logo_geo
თენგიზ ჩობანიძე: ძველი ტელევიზორი...
- +

4 სექტემბერი. 2020. 01:46

 

 

ძველ სახლში, ერთგვარი დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთების გადაყრის კვირეულის ჩატარების ერთ საღამოს, სარდაფში, დაღლილ დაქანცული პატარა სამფეხა სკამზე ჩამოვჯექი. აქეთ-იქით მიყრილ-მოყრილ ნივთებს ვათვალიერებდი… თითქოს სარდაფის შორეული კუთხიდან მზერა ვიგრძენი. ჩემი ძველი ტელევიზორი “რუბინი” აღმოჩნდა.

 

როცა ჯერ კიდევ ახალ-ფეხადგმულმა ბავშვმა გარშემო ნივთების შეცნობა დავიწყე, პირველად ეს ფერადი საბჭოთა ტელევიზორი მომხვდა თვალში. თავიდან მეგონა, რომ ეკრანზე გამოჩენილი ხალხი ტელევიზორის ყუთში იჯდა, ერთი-ორჯერ დავათვალიერე კიდეც ტელევიზორის უკანა მხარე, მაგრამ ვერავინ ვიპოვე…

 

სარდაფში მჯდომს ამის გახსენებაზე ტვინის ერთი ნაწილიდან მივიწყებული ბავშვობის კადრებმა იწყეს “გამორბენა”…

 

როგორ მიყვარდა ჩემი ძველი ტელევიზორი. ჯერ “ძილისპირულისა” და “სპოკოინო ნოჩი, მალიშის” ყურების ნებას მრთავდნენ, ასაკის მატებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა ტელეეკრანთან ჯდომის დროც.

 

მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდი პარასკეობით “სტუმრად ზღაპართან” ხოლო შაბათობით დასთან ერთად – “ილუზიონს”… საზაფხულო არდადეგების დროს “საკვირაო კინოდარბაზს” არ ვტოვებდი ხოლმე.

 

განსაკუთრებით, ახალ წელს მიყვარდა ტელევიზორის ყურება, როცა საახალწლო პროგრამები მრავალფეროვანი იყო…

 

მაშინ არავის აინტერესებდა პოლიტიკა, მაშინ დინამოელები ვიყავით – რა დამავიწყებს 1981 წლის 13 მაისის ღამეს – ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალს, როცა ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლის შემდეგ ისე ვიღრიალე, იმ მომენტში საპირფარეშოში შესულ მამაჩემს ფეხი დაუცურდა და კინაღამ წაიქცა.

 

მახსოვს როგორ ველოდი კოტე მახარაძის ხმას – “ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი, ვიწყებთ რეპორტაჟს ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის “დინამოს” სტადიონიდან….” რა დამავიწყებს ნუგზარ ჯუღელის კურიოზებს “დღეს სპორტის სასახლეში მშვენიერი საკალათბურთო ამინდია…”

 

მახსოვს კომპარტიის ყრილობაზე ჩაძინებული ბრეჟნევი, მახსოვს რეპორტაჟი ფეხეგაფშეკილი ლეონიდის გამოსვენებიდან, მახსოვს პირველი და ცხრა მაისის “პარადები”…

 

მახსოვს “გოსტია იზ ბიდუშევო”-  ამ ფილმის მთავარი გმირის სურათი რამდებს ეკიდა კედელზე… მახსოვს ჯულიეტა ვაშაყმაძის გადაცემები, “ივერია”, “ვია 75″… რა ჩამოთვლის, კიდევ რამდენი რამ უჩვენებია ჩემთვის ამ ძველ “ჯადოსნურ ყუთს”…

 

ძველი ტელევიზორი დაუღლელად მუშაობდა, მერე რა, რომ ხანდახან “ლამპოჩკა”  უმტყუნებდა, შევაკეთებინებდით ხელოსანს და ცისფერი ეკრანი ისევ აციმციმდებოდა. ბოლო პერიოდში უკვე ეტყობოდა წლების კვალი, ვინ იცის რამდენჯერ არეულა ეკრანი, რამდენჯერ ჩამირტყამს მუშტი… და მაინც, გამოფხიზლდებოდა ჩემი ძველი ტელევიზორი… ენა რომ ჰქონოდა, ალბათ ბევრჯერ გამომლანძღავდა… 15 წელი ერთგული ძაღლივით მემსახურა და საბჭოთა კავშირთან ერთად სამუდამოდ “ჩაეძინა”

 

როცა ბოლოჯერ დავცხე მუშტი და ვერ გამოვაფხიზლე… ტელეფონს ვეცი…

 

დაბერებულმა, დაღლილმა და. ალბათ ჩემზე გულნატკენმა ტელევიზორმა მეზობელ ხელოსან ვალერაზე იყარა ჯავრი – ერთი ისეთი უფეთქა, ლოთი ვალერა ყალყზე დამდგარ თმებს ერთი კვირის განმავლობაში ვერ ისწორებდა…

 

გადავწყვიტე, არ გადამეგდო ჩემი ძველი ტელევიზორი. ახლაც ისევ სარდაფის კუთხიდან იყურება… როცა ჩავდივარ კომპოტისა თუ სასმელის ამოსატანად, მივაჩერდები ძველ, აწ უკვე გაშავებულ ეკრანს… მეჩვენება, რომ სადაცაა ეკრანი ისევ აციმციმდება და ბავშვობის ხალისიანი დღეები გამირბენს თვალწინ…

 

 

big_banner
არქივი