logo_geo
როგორ ჩამოაყალიბა ბერიამ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა სუპერგუნდი
- +

31 აგვისტო. 2020. 21:13

 

 

ლავრენტი ბერია იმ ადამიანთა იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისზეც ბობოქარი მე–20 საუკუნის ყველაზე მძლავრმა ქარტეხილებმა გადაიარეს. მის მიერ გაკეთებულმა ბევრმა საქმემ გარკვეული გავლენა მქახდინა მსოფლიოზე, მის მიერ შექმნილ სამსახურებს კი დღემდე აქტიურად იყენებენ მავანნი, ისტორიის დოქტორი ზოია ვოსკრესენსკაია წერს: „ბერიამ რომ მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. მართალია, მას ზოგი „შავ, ბოროტ კვალს“ უწოდებს, მაგრამ ესაა მხოლოდ და მხოლოდ შავი პიარი და მეტი არაფერი. ბერია, ისევე როგორც სტალინი, როგორც ჩერჩილი და რუზველტი პირობითი კეთილისა და ბოროტის მიღმა იდგა და კაცობრიულ პლანეტარულ საქმეს აკეთებდა, ხოლო ასეთი საქმის კეთებას პირობითად როგორც სიკეთის, ასევე ბოროტების ელემენტებიც ახლავს თან. საერთო ჯამში კი, ისე გამოვიდა, რომ ბერია კაცობრიულ სიკეთეს ემსახურებოდა და ეს ცალსახაა. მან ხომ სტალინთან უნისონში კაცობრიული ბოროტება დაამარცხა და ესაც საკმარისია მისი პიროვნების თვისობრიობის განსაზღვრისთვის.

 

უტრირების გარეშე რომ ვთქვათ, ლავრენტი ბერია პიროვნულად კეთილგანწყობილი, თუმცა ძლაიან პრინციპული და ზოგ შემთხვევაში, დაუნდობელი, სასტიკი ადამიანი იყო. მას საღად განსჯის უნიკალური უნარი ჰქონდა და შესაშური ანალიტიკოსი იყო და კიდევ, ბევრად უკეთესი ჩახლართული კომბინაციების შემოქმედი, რომლის ყველა სათავე მხოლოდ მას ეპყრა ხელთ და მხოლოდ მან იცოდა ამ კომბინაციის ჭეშმარიტი, საბოლოო მიზანი. მარტო ის რად ღირს, რომ ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ ფანმა ლავრენტი ბერიამ თავისი საყვარელი გუნდი დიდოსტატისთვის დამახასიათებელი გონიერებით ისე ააღორძინა, რომ ყველაზე ეშმაკი და ჭკვიანი ადამიანებიც კი ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა.

ბერიამ თბილისის „დინამოს“ სტადიონის მშენებლობისთვის თანხები საკავშირო ბიუჯეტიდან მიიღო და ეს ძალიან ოსტატურად გააკეთა. ლავრენტი პავლოვიჩმა იყო რა საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, საკავშირო საგეგმო-საბიუჯეტო კომიტეტში ჩაიტანა თბილისისთვის საჭირო დაწესებულებათა მშენებლობის კომპლექსური გეგმა. მასში პრიორიტეტული ადგილი ეკავა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის, „იმელის“, შენობას, რომელიც პარტიული და საბჭოთა კადრების აღსაზრდელად იყო საჭირო და მასზე თანხებს ცენტრალური ბიუჯეტი არ ზოგავდა. ამ გეგმაში იყო ჩასმული „დინამოს“ სტადიონი, რომელიც საბჭოთა პროლეტარული კონტინგენტის სპორტული წვრთნისთვის საჭირო ობიექტად მოიხსენიებოდა. სახელმწიფო ცირკი, როგორც მასების კულტურული განათლებისა და დასვენების კერა და ეგრეთ წოდებული, „თერთმეტსართულიანი“ მაღლივი საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც, ასევე, საბჭოთა-პარტიული კადრების საჭიროებისთვის მოიაზრებოდა. სინამდვილეში კი ბერიამ ამ ეშმაკური კომბინაციით „საბჭოთა პარტიული“ ცნებების გამოყენებით, თბილისს აუშენა საუკეთესო საფეხბურთო მოედანი, უზადო საცირკო არენა და იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი. სწორედ, ასეთი ეშმაკობით „ააფცქვნა“ ბერიამ მოსკოვს დიდი საბიუჯეტო თანხები და თავის სამშობლოს მოწინავე ობიექტები აჩუქა. ეს ისტორია იმ რუსული ზღაპრის მსგავსია, რომელშიც მოხერხებულმა ჯარისკაცმა უგემრიელესი „ნალის შეჭამანდი“ მოამზადა. როგორც ნალი იყო იმ ზღაპარში მთავარი, ასეთივე მთავარი იყო ბერიას კომბინაციაში „იმელის“ შენობა. რაკიღა შესაშური სტადიონი ააშენა, ბერიამ ასეთივე დონის გუნდის ჩამოყალიბებაშიც შეიტანა ლომის წილი და თბილისის „დინამოს“ ისეთი საფეხბურთო კოლოექტივი შექმნა, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოში ტოლს არავის უდებდა. მარტო ლეგენდარული ბორის პაიჭაძე რად ღირდა, რომელზეც საბჭოთა კავშირის საუკეთესო გუნდები ნადირობდნენ – ბევრს უნდოდა, რომ ეს ვირტუოზი დიდოსტატი თავის გუნდში გადაებირებინა. ყველაზე ძლიერი, გავლენიანი გადამბირებელი თავად ვასილი სტალინი იყო. ის „ცეესკას“ (სამხედროებს) პატრონობდა. საუკეთესო საბჭოთა ფეხბურთელები ჰყავდა შეკრებილი და ამ ანსამბლს მხოლოდ ბორის პაიჭაძე აკლდა. ბელადის ვაჟი საიდუმლოდ, ბერიასგან მალულად ჩავიდა თბილისში, რომ პაიჭაძე გადაებირებინა. იმ დროს ბერია მოსკოვში იმყოფებოდა საქმეებზე და ვასილის თბილისში ვოიაჟის შესახებ იქ შეატყობინეს. მაშინ ბერიამ საქმეები გადადო. აეროდრომზე გავარდა, პირადი თვითმფრინავით თბილისში ჩამოვიდა, შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში მყოფ ვასილი სტალინს გამოეცხადა და გასაგებად უთხრა: „ტყუილად ირჯებით, ვასილი იოსებოვიჩ, პაიჭაძე არ იყიდება...“ ბელადის გაწბილებული ვაჟი იძულებული გახდა უკან დაეხია. დიდუბის აეროდრომზე გაჩერებულ პირად თვითმფრინავში ჩაჯდა და თავიდანვე ჩაიყვანა მოსკოვში...“

ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ ბერიამ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგა. მან სახელმწიფო მოხელეებს, ფაქტობრივად, აუკრძალა თამბაქოს მოხმარება. მილიციასა და „ჩეკაში“ სპორტსმენ, ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღ ადამიანებს იღებდნენ და მთავარი ისაა, რომ ამ კონტინგენტის ნარჩევი ხალხის 60 პროცენტი ქართველები იყვნენ.

 

ნიკა ლაშაური

 

 

big_banner
არქივი