logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: მუხრანი და ბუხარი...
- +

25 სექტემბერი. 2020. 14:34

 

 

სულ პატარა ვიყავი და შესანიშნავ მუხრან მაჭავარიანს  დავუწერე ლექსი:

„ვიღაცა უზის ხის ძირს,

ვიღაცა უზის ბუხარს...

ბუხარში სევდა იწვის,

მე ველოდები მუხრანს“...

 

მუხრან ბატონი დამეჩაგრა სწორედ იმის გამო, რის გამოც კიდევ უფრო ძალიან მიყვარს...

ის დაიბადა ზურიკოს დაბადების დღეს, 12 აპრილს, სულ ერთი წლით აცდა...

და ამ დღეს სულ ზურიკოს ვუძღვნიდი მოგონებებს...

 

დღეს, სულ შემთხვევით, საყვარელი ნოდარ დუმბაძის მოგონება შემეფეთა  მუხრანზე და გულში დავწყნარდი, ნოდარის შემდეგ, ჩემს სიტყვებს რაღა ფასი ექნებოდა...

 

ნოდარ დუმბაძე - „მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ. მოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.

 

გვეგონა, ლექსს წაიკითხავდა – არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით.

ის სიტყვა ახლა ზუსტად არ მახსოვს. არც მას ახსოვს ალბათ.

 

დაახლოებით ასე ილაპარაკა:

– მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან. მის ხმაზე დაიძვრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი… მე მჯერა!

და რა იცოდა მაშინ მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა“.

 

„ზარჩადგმული“ ხმა... ამის თქმა ნოდარ დუმბაძის გარდა არავის არ შეეძლო...

 

ბატონი მუხრანი დაიბადა არგვეთში...

მე ვარ იქ ნამყოფი - სამოთხეა...

მუხრან მაჭავარიანის საყვარელი კაკალი მისი სიკვდილის შემდეგ, თურმე,  გახმა.

ბოლომდე გადასაჭრელად ვერ გაუმეტებიათ, იქნებ, ხელახლა ამოიყაროსო...

ამოიყარა კიდეც...

აბა, რას იზამდა?

მუხრანის საყვარელი კაკალი იყო და...

როგორ უმტყუნებდა?

 

ბატონი მუხრანის ამ ლექსს რომ ვკითხულობ, 9 ძმა ხერხეულიძისა და 300 არაგველის ძალა მემატება...

ლამისაა, აბჯარს და ხმალს ვეძებ...

 

„მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;

მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:

რაა საჭირო, - რა გზა უნდა გამოიძებნოს,

რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!“

 

ხომ იცით, მე მიყვარს კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქალი...

ამიტომ ეს ფოტო დავდე...

ბატონი მუხრანი, ულამაზეს მეუღლესთან, ლამარა ბოკერიასთან ერთად...

ხომ მართლა ბუხარივით სითბო მოდის?

მაშასადამე. ბავშვობაში არ შევმცდარვარ...

25.09.2019...

 

 

big_banner
არქივი