logo_geo
ნიკოლოზ ბარათაშვილის სიკვდილი
- +

22 ოქტომბერი. 2020. 02:08

 

 

მთაწმინდაზე 27 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავი პანთეონის შესასვლელთან თითქოს განმარტოებით დგას, მას უშუალოდ მხოლოდ გალაკტიონის სამუდამო ძვალშესალაგი ემეზობლება... ოდნავ მოშორებით გოგლა ლეონიძის საფლავია, ხოლო შემდეგ იმ დიდი ქართველების სამარეთა წყება, რომლებიც ფარულად თუ ხილულად ერთმანეთს მტრობდნენ, ეურჩებოდნენ და ვერ იტანდნენ...

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი ამ ადამიანური სისუსტეებისგანაც განცალკევებით დგას, როგორც მარტოსული და მიუსაფარი, მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ასაკში მან წუთისოფლის შხამით სავსე ფიალის ბოლომდე შესმა მოასწრო... გალაკტიონი გუმანით გრძნობდა ბარათაშვილთან განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს, ამიტომაც მიუჩინა მას თავის შედევრში საზეპურო ადგილი, როცა თქვა – „ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული!“... ალბათ, ამიტომაც არის მათი საფლავები ყველაზე ახლოს.

 

იმ კვირას სომხეთმა რუსული წარმოების „სკადის“ ტიპის რაკეტებით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა რომ დაბომბა, ბარათაშვილი კიდევ ერთხელ გამახსენდა. თან, რაღა დაგიმალოთ და, ამ გვართან მე განსაკუთრებული ემოციური ბმა მაქვს, რადგან ჩემი შვილები ნახევრად ბარათაშვილები არიან...

 

1845 წლის 21 ოქტომბერს, ზუსტად 175 წლის წინათ, სწორედ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში მალარიით გარდაიცვალა გენიალური ქართველი პოეტი ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი, რომელიც იქ მაზრის მმართველის თანაშემწედ მუშაობდა. ტანჯა, რომელიც სპარსული სიტყვიდან „განჯ“ მომდინარეობს და „განძს“ აღნიშნავს, 1804 წლის 3 იანვარს გადაგვარებულმა და რუსთხელმწიფის სამსახურში ჩამდგარმა ქართველმა და საქართველოს მთავარსარდალმა, ინფანტერიის გენერალმა პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა რუსთა ჯარით აიღო და რუსეთის იმპერიას შემოუერთა. იმპერატორ ალექსანდრე პირველის მეუღლის, დედოფალ ელიზავეტას პატივსაცემად ქალაქ განჯას ელიზავეტპოლი უწოდეს და 1840 წლის 10 აპრილიდან საქართველო-იმერეთის გუბერნიას მიაკუთვნეს.

 

ასე რომ, სრული უფლება გვაქვს განვაცხადოთ, რომ განჯა, რომელსაც დღეს აზერბაიჯანელები იცავენ და სომხები ბომბავენ, მე-19 საუკუნეშიც საქართველო იყო და 27 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილიც სწორედ საქართველოში აღესრულა... აღარაფერს ვამბობთ იმის შესახებ, რომ განჯის სახანო ერეკლე მეორეს ექვემდებარებოდა, ხოლო 1138 წელს საქართველოს დიდმა მეფემ დემეტრე პირველმა მაშინდელი ქალაქი განძა, ანუ განჯა ქართველთა ჯარით აიღო და გამარჯვების ნიშნად ქალაქის რკინის ჭიშკარი გელათის მონასტერს შესწირა. ეს ჭიშკარი დღემდე გელათში ინახება, როგორც დიდი და ძლევამოსილი საქართველოს უტყვი და პირქუში თანამედროვე!

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა საქართველოს დღევანდელობის ტყუპისცალია. ნიკოლოზი ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, მოესწრო და საკუთარი თვალით შეესწრო ქართველი საზოგადოებისა და განსაკუთრებით მისი ელიტის გახრწნას, როცა 1837 წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოსულ ნიკოლოზ პირველს ქართველმა თავადებმა „სიურპრიზი მოუწყვეს“ და ულამაზესი და ობოლი მაიკო ქაიხოსროს ასული ორბელიანი კოჯრის ციხეში ძღვნად მიართვეს. ეს ის მაიკო ორბელიანია, რომლის შესახებაც იმპერატორის პატივსაცემად მეჯლისზე მყოფი რუსი გენერალ-მაიორი სემიონ სტრიშინსკი 1837 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილში წერდა – „მაიკო ორბელიანი ძლაიან საინტერესოდ და მადის აღმძვრელად გამოიყურება, როგორც წვნიანი და ტკბილი ფორთოხალი!“

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის მსგავსად, ჩემი თაობაც მოესწრო ქართული ელიტური ინტელიგენციის ზნეობრივ გადაგვარებასა და დაცემას, რაც მერე მთელ ერს „თურქულივით“ თუ „ციმბირის წყლულივით“ მოედო. დღეს კოლექტიური მაიკო ორბელიანების ლოგინში ჩაგორებას რუსთხელმწიფენი და ფადიშაჰები არ მიელტვიან, რადგან მათი მუშტარი თურქი, ირანელი და არაბი საქმოსნები არიან. არც გათახსირებული და სულგაყიდული ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი სჭირდება მაიკო ორბელიანის ცდუნებას, რომელიც პირსისხლიანი ნიკოლოზ პირველის სიყმაწვილის დროინდელი მეგობარი და „საქმეების მომკვარახჭინებელი“ გახლდათ.

 

გადმოცემით, სწორედ ივანე მუხრანბატონმა მიართვა კოჯრის ციხეში ნიკოლოზს უმშვენიერესი მაიკო... დღეს წყეული და უზნეო ივანე მუხრანბატონის ნაფუძარზე ხაზარ-ფაშა მამუკას მარნის კარი ჭრიალებს. სწორედ მამუკას გარყვნილი ინტელექტუალეტების სანავარდოდ და უბორნიად ქცეულა უზნეო და რძენაწყენი ივანე მუხრანბატონის მამული... სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ივანე მუხრანბატონის კარ-მიდამოს ხაზარები დაეპატრონნენ.

 

არც კოჯრის ციხე სჭირდება მაიკო ორბელიანის საწოლში შეტყუებას და არც ყაზახ-რუსთა გარნიზონი... დღეს მაიკო ორბელიანის ფასი ჩალის ტოლია, რადგან ქართველი კაცის სახელია გაუფასურებული, წახდენილი და შერცხვენილი!

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი სწორედ ასეთი უკუღმართი და უნამუსო ეპოქის შვილია, მაგრამ მის დიად სულს არც გაუკუღმართების ზადი შეჰპარვია და არც უნამუსობის ქვებუდანი. შეყვარებული ჭაბუკი სიყვარულში აღიარებასა და თანაგრძნობას ვერ ეღირსა, ვერ ეღირსა ვერც ცრემლსა და განსაკუთრებით სატრფოსგან დატირებას – ტატო, როგორც თავის შედევრში – „მერანში“ აღწერა, განჯაში ზუსტად იმ სიკვდილით მოკვდა – მეგობართა და ნათესავთაგან მიტოვებული...

 

ვიდრე მისი სიკვდილიდან 48 წელი არ გავიდა, 1893 წლამდე ნიკოლოზ ბარათაშვილს თბილისის მიწა არ ღირსებია. მან 27 წლის ასაკში თავის ღვთაებრივ და საზეპურო შემოქმედებასთან ერთად დაგვიტოვა საქართველოს გადარჩენის ფორმულა, რომელიც 1839 წელს ასე ნათლად და ცხოველმყოფლად ჩამოაყალიბა ისტორიულ პოემაში „ბედი ქართლისა“...

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელიც 1832 წლის შეთქმულებას ყოველი ნერვით თანაუგრძნობდა, რომელსაც სულს უხუთავდა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მარწუხები – იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა უახლოესი მეგობარი და ნათესავი, ფაქტობრივად, თვალწინ გაუუპატიურა, „ბედი ქართლისაში“ გვეუბნება, რომ საქართველომ სპარსეთისა და თურქეთის ჯავრი რუსეთის საფარქვეშ უნდა ამოიყაროს! სხვაგვარად გადაგვთელავენ, შეგვჭამენ და სიკვდილს სანატრელს გაგვიხდიან..

 

აი, ეს არის პოემის გენერალური ხაზი და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური დეკლარაციის კვინტენსენცია, რასაც ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, ბარათაშვილმა თავის პოლიტიკურ მანიფესტს ყოველგვარი კითხვის ნიშნები და გაურკვევლობის საბურველი მოხსნა, როცა სიკვდილამდე სამი წლით ადრე, 1842 წელს, მორიგი პოლიტიკური დეკლარაცია – ლექსი „საფლავი მეფის ირაკლისა“ დაწერა. 24 წლის პოეტმა საქართველოს უკანასკნელ დიდ მეფეს პოლიტიკური არჩევანი მოუწონა და ერეკლე მეფისადმი თავისი დამოკიდებულება ერთ წინადადებაში ჩაატია – „სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!“ ნიკოლოზ ბარათაშვილმა იცოდა, რომ პირსისხლიან და გარყვნილ ნიკოლოზ პირველზე უკეთესი ვერაფრით იქნებოდნენ ის ამერიკელი სენატორები თუ ევროპელი დომესტიკოსები, რომლებიც 1992 წლიდან მოყოლებული საქართველოს თავის ჭკუაზე მართავენ, პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს აქეთ-იქით ერეკებიან და გაყალბებულ არჩევნებს გვიკანონებენ.

 

მართლაც, საკითხავია, ვინ უფრო დიდი ვნება და უბედურება მოუტანა საქართველოს – ნიკოლოზ პირველმა, რომელმაც გადაგვარებული ქართველების დახმარებით მაიკო ორბელიანი გააბახა თუ სენატორმა რიშმა, მაკ-კეინმა, დეპუტატმა კუბილიუსმა, დიპლომატმა ბრაიზამ თუ ორმა პრეზიდენტმა ბუშმა, რომელთაგან ერთმა საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას დაუკრა კვერი, ხოლო მეორემ ორთაჭალაში, „ჭრელი აბანოს“ წინ, თავისი უკანალის ცანცარით, ფაქტობრივად, გააქეზა და გაამყარა სააკაშვილის გარყვნილი და კვაზიფაშისტური რეჟიმი!

 

ნიკოლოზ ბარათაშვილმა იცოდა, რომ ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონისა და მისი სულიერი მემკვიდრის მამუკა ხაზარაძის მსგავსი გარეწრები საქართველოში არც რუსულ დესპოტიასა და არც ამერიკულ დემოკრატიას არ დაელევა, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკურ არენაზე, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება, აუცილებლად მოხდება ის, რაც უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა – „ქართლსა დაიცავს რუსთხელმწიფება!“

 

სხვაგვარად წარმოუდგენელია, სხვაგვარად იალბუზის კენწეროსა და მთელ კავკასიას არათუ თურქეთის დროშის აჩრდილი შეეთამაშება, არამედ თურქული დროშები და ტანკები დაფარავს, რაც რუსეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის პირდაპირ სასიკვდილო განაჩენი იქნება.

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი არამარტო დიდი პოეტი, არამედ ქართველი ერის დიდი პოლიტიკური ორიენტირია, რომელიც იმედოვნებს, რომ ქართველების „ცხოველი ტრფიალებით აღსავსე სული გაუდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა განცეცხლებული...“

 

გუშინწინ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავზე ვიყავი და დიდხანს გავყურებდი საქართველოს ძველთაძველ დედაქალაქს, რომელიც ქვეყნის დაქცევისა და ძირძველი ქართული პროვინციების დაკარგვის ფონზე უსაშველოდ გაზრდილი და განვრცობილი მეჩვენა...

 

და კიდევ: საქართველო სწორედ იმიტომ დაპატარავდა, რომ ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილი ვერ წავიკითხეთ!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი