logo_geo
ამ ეპისკოპოსის სახელი ყველასთვის ცნობილი მულტფილმის შექმნას უკავშირდება – გზა თეატრალურიდან მონასტერში
- +

23 სექტემბერი. 2020. 03:11

 

 

მეუფე ისაია იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელმაც თავის დროზე მღვდელმთავრებისთვის საჩუქრად ჩამორიგებული ჯიპი გაყიდა და ეპარქიის ერთ-ერთი სოფლის ბავშვების სკოლაში ტრანსპორტირებისთვის ავტობუსი უყიდა.

 

ბევრმა თქვენგანმა ალბათ არ იცის, რომ მეუფე ისაია ერისკაცობაში მულტიპლიკაციით იყო გატაცებული და უშუალოდ იყო ჩართული ცნობილი მულტფილმის „ბაბილინას“ შექმნაში.

 

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, ერისკაცობაში ზურაბ ჭანტურია 1961 წლის 12 აპრილს წალენჯიხაში დაიბადა. და აი, რას ყვება ის საკუთარ ბავშვობაზე:

 

„დედა სკოლა-ინტერნატის დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი საქმე. იცოდა კერვა, ქარგვა, სახლში მის მიერ შეკერილი ფარდები, მაგიდისა და ტახტის გადასაფარებლები გვქონდა…

 

მამამ გვასწავლა ჭადრაკის თამაში, გამოწერილი ჰქონდა ჭადრაკის ჟურნალები, გვირჩევდა საჭადრაკო ეტიუდებს და ჩვენს შორის იმართებოდა ჩემპიონატი…

 

მე-4 კლასამდე ვსწავლობდი წალენჯიხის სკოლა-ინტერნატში, მე-5 კლასიდან – წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში. დავიწყე პიონერთა სახლში ხატვის წრეზე სიარული. გავიმარჯვე პიონერთა სასახლეში ჩატარებულ ხატვის კონკურსებში. მერვე კლასში დღის წესრიგში დადგა მოსწავლეების კომკავშირში შესვლა.

 

ეს უკვე ისეთი დროა, როდესაც კომკავშირსა და კომუნისტურ პარტიას ჩვენს თვალში აღარ ჰქონდა ავტორიტეტი. ჩვენ ვხვდებოდით, რომ იქ ადამიანები შედიოდნენ უფრო კარიერისა და თბილი, უზრუნველყოფილი სამსახურისათვის.

 

მე ამაში სიყალბეს ვხედავდი და რადგანაც შემოქმედებითი სამყაროთი ვსულდგმულობდი, ასეთი სიყალბე სრულებით მიუღებელი იყო ჩემთვის“.

 

რვა კლასის დამთავრების შემდეგ ზურაბ ჭანტურიამ სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში. 1982 წელს აბარებდა სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში…

 

ყველგან გულცივობა დახვდა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდას… როგორც მეუფე ისაია იხსენებს:

 

„ახლობელმა სამუშაო გამომიძებნა მულტიპიკაციის სტუდიაში, იმ დროს მულტიპიკაციის სტუდიაში მიმდინარეობდა მულტფილმ „ბაბილინა“-ზე მუშაობა, სადაც დამდგმელი მხატვარი იყო ზაალ მეღვინეთუხუცესი. პირველად სწორედ ამ ფილმზე მომიწია მუშაობა – ნახატებს გრაფიკულად ვამუშავებდი.

 

მულტიპიკაციის სტუდიის მხატვრული ხელმძღვანელი გელა კანდელაკი ახალი სასწავლო წლისათვის თეატრალურ ინსტიტუტში აპირებდა მულტიპიკატორების მომზადებას და არჩევდა ახალგაზრდებს მულტიპიკაციის სტუდიისათვის.

 

1986 წელს შეიძლება ითქვას, ბატონი გელას პირადი მონდომების წყალობით, ჩავირიცხე ინსტიტუტში და გავხდი კინოფაკულტეტის სტუდენტი. ამავე დროს დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა…

 

პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, წალენჯიხაში ყოფნის დროს, თბილისიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცი, სახელად ფარნაოზი, მან ჩამოიტანა ხელმოწერებისათვის გამზადებული წერილი, სადაც ხელისუფლებისადმი იყო თხოვნა წალენჯიხის ეკლესიის ამოქმედებისათვის ნებართვის გაცემის შესახებ, ქაღალდზე მხოლოდ ერთი ხელმოწერა იყო, ამ მოთხოვნას ძალმოსილება რომ ჰქონოდა, საჭირო იყო ოცი ადამიანის ხელმოწერა. ამ საქმეში მეც მომიწია მონაწილეობამ.

 

ხელმოწერები შევაგროვეთ და დავგზავნე დანიშნულებისამებრ ერთი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში, მეორე – მოსკოვში, მესამე – საქართველოს სსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან, მეოთხე წალენჯიხის რაიკომში.

 

ერთიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის უნდა გამეგზავნა. რჩევა ჩემს ჯგუფელს პაატას ვკითხე (მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი), რომელიც იმჟამად უკვე ეკლესიის მრევლის წევრი იყო. მან მითხრა, რაღა ფოსტით გავუგზავნოთ წერილი პატრიარქს, წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს დიდუბეში სწირავს და ეს წერილი იქ მივართვათო.

 

მართლაც მივედით, ხალხმრავლობა იყო, პაატამ მნათეს სთხოვა ჩვენი წერილი გადაეცა პატრიარქისათვის, მან კი გვითხრა ცოტა ხანი დავლოდებოდით. როცა მობრუნდა, გადმოგვცა უწმიდესის დანაბარები, თვითონ გადმომცეს წერილიო. პირველად ვიმყოფებოდი პატრიარქის მსახურებაზე.

 

მაშინ მონათლულიც არ ვიყავი და სახელდახელოდ მასწავლეს, თუ როგორ მოვქცეულიყავი: მუხლი უნდა მომეყარა და ხელზე მთხვევით კურთხევა მიმეღო პატრიარქისაგან, რა თქმა უნდა, მზად ვიყავი ყველაფერი ზედმიწევნით შემესრულებინა, მაგრამ როდესაც საკურთხეველში შემიყვანეს, დავიბენი.

 

საკურთხეველში ტახტზე პატრიარქია დაბრძანებული, მრავალი სასულიერო პირი, სტიქაროსნები, მოკლედ, დაბნეული პირდაპირ პატრიარქისაკენ გავემართე. არ ვიცი, სტიქაროსნებს რა მოეჩვენათ და ხმამაღლა შემომძახეს – დაიჩოქე! მე, ისედაც დაბნეულს, სულ მთლად გული გამისკდა და დაჩოქების ნაცვლად დავემხე პატრიარქის წინაშე.

 

პატრიარქმა წამომაყენა, ჩამიხუტა, მომასულიერა, რაღაცეები გამომკითხა, წერილი გამომართვა და დამლოცა. საკურთხევლიდან ფრთებშესხმული გამოვედი, უსაზღვრო იყო უწმიდესთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული… ჩემი ნათლობა მამა დავითმა (მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი) შეასრულა.

 

მალე მამა დავითი სიონის ტაძრიდან მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და მრევლის წევრებიც წირვებზე დასასწრებად თბილისიდან მცხეთაში დავდიოდით. იქ გავიცანი მამა გაბრიელი (ურგებაძე). ჩემთვის ეს წლები ძვირფასად მოსაგონარია:

 

სამთავროს დედათა მონასტერში წირვები, სვეტიცხოვლის ტაძარში ჩასვლა, ფარავნის ტბიდან წმიდა ნინოს გზაზე მსვლელობა. ფოკაში დედათა მონასტრის დაარსების დროს თვენახევარი ფოკას მამათა მონასტერში დარჩენა, შავნაბადას მონასტერში დროდადრო ასვლა.

 

გამიჩნდა სურვილი, მესწავლა სასულიერო აკადემიაში, ვესწრებოდი ლექციებს როგორც თავისუფალი მსმენელი სასულიერო აკადემიის ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე“.

 

1993 წელს ზურაბ ჭანტურია შეიმოსა მორჩილის კაბით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის დანიელის ლოცვა-კურთხევით, მაგრამ სულ მალე იქ განვითარებული მოვლენების შემდეგ (ომი, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის სამღვდელოებასთან, დევნილ მოსახლეობასთან ერთად გადალახა საკენი-ჭუბერის უღელტეხილი, 15 სექტემბრიდან იგი ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოებასთან ერთად დაემკვიდრა მარტყოფის მონასტერში.

 

1994 წლის 11 აპრილს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა მორჩილი ზურაბი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღკვეცა ბერად და სახელად ისაია უწოდა. იმავე წლის 24 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ისაია აკურთხა ბერ-დიაკვნად, მალევე ბერ-დიაკონი ისაია მცხეთის წმიდა ოლღას დედათა მონასტერში ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად.

 

1994-1995 წლებში მღვდელმონაზონი ისაია კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას.

 

1995 წლის თებერვალში მღვდელ-მონაზონ ისაიას ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიენიჭა იღუმენის წოდება.

 

1995 წლის 5 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – აღსდგა უძველესი ეპარქია ნიქოზისა და ცხინვალისა, რომელიც შუა საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. წმიდა სინოდმა იღუმენი ისაია გამოარჩია ახლადაღდგენილი ეპარქიის საჭეთმპყრობლად.

 

1995 წლის 9 აპრილს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმიდა სინოდის განჩინების თანახმად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდის წევრი მღვდელმთავრების თანამსახურებით აღასრულა იღუმენ ისაიას ეპისკოპოსად კურთხევის წესი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი