logo_geo
ფრიდონ ხალვაში: შეხვედრა 50 წლის შემდეგ…
- +

29 სექტემბერი. 2020. 20:53

 

 

ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შესახებ შექმნილ პოეზიის ნიმუშებს უკავია. მათ შორისაა ლექსი „მემლექეთი“, რომელიც თავად პოეტთან ასოცირდება... ამ ლექსის ისტორია ფრიდონ ხალვაშმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე ყოფნისას გაიხსენა:

 

„შევამჩნიე ერთი მაღალი ლეჩაქგადაფენილი ქალი...“

 

„საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ კიდევ 1968 წელს წავედით მწერალთა კავშირიდან თურქეთში... იქ ბიძა და მამიდაც მეგულებოდა, რომლებიც არც მინახავს და არც ვიცნობდი. ვიცოდი, მამიდა ცოცხალი რომ იქნებოდა, თუმცა 50 წლის განმავლობაში მისგან არაფერი გვსმენოდა. მამაჩემისგან ჩუმად მისი მისამართი ჩავიწერე და თურქეთში რომ ჩავედი, სტამბოლის სასტუმროდან, თურქულად ღია ბარათზე წერილი მივწერე, იმიტომ, რომ საბჭოთა კაცებს დაზვერვა გვათვალიერებდა! ყველაფერს წაიკითხავდნენ, ფოსტის ყუთში რომ ჩავაგდებდი. ვიფიქრე: მივწერ, სადაც ვიქნები 2-3 დღის შემდეგ, თუ ცოცხალია, ეცოდინება, იქნება მოვიდეს... გამოვთვალე და იმ დროისთვის ალბათ 92 წლის იქნებოდა. წერილში ორი ღერი თურქულად მოვახერხე, რომ შენი ძმისშვილი ჩამოვედი და ამა და ამ სასტუმროში ვიქნები-მეთქი. პროგრამა წინასწარ ვიცოდი.

 

გავიდა ერთი კვირა და ჩავაღწიეთ ბურსაში. სულ დამავიწყდა ეს წერილი... ბესო ჟღენტი, ნოდარ დუმბაძე, იოსებ ნონეშვილი, კაი გაყოლა ხალხი ვიყავით ჩასულები. იმ სასტუმროსთან ქართველები დაგვხვდნენ– სანამ დაბნელდება, აგერ აქ, ჩვენ, სოფელი გვაქვს ქართველებსო და უნდა წამობრძანდეთო. ჩავჯექით მანქანაში და შუქნიშანი აინთო... ხალხი გადმოდის ქუჩაზე, შევამჩნიე ერთი მაღალი, ლეჩაქგადაფენილი ქალი, ყავარჯენი უჭირავს ხელში. ამ ხალხში მოაბიჯებს და ზუსტად ისე მოირხევა და მოდის, როგორც მამაჩემმა წისქვილში წასვლა იცოდა... უცებ შემიფართქალდა გული, გამახსენდა მამიდა, გადავედი მანქანიდან...

 

– სად მიდიხარ, ფრიდონ, რა მოგივიდა? – მომაძახეს მანქანაში მსხდომებმა.

 

– ნაცნობი დავინახე, არ დამეკარგოს... – ბოდიში მოვუხადე და გადავაბიჯე ტროტუარზე.

 

ამდენ ხალხში ეს ქალი სასტუმროსკენ მოაბიჯებს, ვატყობ და გავჩერდი ამ ხალხის მდინარეში, დავემიზნე მას და რომ მოვიდა, მომეყუდა პირდაპირ, შევხედე და...

 

– შენ ხარ, ჭოვ? – მითხრა.

 

– მე ვარ, ? ვუთხარი. გაუშვა ჯოხს ხელი და გადამეხვია. სანათესაოს ამბები სულ გამომკითხა. ერთი მემლექეთის ამბები მითხარიო და ეს ლექსიც დაიწერა...“

 

მემლექეთი (თურქეთში მცხოვრები ქართველები დედასაქართველოს მემლექეთს ეძახიან) მითხარ, როგორაა მემლექეთი,

ჩემი სანატრელი საქართველო,

რამე იმნაირი გამაგონე,

გული დაკოდილი გავამთელო.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,

მე სულ მისი ფიქრით დავდიოდი,

ახლად დავიბადე, თბილისიდან

ხმა რომ დავიჭირე რადიოთი.

კაი მექართულე ვეღარა ვარ,

მაგრამ სული მიდუღს ამოდენა,

რომ შიგ სიტყვა მარად მშობლიური,

როგორც გაზაფხული, იტოტება.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,

მცხეთა, ქობულეთი, კახაბერი,

იგი ნიადაგ თუ არ ვახსენე,

მაშინ ერთი წუთიც დამაბერებს.

ლუკმა არ მაკლია, მართალია,

მაგრამ სამშობლოთი ღარიბი ვარ,

აი, ამნაირად უსიცოცხლოდ,

მთელმა სიცოცხლემა დაირბინა.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,

აქ ჩვენ არ გეგონოთ ჩამქრალები,

იზმითს, ეგეოსის ნაპირებზეც

ვაგეთ საქართველოს სახლ-კარები.

მითხარ, როგორაა მემლექეთი,

ჩემი სანატრელი საქართველო,

რამე იმნაირი გამაგონე,

გული დაკოდილი გავამთელო.

 

 

ნანული ზოტიკიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი