logo_geo
მერაბ ბერძენიშვილის „პირველი წამება“
- +

1 სექტემბერი. 2020. 02:52

 

 

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი თავის მოგონებებში წერდა: “როცა ფიზიკურად გარდავიცვლები, ჩემს სულიერ ცხოვრებას ჩემი ქანდაკებები გააგრძელებენ.”

 

“არტ ინფო” გთავაზობთ მერაბ ბერძენიშვილის მოგონებას დავით გურამიშვილის ძეგლთან დაკავშირებით, რომელსაც მან „პირველი წამება“ უწოდა:

 

“კულტურის სამინისტრომ დავით გურამიშვილის ძეგლი დამიკვეთა. მე იგი შევასრულე. ნამუშევარს მოწონება ხვდა სპეციალისტთა შორის. შემდეგ კი ქალაქში დასადგმელად მივიღე დაკვეთა. ესკიზი სამი თვის განმავლობაში ხან სად იყო გამოფენილი და ხან – სად. საბოლოოდ იგი დამტკიცდა.

 

ის იყო, მუშაობას უნდა შევდგომოდი, რომ ამბავი მომივიდა, მოქანდაკეები წერილებს წერენ ზემდგომ ორგანოებში, რათა კონკურსი იყოსო. მართლაც ასე მოხდა. კონკურსში მე არ მიმიღია მონაწილეობა. ვერაფერი შეარჩიეს და კვლავ მე შემომთავაზეს საქმის გაგრძელება. სახელოსნოს გარეშე ძალზე მიჭირდა. სახელდახელოდ გაკეთებულ სახელოსნოში ვიყავი დილიდან საღამომდე. ზოგჯერ ღამითაც იქ ვრჩებოდი.

 

ძეგლი კომისიამ მიიღო და გაიგზავნა ქალაქ ლენინგრადში ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც აიკრძალა ბრინჯაოში ქანდაკებების ჩამოსხმა. საშინელ დღეში ვიყავი. ლენინგრადში კვლავ კომისიას უნდა ენახა იგი, რათა გამოეყო ბრინჯაო. კომისიის თავმჯდომარეს ჩემი ნამუშევარი არ მოეწონა და ბრინჯაოზე უარი თქვა.

 

მაშინ მე ავიღე სიტყვა. მოვახსენე: „თქვენ გსურთ, რომ მთელმა საბჭოთა კავშირმა თქვენი მანტიის ქვეშ იმუშაოს (?!), რაც დაუშვებლად მიმაჩნია. ეს ქართული ქანდაკებაა და არა თქვენებური“.

 

იგი საოცრად გაწიწმატდა, როცა სიტყვა „თქვენებური“ გაიგონა. მე ისიც ვუთხარი, რომ თქვენ რუსეთსაც მოახვიეთ თავზე „თქვენებური“-მეთქი. რას ვგულისხმობდი ამაში, ყველას კარგად ესმოდა და, ამავე დროს, მისგან მართლაც გამწარებულებს, მაინც სიამოვნებდათ ეს სიტყვები.

 

– თქვენ სად გინახავთ ასეთი ქართველი? – მკითხა მან.

 

– მე ქართულ ქანდაკებებს ვაკეთებ და არა იმ ქართველებს, რომლებსაც თქვენ იცნობთ მოსკოვში, ცხვირიღა რომ შერჩენია ქართული.

 

იგი ადგა, უეცრად პალტო მოართვეს და ყველას დაემშვიდობა. იქ დარჩენილებმა იმსჯელეს და თუჯი გამომიყვეს ჩამოსასხმელად. გართულდა საქმე. ზედმეტი მუშაობა არავის უნდოდა. ერთი სომეხი მუშა – ხაჩიკა შეეჩვია ჩემგან პატივისცემას, მივიდოდა და საჰაერო მოტორს გამოთიშავდა, მოიმიზეზებდა, ცოლი მყავს ავადო, ან მოტორს რაღაცას დააბრალებდა. მეც სასწრაფოდ მინდორზე სახელდახელოდ პურ-მარილს გავუშლიდი და მოტორიც იმწამსვე აგუგუნდებოდა. ვფიქრობ, მას არასოდეს ჰქონია ასეთი გემრიელი სამუშაო.

 

ქვის მუშები, რომლებიც ძირს ქვაფენილს აგებდნენ, ბერძნები იყვნენ. მე მათ საბერძნეთის ისტორიაზე, ცნობილ ქვისმთლელებსა და მოქანდაკეებზე ველაპარაკებოდი, ვუქებდი ხელობას და საღამოს მართლაც ვუმასპინძლდებოდი. დიდ პატივს მცემდნენ, ზოგჯერ დასვენების დღეებშიაც მოდიოდნენ სამუშაოდ.

 

უეცრად ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე მოვიდა. მან ქანდაკებას შეავლო თვალი და იკითხა: კაბა რატომ აცვიაო. უთხრეს, აუხსნეს ყველაფერი, მაგრამ მისი განკარგულებით მეორე დღეს სამუშაოზე არავინ გამოცხადდა.

 

ჩამოსხმული ქანდაკება ჩამოვიტანე თბილისში. აქ აღარავის ახსოვდა მის შესახებ რამე. მე იგი სპილენძით დავაფარინე. ქანდაკება 1960 წლიდან 1965 წლამდე დიდუბეში („იუჟნი პარკი“) პერონზე ეგდო. დღესაც იქ ეგდებოდა, მე რომ არ მემოქმედა. ძალზე დიდ რისკზე მივდიოდი. უტილიტარულ ქანდაკებებს მიჩვეულთ ვუდგამდი ქართულ ქანდაკებას. დიდი წინააღმდეგობები მეღობებოდა.

 

რამდენიმე მაგალითს მოვიყვან და თვითონ წარმოიდგინეთ, ვისთან მქონდა საქმე: ოთხი წლის შემდეგ ვნახე, წინსვლა არ ეტყობოდა საქმეს. დაპირებების, ტყუილისა და ტრაბახის მეტი არაფერი მესმოდა. ზოგი ამბობდა – მასალა არ არისო, ზოგი – რა დროს ეგ არის და ზოგმაც ზემდგომ ორგანოებში წერილის დაწერაც მოახერხა:

 

– როგორ შეიძლება ქაშუეთის წინ ქანდაკების დადგმა და, თანაც ბერსა ჰგავსო.

 

პასუხისმგებელ ამხანაგებს არ ეჭაშნიკათ ეს, ამ ადგილისათვის შესრულებულ ქანდაკებას ახალი ადგილი მოუძებნეთო, ბრძანეს, და, ბოლოს, როგორც იქნა, ადგილი მოიძებნა. ახლა ქვა არ იყო.

 

ბევრი წვალების შემდეგ ესეც ჩემს თავზე ავიღე. ბოლნისში ქვის კარიერებია, სადაც კოლმეურნეობები ამზადებდნენ ქვას. მე მათ ნაღდ ანგარიშზე მოველაპარაკე. რამდენიმე კვირა და ქვაც დამზადდა. ქანდაკებისა და კვარცხლბეკის დაყენება ინჟმშენის უფროსს ჰქონდა დავალებული. იგი შესანიშნავად მეპყრობოდა. ცდილობდა, დამხმარებოდა. როგორც იქნა, კვარცხლბეკის ქვა იშოვა, საქმესაც შეუდგა, მაგრამ წინ დასაგები ქვაფენილი არ ჰქონდა. ისიც მე დავამზადებინე ბოლნისში და დილაადრიან მოვახსენე:

 

– მივდივარ, რათა ვნახო, მზად არის თუ არა-მეთქი.

 

იგი შეწუხდა, რატომ იხარჯები, როგორმე ვიშოვითო. „როგორმე“ მე ხელს არ მაძლევდა. დრო დღეს ყველაფერს ნიშნავს, ამიტომ საღამოს მოვალ და მოგახსენებ, თუ მზადაა, მანქანებით დამეხმარებით-მეთქი. სიამოვნებით დამთანხმდა. საღამო ჟამს მის კაბინეტს მივადექი. არ დამხვდა. ბევრი ვიცადე და, ალბათ, აღარ მოვაო, მდივანმა მითხრა. გადავწყვიტე, ყველაფერი ეს მეამბნა მისი მოადგილისათვის, რათა იმ დღესვე გაეცათ ბრძანება მანქანებისათვის, თორემ გვიანდებოდა, მეორე დღეს ბოლნისში გველოდნენ.

 

– შეიძლება?!

 

– რა გინდაო, – სახით მაგრძნობინა. ახალგაზრდა კაცი იყო, ყოყლოჩინა ჩანდა. მე დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, ისიც ვუთხარი, არ შეგაწუხებდით, უფროსი რომ ადგილზე ყოფილიყო-მეთქი.

 

იგი პაპიროსს ექაჩებოდა და ხანდახან შემომხედავდა. გვერდზე მჯდარ კაცს რაღაცას გადაულაპარაკებდა ხოლმე. ეს კაცი, ალბათ, სამუშაოთა მწარმოებელი იყო, საუბარზე ეტყობოდა. მან ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა. ალბათ ჩემს საქმეზე რეკავს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ არა. იგი ყვირილით ელაპარაკა ვიღაცას ბლოკებზე და რაღაც ხარჯთაღრიცხვებზე. ყურმილი დადო და მე შემომხედა ისეთი სახით, თითქოს მეკითხებოდა, ვინა ხარო? მე სიგარეტის მოწევის ნებართვა ვითხოვე, მოვუკიდე და ძლიერად შევიწოვე კვამლი.

 

რაღაც უსიამოვნების მოლოდინს ვგრძნობდი. ძალა მოვიკრიბე და დინჯად შევეკითხე:

 

– როგორ მოვიქცე-მეთქი.

 

– რაზეო? – გაოცებით იკითხა თვითონ.

 

– გურამიშვილის ქვების ჩამოტანაზე-მეთქი.

 

მან ფანჯრისკენ გაიხედა და გვერდზე მჯდომს რაღაცა უთხრა. მე უკვე ვეღარ ვარჩევდი სიტყვებს. წამოვდექი და ისე ველოდი პასუხს. იგი დიდხანს ელაპარაკა გვერდზე მჯდომს, მერე მომიტრიალდა და მკითხა:

 

– რას გადამეკიდე, რა გინდაო!

 

– არ გადაგეკიდეთ, თქვენც კარგად იცით, რომ გურამიშვილის ძეგლის დადგმა თქვენს ორგანიზაციას აქვს დავალებული. მე ხელს გიწყობთ, ჩემი სახსრებით გავურიგდი ქვის ოსტატებს, თქვენი უფროსი არ არის, რომელიც მანქანებს დამპირდა ქვის ჩამოსაზიდად და თქვენ ამიტომ მოგმართავთ-მეთქი.

 

შევატყვე, ჩვენს საუბარს კარგი პირი არ უჩანდა – ასეც მოხდა… მანქანის საქმე მეორე დღეს მოგვარდა, მაგრამ შენების კულტურის უქონლობისა და უპასუხისმგებლობის გამო სხვადასხვა ზომის კვარცხლბეკის ქვები მოიტანეს. ახლა აქ აინტერესებდა, „რატომ ეცვა კაბა“, სანამ ყველა კომისიის საბუთები, განხილვისა და მიღების ოქმები არ ნახა, საჭიროდ მიიჩნია სამუშაოს შეჩერება. იგი ახლა ყოველდღე მოდიოდა. აინტერესებდა, როდის წამოვაყენებდით დაწოლილ ფიგურას, უნდოდა გარკვეულიყო, მართლა კაბა ეცვა, ჩოხა თუ სხვა რამ. ჩვენ მას მივუხვდით და დადგმის დღემდე ფიგურა არ წამოგვიყენებია. მისი მოსვლა კი სხვა საქმეს სწევდა წინ.

 

როცა ყველაფერი დამთავრდა, გადავწყვიტე, კვირა დილით, უთენია ფიგურა დაგვეყენებინა… დილის 8 საათიდან საღამოს 6-მდე მუშებთან ერთად ვტრიალებდი. ხან რა სჭირდებოდათ და ხან – რა. ვინ იყო მშველელი, ვის აინტერესებდა გურამიშვილის ქანდაკება! ამიტომ მე ვიყავი ყველაფრის მშოვნელიც და ყველაფერში დაინტერესებულიც. დაღლა რა იყო, არ ვიცოდი. კიდევ ის იყო, რომ დღეში ასობით კითხვაზე მიხდებოდა პასუხის გაცემა, „ვინ არის? ქალია თუ კაცი? ვინაა ეს უბედური?“ და სხვა…

 

საოცრება ის იყო, რომ მე ყველაფერს ვითმენდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ხალხი ასეც უნდა მოქცეულიყო… ვიცოდი, რომ ბევრი უსიამოვნება მელოდა, მაგრამ რატომღაც მჯეროდა ჩემი თავის, ალბათ, ეს იყო მიზეზიც, რომ ყველაფერს ვითმენდი, ვიტანდი. კამათი ძეგლის გარშემო არ ცხრებოდა…

 

ხუთი წლის წვალების შემდეგ მე გავიმარჯვე, მხატვრობა მოვახვიე თავს იმასაც კი, ვისაც არა სურს გაიგოს, თუ რა არის იგი. ეს დღე ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. ვმუშაობდი და ღრმად მჯეროდა, რომ რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი კეთდებოდა პოეტის სახის შესაქმნელად. ლაკონიური კაბა, გაწვდილი ხელი, ნატანჯი და დაგრეხილი ისე, როგორც სული პოეტისა. სადა სხეულზე აქცენტირებული სახე, ღრმა, ფორმათა მეტყველებით…

ყველაფერი მიზნისათვის კეთდება. როდესაც პოეტის სახე ჩაკარგულია ჟამთა სვლაში, იქ, საუკუნეებში, მის ჭეშმარიტ სახედ რჩება მისი შემოქმედება. მითუმეტეს, „დავითიანი“, რომელიც მისი ავტობიოგრაფიაა. ამიტომაც მე გავაკეთე არა მეომარი, მებრძოლი დიდებული, რომლის მსგავსნი მრავალნი იყვნენ მის გვერდით და უკვალოდ გაქრნენ, არამედ სულის ადამიანი, რომლის პოეზია დღესაც აღაფრთოვანებს და უმაღლეს სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. გურამიშვილი მისი პოეზიაა. მე ნიმუშად სწორედ ეს ავიღე და პლასტიკურ ენაზე გადავთარგმნე მისი წამება, ტანჯვა, გოდება საკუთარი ბედისწერისა და სამშობლოს ხვედრის გამო.

 

მისი პოეზია ღრმა ფესვებით უკავშირდება ძველქართულ ქრისტიანულ პოეზიას, სიწმინდეს, ღმერთის ძიებას, სიკეთისა და სიყვარულის მუდმივ თემას. არც ერთ ქართველ პოეტში არ იგრძნობა ასეთი სიღრმე, რომელსაც ქმნის უსამშობლობა და, ამიტომაც, იგი მზიან, ხალისიან ქართულ პოეზიაში ისე განცალკევებით დგას, როგორც სხვა ნიადაგზე გადარგული ქართული ვაზი. მისი მარტოობა, ოცნება საქართველოზე, იმედები, ტანჯვა პლასტიკის ენით მინდოდა გამომეხატა. თითქოს სული ქცეულა სახილველად, მყარად…”

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი