 

„ვისაც საქმე აქვს საქართველოს წარსულთან, მის ისტორიასთან, მწერლობასთან, ნივთიერ კულტურასთან, ხელოვნებასთან, ის თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე ხვდება თაყაიშვილის სახელს და შემდეგაც ფეხს ვერ წაადგამს მისი ნაშრომების მოუხმობლად. ძნელი წარმოსადგენიც არის, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა იმდენი რამ გაეკეთებინა, რამდენიც მან გააკეთა, როგორც მკვლევარმა, სიძველეთა შემკრებმა და მომვლელმა, საბუთების გამომცემელმა, მეცნიერების ორგანიზატორმა, საზოგადო მოღვაწემ.

მე გულისფანცქალით შევედი მის ოთახში. კორნელი კეკელიძე და გიორგი ახვლედიანი მოვიდნენ. გადაგვეხვია, დიდხანს გვკოცნიდა...

 

 

საარაკოა ჩვენი გადარჩენა, საარაკო... რამდენი რამე გადავიტანეთ, რამდენჯერ დაღუპული მეგონა ყველაფერი. განსაკუთრებით ომი რომ დაიწყო, მის შემდეგ, ეს იყო მისი პირველი სიტყვები. მეორე დღესვე ესტუმრა საქართველოს მუზეუმს არმაზში აღმოჩენილი ნივთების სანახავად. მთელი მუზეუმი ფეხზე იდგა. ყველანი გაფაციცებით უსმენდნენ. ზოგს ცრემლები მორეოდა. ბატონი ექვთიმე ჩამოსვლისთანავე ჩაერთო აქტიურ საქმიანობაში. ყველაფერი წინანდებურად აინტერესებდა, ყველაფერი ახსოვდა – ყოველი წვრილმანი. რა თქმა უნდა, ქართულ სიძველეთა დაბრუნება და ბატონი ექვთიმეს ჩამოსვლა უმთავრესი სასაუბრო თემათაგანი იყო საზოგადოებაში. ბუნებრივია, მეცნიერი ძალიან პოპულარული გახდა, მის ნახვასა და მოსმენას ყველა ნატრობდა. ამიტომაც, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარბაზში დაინიშნა მისი საჯარო ლექცია. გადავწყვიტე, ადრე მივალ-მეთქი, მაგრამ აკადემიის შენობას რომ მიყუახლოვდი, ქუჩა უკვე სავსე იყო ხალხით. შენობაში ვეღარ შეხვიდოდი – კიბე, დერეფნები, დარბაზი სავსე იყო. ძალიან დავღონდი, რაკი დარბაზში შეღწევის იმედი არ მქონდა. სწორედ ამ დროს ჩემს წინ გაჩერდა ბატონი ექვთიმეს მანქანა. სწრაფად გავაღე მანქანის კარი, ფრთხილად გადმოვიყვანე, მკლავი მკლავში გამოვდე და ასე გავემართეთ კიბისკენ. ხალხმა გზა მოგვცა და ნელ-ნელა ავაღწიეთ დარბაზამდე. იგი პრეზიდიუმში ავიყვანეთ, მეც გვერდით მივუჯექი – სანამ ლექციებს დაიწყებს, იქნებ რამე დასჭირდეს-მეთქი, მაგრამ ლექციის დაწყება შეუძლებელი იყო: დარბაზში გაიჭედა, დერეფნებში დარჩენილებიც ცდილობდნენ შემოსვლას, საშინელი ხმაური იყო. იმ დღეს ლექციის ჩატარება აღარ მოხერხდა, მეორე დღისთვის გადაიდო და კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა. (წყარო: გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები, თბილისი, 2008)“.

 

 

 

ეკა პატარაია

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი