logo_geo
პაატა ნაცვლიშვილი: ახია ჩემზე!
- +

5 ოქტომბერი. 2020. 01:17

 

 

„გილოცავ, პაატა! ყველანაირად... ახია შენზე!!!“ – ასე მომილოცა ფეისბუქზე ნიკო ნიკოლაძის პრემია ჩემმა კეთილმა კოლეგამ თემურ ჟღენტმა.

 

სად მოძებნა მაინც ასეთი ზუსტი და ტევადი სიტყვა!

 

მადლობა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პრეზიდიუმს, რომელმაც, როგორც გავიგე, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მომანიჭა ეს პრემია. მადლობა მარინეს და მარინას – გიგინეიშვილსა და თექთუმანიძეს, კავშირის თავმჯდომარეებს. მადლობა პრეზიდიუმის წევრებს, რომელთა ვინაობა, ჩემდა სამარცხვინოდ, ჩემთვის ჯერჯერობით ბოლომდე ცნობილი არ არის. მადლობა მათ, ვინც ამ პრემიაზე ჩემი წარდგინება ინებეს. მადლობა ყველას, ვინც რაგინდარა საშუალებით – პრესით, ინტერნეტითა თუ ტელეფონით მომილოცეს პრემიის მონიჭება. ვწუხვარ, რომ მათი სიმრავლის გამო საშუალება არა მაქვს ყველას ცალ-ცალკე გადავუხადო მადლობა. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ამ მოლოცვათაგანი ისეთია, ვინმეს შეიძლება გულიც გაუსკდეს. მეც – მათ შორის!

 

აქვე მინდა, სერგეი მესხის სახელობის პრემია მივულოცო კოლეგა დავით ჭელიძეს და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება – კოლეგა გოგიტა მელიქიძეს.

 

სხვა შემთხვევაში, ჩემი ეს დღევანდელი სათქმელი ალბათ აქ დამთავრდებოდა, მაგრამ თემურ ჟღენტის მოლოცვის გარდა, მოსვენებას არ მაძლევს კიდევ რამდენიმე ფეისბუქ-მოლოცვა, რომლებმაც გამახსენეს, რომ ჩემგან მადლიერებას სხვებიც იმსახურებენ, თანაც – პერსონალურს!

 

ამ რამდენიმე მოლოცვაში, რომელმაც ეს ყველაფერი გამახსენა, ვგულისხმობ, ვთქვათ, ნიკო ნიკოლაძის დიდი ჯიხაიშის სახლ-მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ ლია ბიბილეიშვილის კომენტარს:

 

„პაატა, გილოცავ დაგვიანებულ პრემიას იმ კაცისა, რომლის სახელისა და ღვაწლის გამზევებისა და უკვდავყოფისათვის ამდენი იღვაწე! მადლობა ყველაფრისათვის!“

 

ან ჩემი ძვირფასი თანაკურსელისა და თანაჯგუფელის ამირან ლაზარე სინაურიძის მოლოცვას:

 

„გილოცავ, ჩემო პაატა! ეს ჯილდო შენ კარგა ხნის წინ უნდა მიგეღო, ძალიან მიხარია!“

 

დაგვიანებულიო?

 

კარგა ხნის წინ უნდა მიგეღოო?

 

როდის უნდა მიმეღო მაინც? ნიკო ნიკოლაძის სიცოცხლეში?

 

ან იქნებ მის დაბადებამდეც უნდა მიმეღო, მრავალი საუკუნის წინათ?

 

რას გულისხმობენ ეს კეთილი ადამიანები? შემთხვევით, ინტუიციით წერენ ამას, თუ უკვე წაკითხული აქვთ ის ყველაფერი, რის დაწერასაც თითქოს მათ საპასუხოდ ახლა ვაპირებ?

 

აქვე მინდა გავიხსენო კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც კიდევ ერთმა ჩემმა მეგობარმა, პროფესორმა პაატა სურგულაძემ დამიტოვა ფეისბუქზე:

 

„ჩემო პაატა, კიდევ ერთხელ გილოცავ. ისე კი გამიკვირდა, აქამდე რომ არ გქონდა მიღებული ეს პრემია!“

 

მადლობა, ჩემო სეხნია, ამ გაკვირვებისათვის, მაგრამ შენ რომ პრემიებისადმი და ჩინ-მენდლებისადმი საზოგადოდ ჩემი დამოკიდებულება იცოდე, ალბათ არ გაგიკვირდებოდა!

 

წინა საუკუნეში, უფრო ზუსტად, წინა ათასწლეულში, კიდევ უფრო ზუსტად – ათას სამას რომელიღაც წელს, როცა დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში პირველი ორდენები დააწესეს, ჩემი მრავალსაუკუნოვანი მეგობარი კაკო სიხარულიძე მირეკავს და მეუბნება, ღირსების ორდენზე უნდა წარგადგინოო, შენ უნდა იყო და შენ იქნები ჟურნალისტთაგან პირველიო. მაშინ ეს ჩემი მრავალსაუკუნოვანი მეგობარი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე იყო და მის წარდგინებას წინ, რა თქმა უნდა, ვერაფერი დაუდგებოდა!

 

არა-მეთქი, არა ჰქნა, ჩემო კაკო, ეგ საქმე. უკვე დაჯილდოების შემდეგ რომ ვთქვა უარი, დემარშივით გამოვა და, მოდი, არ წარმადგინო, ერთმანეთს უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ-მეთქი!

 

ერთი კი გაიკვირვა, მაგრამ იმთავითვე ძალიან კარგად მიცნობდა და წყენით, დარწმუნებული ვარ, არაფერი სწყენია. ხოლო ჟურნალისტთაგან ღირსების ორდენის პირველი კავალერი ერთი ჩემი ძვირფასი კოლეგა გახდა, რომელიც მერე ჩემთანაც ხშირად იწონებდა თავს ამ პირველობით.

 

მოხდა ისე, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ იმავე ორდენზე უარი ვთქვი კი არა, დიდი მადლიერებით მივიღე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხვა დამფუძნებლებთან ერთად სეოკის შექმნის 347-ე წლისთავთან დაკავშირებით.

 

მირეკავს ისევ ეს ჩემი მრავალსაუკუნოვანი კაკო სიხარულიძე, რაღაც დამცინავი ტონით მილოცავს ღირსების ორდენს და ვერც წყენას მალავს:

 

რა იყო, სიხარულიძის ხელიდან არ იკადრე და მაინცდამაინც ბაგრატიონის ხელიდან გინდოდა ორდენის მიღებაო?!

 

მაშინ, ეროვნული ოლმპიური კომიტეტის დაფუძნების 347-ე წლისთავზე, სეოკის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი იყო.

 

კაკომ თავისი წყენა რამდენიმე ტრადიციული ფაქიზი გამოთქმით გამოხატა, რასაც ჩემი ასეთივე ფაქიზი გამოხმაურება მოჰყვა და რაკი ტელეფონი ინფორმაციის გაცვლის და ემოციის სრულად გამოხატვის საშუალებას მეტად აღარ იძლეოდა, ჩვენი ეს კახური გაბაასება კახური ღვინით განთქმულ რესტორანში გავაგრძელეთ მტკვრის პირას.

 

როცა ფაქიზი სიტყვების უშურველი გაცვლა-გამოცვლით დავიღალე, ერთი სადღეგრძელო მაქვს-მეთქი, ვუთხარი.

 

მიდი, ჰო! – ისე მითხრა, ეტყობოდა, თავადაც დაღლილი იყო იმდენი სიფაქიზით.

 

სიტყვასიტყვით მაშინდელი ჩემი სადღეგრძელოს აღდგენა გამიჭირდება, მაგრამ შინაარსი და სულისკვეთება კი ზუსტად მახსოვს:

 

ხომ არის, ხალხი, ჩემო კაკო, მაგალითად – მე, ვინც ფიქრობს, რომ დიდად საპატიო ჯილდო, მედალი „წყალწაღებულის გადარჩენისათვის“ არამც და არამც არ ეკუთვნის პროფესიონალ მაშველს, თუნდაც ერთ ჯერზე ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი წყალწაღებული გადაარჩინოს! აი, მე კი, ერთი კინკილა ადამიანიც რომ გამოვტაცო წყალს და ეს მედალი არ მომცენ, იქნებ თავად მივცე იმ წყალს თავი! ანალოგიურად, მე არანაირი მედალი და ორდენი არ მჭირდება ჩემს საქმეში, ჩემს პროფესიაში, ჩემს მოვალეობაში, რაშიც მცირეს, მაგრამ მაინც ვიღებ ხან ხელფასს და ხან ჰონორარს, ხან მკითხველთა სიყვარულს ვიმსახურებ და ხანაც უბრალოდ სიმპათიას. ჯანო ბაგრატიონმა კი ღირსების ორდენი გადმომცა ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებისათვის, რაც სულაც არაა ჟურნალისტური საქმე, სულაც არ მევალებოდა და პირიქით, იმ დროს სარისკოც კი იყო ჩემი ჟურნალისტური თუ რედაქტორული კარიერისათვის. ასე რომ, მე იმ ორდენს მაინც მადლიერებით მივიღებდი, გინდაც ჯანო ბაგრატიონი შემთხვევით სიხარულიძე ყოფილიყო და შენ მაინც უარს გეტყოდი, იმ შენს თუნდაც პირველ ჟურნალისტურ ორდენზე, გინდაც ბაგრატიონი და ჰაბსბურგი ერთად ყოფილიყავი-მეთქი.

 

ჰოდა, მოდი, ასეთ ხალხს გაუმარჯოს, ჩემო კაკო, – შევძახე პათეტიკურად და ჭიქა მივუჭახუნე.

 

ამას რა მოჰყვა და, ეს ჩემი მრავალსაუკუნოვანი, მაგრამ ბოლო ასწლეულებში გვარიანად განაწყენებული მეგობარი ადგა, ორივე ხელი მომხვია და ისე ჩამიკრა გულში, რომ მაშინ დამტვრეული ჯერ კიდევ ახალგაზრდა ძვლები ამდენი საუკუნის შემდეგაც ვერ გამიმთელებია!

 

ჰოდა, მას მერე კიდევ გავიდა რამდენიმე საუკუნე. ოლიმპიური ორდენითაც დამაჯილდოვეს, სხვადასხვა კონკურსიც მოვიგე თავისი პირველ-მეორე-მესამე პრემიებით, ერთი-ორი გრან-პრიც მივიღე და ვინც „ჩემი“ ღირსების ორდენის თავგადასავალი იცოდა, მათ ხშირად ვუხსნიდი, რომ კონკურსში, შეჯიბრებაში თუ კონკრეტულ წარმატებაში მიღებული ჯილდო – სხვაა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სიგელითა თუ ბაფთიანი ორდენებით დაჯილდოება – სხვა.

 

იმ პერიოდში კიდევ მომიხდა ერთ-ორ ჯილდოზე უარის თქმა, თუმცა ორგანიზატორებმა არაერთხელ მომისინჯეს სუსტი წერტილები, როცა, მაგალითად, ჯერ კოლეგა ნინო ხარაზიშვილი გამომიგზავნეს და მერე კოლეგა მანანა კარტოზია თხოვნით, დავთანხმებულიყავი და ოქროს ფრთით დამემშვენებინა ჩემი ძლევამოსილი მხარბეჭი, და რომ არაფერი გამოვიდა, მძიმე არტილერია ჩართეს საქმეში და თავად გიგლა გობეჩიამ კოლხური სიდარბაისლით მირჩია, არ უნდა თქვა ასეთ ჯილდოზე უარიო, ვისაც მიღებული გვაქვს, ეს იმათ უპატივცემულობასავით ჩა-ა-ანსო.

 

რა ვქნა, ვერ დამიყოლიეს და ვარ დღემდე ასე უოქროსფრთოდ დარჩენილი, საკუთარი ოქროს ხელ-ფეხის ამარა.

 

ამასობაში კიდევ გავიდა ერთი-ორი საუკუნე და ერთ მშვენიერ საღამოს ისევ მირეკავს კაკო სიხარულიძე, რომელიც უკვე აღარ იყო ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და, მგონი, სულაც გურჯაანის ჯანიშინად დაენიშნათ:

 

არ დაიწყო, ახლა შენებური ფილოსოფია, ნიკო ნიკოლაძის პრემიაზე უნდა წარგადგინო ჟურნალისტთა ფედერაციაში და ნიკო ნიკოლაძეს მაინც ნუ აწყენინებო!

 

ნიკო ნიკოლაძეო-ო-ო!

 

ო-ო-ო!

 

ვინც იცის, ჩემი და ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება, იმ დღიდან მოყოლებული, როცა ის ილია ჭავჭავაძეს აადგა დუშეთში, ადე, რას აქნევ ამ მომრიგებელ მოსამართლეობას, ამდენი საქმე გვაქვს საკეთებელი თბილისშიო, მისთვის ზედმეტია იმის ახსნა, რა საგონებელში ჩამაგდო ამ სახელის ხსენებამ. ხოლო ვინც არ იცის, რა დამოკიდებულება მაქვს ნიკო ნიკოლაძესთან, ჰკითხოს მას, ვინც ეს იცის და მერე ყველა გამიგებს, რატომ ვერ ვუთხარი იმ ჯერზე უარი ჩემს მრავალსაუკუნოვან მეგობარს.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის გაცილებით იოლი იყო მის წინადადებაზე დათანხმება, ვიდრე მისთვის ამ წინადადების მოცემა იმ ჩემი რამდენიმე საუკუნის წინანდელი უარის შემდეგ.

 

რაკი გარისკა და მითხრა, ალბათ ყოველი შემთხვევისთვის კიდევ უფრო გაფაქიზებული კახური სიტყვებითაც შეიარაღდა, მით უმეტეს, რომ გურჯაანის სამეფოში, რომელსაც ის იმ პერიოდში განაგებდა, კარგად იქნებოდა წყობილსიტყვაობაში გავარჯიშებული.

 

ჰოდა, მადლობა ვუთხარი, რა უნდა მეთქვა!

 

მერე კი, როცა გავიგე, რომ ნიკოლაძის პრემიაზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე არ გაეცათ, იმ წელიწადს 126 თუ 127 ადამიანი იყო ერთდროულად წარდგენილი, ვინანე ჩემი თანხმობა. მარტო ჩემთვის რომ მოეცათ პრემია, 125 თუ 126 კაცი განაწყენდებოდა და იქნებ მტრადაც მომკიდებოდა, ყველასთვის მიეცათ და... პრემია იმას ნიშნავს, რომ ვიღაც რაღაცით გამოარჩიეს, მაგრამ თუ ლაურეატთა რაოდენობა კორონავირუსით დაავადებულთა დღევანდელ რაოდენობას აჭარბებს, ჯობია, შენ უარყოფითი პასუხი მიიღო, რომელიც სინამდვილეში დადებითია და სწორედაც მაშინ იქნები გამორჩეული, როცა შენ იმ პრემიას არ მიიღებ, რომელიც ყველას დაურიგეს.

 

ერთი სიტყვით, ისეთი პირი უჩანდა, რომ ნიკოს პატივისცემით და კაკოს ხათრით ნათქვამი ის ჩემი თანხმობა ყველა შემთხვევაში სანანებლად დამირჩებოდა და ამ სიტუაციიდან სასწაული თუ გამომაძვრენდა!

 

მართალია, კაკო სიხარულიძე უკვე აღარ იყო ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე, მაგრამ მისი ადგილი მისსავე მოადგილეს ჰამლეტ გეგიას დაეკავებინა და წინამორბედის წარდგინებას რაიმე წინააღმდეგობა, წესით, მართლა არ უნდა შეხვედროდა!

 

თურმე სადა ბანაობთ, ბიჭებო! ეს – ერთი მხრივ!

 

აკი სასწაული არ არსებობსო! ესეც – მეორე მხრივ!

 

პრეზიდიუმის სხდომა ჯერ დამთავრებული არ იყო, რომ ისევ მირეკავს ჩემი მრავალსაუკუნოვანი მეგობარი და ნაწყენი თუ გაკვირვებული კი არა, თვალები რომ შუბლზე აქვს ასული, იმ ხმით მელაპარაკება და, რა თქმა უნდა, გურჯაანის გულისგულიდან წამოღებულ ფაქიზ სიტყვებსაც აფრქვევს უხვად.

 

თან ბოდიშებს მიხდის, თითქოს თავის ბრალი იყოს რამე ან თითქოს ცუდი რამ მომხდარიყოს ჩემთვის.

 

რა მოხდა და, ყველას მიანიჭეს თურმე იმ დღეს ნიკო ნიკოლაძის პრემია ერთის გარდა და ის ერთი – აი, თუ არ არსებობს სასწაული! – სწორედ მე აღმოვჩნდი.

 

მეორე დღეს აღელვებულმა და გაოგნებულმა ჰამლეტ გეგიამ ოქმის სიზუსტით მიამბო, რა და როგორ მომხდარა: იმ 126 თუ 127 კანდიდატიდან არცერთზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა, შენი კანდიდატურა კი პრეზიდიუმის ორმა წევრმა საკამათოდ გახადა და მერე საერთოდაც ყველას უარი ათქმევინეს შენზეო. არადა, ლაურეატთაგან სულ მცირე ასმა, პრემია რომ მიიღო, ალბათ მერეღა გაიგო ნიკო ნიკოლაძის სახელიო.

 

რა თქმა უნდა, ჰამლეტმა იმ „ყველას“ სახელებიც მითხრა და იმ ორისაც. „ყველასიც“ მადლობელი ვარ და იმ ორისა ხომ – განსაკუთრებით!

 

ერთის სახელი „გ“-ზე იწყება, მეორისა – „ძ“-ზე. ეს „ძ“ იმ „გ“-ს პროფესორი იყო, ჩემი კი – დოცენტი. ორივემ ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან, თუმცა სხვადასხვა რამ და სხვადასხვანაირად, ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობებისა და მიზნების შესაბამისად. პრეზიდიუმზე თავისი საქციელითაც მშვენიერი გაკვეთილი ჩაგვიტარა, თვალნათლივ დაგვანახა ჩვენ-ჩვენი თავიც და საკუთარიც. არასოდეს დამავიწყდება პირველსავე კურსზე, პირველსავე ლექციაზე ღიმილ-ღიმილით ნათქვამი მისი სიტყვები, ჟურნალისტიკა მეორე უძველესი პროფესიააო, აქაოდა მთლად ბოზები შეიძლება არ იქნებით, მაგრამ მეორე საპრიზო ადგილს ვერავინ შეგეცილებათო. ან რატომ ვერ გვეტყოდა ჟურნალისტიკაზე შეყვარებულ თვალგაფართოებულ გოგო-ბიჭებს ასეთ სიბრძნეს, როცა თავად არასოდეს ყოფილა ჟურნალისტი, არც ასეთი და არც ისეთი, თუმცა კი საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტის მეტრად, მაესტროდ და პატრიარქადაც კი იხსენიებენ პატივცემული „გ“ და სხვა დარბაისელი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საუკუნე გავიდა, მე მიჭირს მათი პირდაპირ დასახელება, რადგან ჯერ ერთი, „ძ“, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი და მეორეც, იმ 126 თუ 125 ლაურეატისათვის იქნებ სულაც არ არის სასიამოვნო, გაიგონ, ვინ გაიმეტა ისინი უდრტვინველად „ძმათა სასაფლაოსთვის“, ვინ დამიცვა და გამომესარჩლა, ვინ ამაცილა თავიდან უხერხულობა, ვინ გამომარჩია ჟურნალისტთა მთელი ბატალიონიდან, ვინ არის ჩემი ასეთი დამფასებელი და პატივისმცემელი. სულგანათლებული ჰამლეტ გეგია რომ ასე ნაადრევად არ წასულიყო სააქაოდან, დღეს ალბათ თავად დაასახელებდა მათ ვინაობას და მე მას ვერაფრით ამას ვერ დავუშლიდი.

 

სახელობით თუ უსახელოდ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ იმდღევანდელი ძალისხმევისთვის! ღმერთმა იცის, რომ მათ პატივისცემას მე ვერასოდეს დავივიწყებ!

 

რატომ გამოგარჩიესო, ჰამლეტმა მკითხა. მოკლედ ავუხსენი მიზეზი:

 

ერთმა ალბათ იმიტომ გამომარჩია, რომ მოეწონა ჩემი სითამამე, როცა ვერ დავეთანხმე მის მიერ პირველ კურსზე მოწოდებულ პროფესიათა რობერტ სილვესტრისეულ რანჟირებას და კიდევ უფრო მოეწონა ჩემი თავმდაბლობა და მოკრძალება, როცა მრავალი საუკუნის შემდეგ უარი ვთქვი მისი სახელით(აც) არაერთგზის შემოთავაზებულ ოქროს ფრთაზე.

 

მეორემ კი ალბათ იმიტომ, რომ მრავალი საუკუნის წინათ როგორც ერთი გაზეთის ერთ რედაქტორს შეეძლო, ყველანაირად შევუწყე ხელი მის კარიერულ წინსვლას, იქამდე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მან გაზეთში სწორედ ჩემი სავარძელი დაიკავა.

 

ჰოდა, რანაირად შეიძლებოდა, მათ ეს ყველაფერი არ დაენახათ, არ შეეფასებინათ და არ დაეფასებინათ-მეთქი.

 

ახია შენზეო! – მითხრა.

 

და კაკო? კაკო სიხარულიძე?

 

უსაშველოდ დაზაფრული იყო და თვალს ვერ მისწორებდა, სანამ ეს ყველაფერი არ ავუხსენი, სანამ არ ვუთხარი, რა კმაყოფილი ვიყავი, რომ უპრემიოდ დამტოვეს, რა მადლიერი ვიყავი მის მიერ თავის დროზე ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმში შეყვანილი იმ ორი უღირსეულესი ადამიანისა, რომელთაც თავისი ობიექტურობის ეჭვქვეშ დაყენების ხარჯზე ასეთი სამსახური გამიწიეს.

 

რას ვიფიქრებდი, რომ ამდენის საუკუნისა და ამდენი განცდების შემდეგ კაკო სიხარულიძე კიდევ ერთხელ შევიდოდა იმავე მდინარეში და კიდევ ერთხელ გარისკავდა ნიკო ნიკოლაძის პრემიაზე ჩემ წარდგენას, თუნდაც ისეთ გამოცდილ პროფესიონალთან და მედგარ ადამიანთან წყვილში, როგორიც ლაურა კუტუბიძეა. მფრინავის გული რომ ჰქონდა, ვიცოდი, მაგრამ მთლად ასტრონავტისა თუ ექნებოდა, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მიუხედავად, ვერ წარმოვიდგენდი.

 

ამდენი მადლობის ფონზე, მას მადლობას, რა თქმა უნდა, არ ვაკმარებ – სადაც ვნახავ, ორივე ხელით ჩავბღუჯავ და ისე დავუმტვრევ იმ ბებერ ძვლებს, რომ კიდევ მრავალი საუკუნე არ დაავიწყდეს.

 

ახიც იქნება მასზე!

 

 

big_banner
არქივი