logo_geo
ვინ იყო „ჰასანა“, რომელმაც მზეჭაბუკის პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი მოკლა?
- +

29 დეკემბერი. 2020. 11:15

 

 

ქურთ ჰასანს" მკვლელობა ალბათ იმიტომ მიეწერა, რომ ნამდვილი მკვლელის მეტსახელი „ჰასანა" იყო


"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ, "დედ ჰასანის" შავი დღეები",”საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით ერთმა ეპიზოდმა, სადაც ლაპარაკი იყო ლადო ქოქიაშვილის მკვლელობაზე. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში წერილი მივიღეთ.

 

ყურადღებით წავიკითხე წერილი "დედ ჰასანის" შავი დღეები." სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ მენიშნა. ბევრი რამ ადრე ყურმოკვრით ვიცოდი. მაგრამ ერთი საყურადღებო ფაქტის შესახებ მინდა გითხრათ, რომელიც ლადო ქოქიაშვილის მკვლელობას უკავშირდება. მართალია,საზოგადოების გარკვეულ წრეებში ქოქიაშვილის მკვლელად "ქურთ ჰასანს" ასახელებდნენ, სინამდვილეში ის სულ სხვამ მოკლა, "ქურთ ჰასანს" კი მკვლელობა ალბათ იმიტომ მიეწერა, რომ ნამდვილი მკვლელის მეტსახელიც "ჰასანა" იყო. შესაბამისად, ახლახან მოკლულ "დედ ჰასანსაც" არ ჰქონია ამასთან კავშირი. დიდი დრო გავიდა ამ საშინელი ტრაგედიიდან, მაგრამ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვს ამ მკვლელობის დეტალები. იქნებ დაწვრილებით გაახსენებინოთ".


თენგიზ ჭონქაძე, თბილისი


საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, შევეცადეთ, გაგვერკვია  თბილისში ერთ დროს მეტად გახმაურებული მკვლელობის დეტალები.



გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისში (სადაც, როგორც მხცოვანი თბილისელები იხსენებენ, ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველაფერს თავისი სახელი ერქვა) ქალაქის გამორჩეულ ყმაწვილებს შორის ახალგაზრდა მოქანდაკე ლადო ქოქიაშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ (ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკე). ლადო შესაშური აღნაგობის გარდა (ოჯახის წევრების განცხადებით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი "მზეჭაბუკის", რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია), ქალაქში სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. ყველა მასთან დამეგობრებას ცდილობდა...  


"1956 წელი იყო, ზაფხული. ერთ საღამოს მე, ლადო და გედი ჭყონია რუსთაველის კინოთეატრიდან გამოვედით. შინისკენ გავწიეთ (ლადო ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, იქვე, რუსთაველთან, მე - ვერაზე). ქაშუეთთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ჩოჩქოლებდა. ამბის გასაგებად ხალხში გავერიეთ და ასეთ სურათს გადავაწყდით: 5 ახალგაზრდას ერთი ბიჭი გაეგდო ფეხქვეშ და უმოწყალოდ სცემდნენ. ეტყობა, იმ საწყალს არაქათი გამოლეოდა და ვეღარ ეწინააღმდეგებოდა თავდამსხმელებს. უცებ ლადომ დაიყვირა, - მიშა, ბიჭოო... დასისხლიანებულმა ლადოს ერთი შეხედა და გაეღიმა (მივხვდი - მისი დანახვა ძალიან გაუხარდა). უცებ ლადო მოგვიბრუნდა და გაგვაფრთხილა, - განზე იდექით, არ შემოხვიდეთო და მოჩხუბრებს დაერია...


კარგად მახსოვს, რომ ერთი, როგორც კი ლადო დაინახა, გაიქცა, დანარჩენებს კარგად მოხვდათ.


წამოვაყენეთ წაქცეული. ლადომ დაუყვავა.



ჩხუბის მიზეზიც მაშინ გავიგეთ: ამ ბიჭებს მიშას ბიძაშვილი გოგონასთვის რაღაც  უდიერად უთქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრნი იყვნენ, მიშას გოგონას დაცვაზე უარი არ უთქვამს და ჩხუბიც ამტყდარა".

 

გელა ქოქიაშვილი,
ლადო ქოქიაშვილის ბიძაშვილი


როგორც იხსენებენ, თბილისში მაშინ ბევრს ჩხუბობდნენ - მტყუან-მართალი ასე ირკვეოდა. დანის ხმარება იმ დროში წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, სხვა იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერს მუშტი წყვეტდა. ჩხუბის მერე ნაჩხუბრები ყოველთვის რიგდებოდნენ და შერიგების აღსანიშნავად ერთ სუფრას შლიდნენ. დაუძინებელი მტრობა ქალაქისთვის უცხო ხილი იყოო, - ამბობენ.


ლადოს ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებად ითვლებოდა ის, რომ ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. ქალაქში ყველამ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე  მასთან ექნებოდათ. მაშინ ლადო ქოქიაშვილს  მეგობრები ხუმრობით არსენასაც ადარებდნენ...



"რესტორან "არაგვის" ნაცვლად ადრე სამსართულიანი შენობა იდგა. მესამე სართულზე მოჭიდავეები ვვარჯიშობდით,  მეორე სართულზე კი მოკრივეების რინგი იყო. ლადო, როგორც კრივის მოყვარული, კვირაში ერთი-ორჯერ შემოივლიდა ხოლმე დარბაზში და კრივის ილეთებს სწავლობდა.



ერთ დღეს, როდესაც საჭიდაოდ მივედი, ლადოს კრივის დარბაზში მოვკარი თვალი. მისი სპარინგპარტნიორი იმ დღეს ზაურ კოზაევი (საბჭოთა კავშირის პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი) იყო.


შუა ვარჯიშის დროს მოულოდნელად  მოჭიდავე კოხტა გიორგაძე შემოვარდა და დაიყვირა, - ლადო ნოკდაუნშიაო. დიდიან-პატარიანად მეორე სართულზე ჩავცვივდით. დავინახეთ - ლადო რინგის კუთხეში იყო ჩაკუზული.
ასეთ მდგომარეობაში ლადო ჯერ ქალაქს არ ენახა.


უცნაური განცდა დამეუფლა, არ ვიცი, ეს ცნობისმოყვარეობით იყო გამოწვეული თუ კიდევ სხვა რამით...

 

უცებ ლადო ნელ-ნელა წამოიმართა, მხრები გაშალა და ვნახეთ საოცრება - განსაცვიფრებლად ლამაზი და პროპორციული ტანი, განსაკუთრებით ტორსი, ასეთი აღნაგობა ყველაზე ცნობილ თანამედროვე კულტურისტსაც შეშურდებოდა. მთლიანად გაიშალა, თვალები მრისხანედ მოავლო იქაურობას, უწინარესად, თავის სპარინგპარტნიორს (სპარინგის დროს კოზაევი ცდილობდა, ყოველი მისი დარტყმა ზომიერი ყოფილიყო, თუმცა ხელი გაეპარა და ლადოს მზის წნულში მოხვდა მისი მუშტი), რომელიც რიდით ელოდებოდა ლადოს  მდგომარეობიდან გამოსვლას. კოზაევმა ლადოს ბოდიში მოუხადა, თუმცა ლადომ ბოდიში არ მიიღო და მკაცრად უთხრა, - გარეთ გამოდი, ვილაპარაკოთო. უნდა გენახათ, რა დაემართა იმ წუთში კოზაევს: ამხელა კაცი უცებ დაპატარავდა. ატყდა ამბავი, ლადოს დაუწყეს ხვეწნა - აპატიეო. მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, -”ასე არ უნდა გავემეტებინეო და დარბაზიდან გავიდა, აპატია...



ჩვენ ცირკამდე ფეხით ვიარეთ. იმ პატარა მონაკვეთში ლადოს სახეზე სევდა არ  მოშორებია - წაგებას და დამარცხებას არ იყო მიჩვეული. ერთი კი მითხრა, - კარგი მომავალი გაქვს და აბა, შენ იციო. საოცარი გულწრფელობა იგრძნობოდა მის სიტყვებში..."

 

გურამ საღარაძე, მოჭიდავე,
1963-65
მსოფლიო ჩემპიონი, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი


ტრაგედია,  რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა, 1957 წლის მაისში დატრიალდა, მაშინ ლადო ქოქიაშვილი 21 წლის იყო.



"ლადოს მეგობარი ჰყავდა - ასტამურ აჩბა, ცნობილი კალათბურთელი. მოხდენილი ჩაცმა უყვარდა. მას, ლადოს და კიდევ რამდენიმე მეგობარს, ერთი მკერავი ჰყავდათ (იმ დროის თბილისში ტანსაცმელს ძირითადად მკერავთან იკერავდნენ), მთაწმინდელი იყო, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა.



ერთ  დღეს ასტამურმა მკერავთან პიჯაკის შესაკერად ქსოვილის ნაჭერი მიიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნაჭერი დაიკარგა. კაცი, რომელმაც ის ნაჭერი აიღო, ვინმე კარლო (რეზო) ასამბაძე აღმოჩნდა,”მეტსახელად "ჰასანა". Aასტამურმა მას წაღებულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
იმ საღამოს ლადო კინოთეატრში იყო. ასტამურმა მეორე მეგობართან ერთად მიაკითხა. უთხრა, - სადავო საქმე გამომიჩნდაო და დახმარება სთხოვა. რა თქმა უნდა, ლადოს დიდხანს არ უფიქრია და მეგობრებს გაჰყვა.



ბიჭები ასამბაძეს ოქროს უბანში, ერთ პატარა ბაღში შეხვდნენ და საპიჯაკე ნაჭრის დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს.


სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც კარლომ ლადო იცნო და - სადაც ხელს დამარტყამ, იქ დანას გაგიყრიო, - გააფრთხილა. ნათქვამი ლადოს სერიოზულად არ მიუღია (რადგან, როგორც მოგახსენეთ, დანის გამოყენება მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო). შენზე ხელს როგორ გავისვრიო, - უთქვამს "ჰასანასთვის" და ხელი აუქნევია, არ დაურტყამს. მაშინ ვერავინ შეამჩნია, რომ კარლო ასამბაძეს მაჯაში დანა ჰქონდა დამალული, მოულოდნელად ის გამოაცურა და ლადოს გაუყარა...


დაჭრილი ლადო საავადმყოფოში გურამ რჩეულიშვილმა მიიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც".

 

გელა ქოქიაშვილი

 


ლადო ქოქიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. თბილისელები იხსენებენ, დაკრძალვის დღეს ქალაქის კოლორიტი ხალხმა ხელით ატარა ვაკის სასაფლაომდე, მის კუბოს თავდახრილნი მიჰყვებოდნენო...


კარლო ასამბაძე დააკავეს.


აღშფოთებული საზოგადოება მკვლელის სამაგალითოდ დასჯას ითხოვდა. ამისთვის ინტელიგენციამ მაშინდელ ხელისუფლებას საგანგებო წერილითაც მიმართა, რომელსაც ხელს გალაკტიონ ტაბიძეც კი აწერდა.
ლადო ქოქიაშვილის  მკვლელობა ასამბაძეს დახვრეტას უქადდა, თუმცა მამამისმა (ბათუმის ერთ-ერთი რესტორნის დირექტორმა) შეძლო დახვრეტის მუხლი 25-წლიანი პატიმრობით შეეცვალათ.


მოგვიანებით მას სასჯელი კიდევ შეუმცირეს.
ამბობენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ჰასანა" ძალიან ნანობდა ჩადენილს. ის ვაკეშიც, ლადოს საფლავზეც, არაერთხელ უნახავთ.
მოგვიანებით მოკლეს  ლადოს მეგობარი ასტამურ აჩბაც. რესტორან "თბილისში" (სასტუმრო "თბილისის" რესტორანი) ის თურმე გაეხუმრა ერთ ახალგაზრდას, რომელმაც ხუმრობა შეურაცხყოფად მიიღო და აჩბა იქვე მოკლა...


"ლადოს მკვლელობიდან 40 წელი  იქნებოდა გასული, რომ ძველმა პლეხანოველებმა ჩვენი შერიგება სცადეს. ამბობდნენ, რომ "ჰასანა" ძალიან ნანობდა ლადოს ამბავს. თან ამდენი წელი გავიდა უკვეო... მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს დროს, ლადო ის შემთხვევა იყო, როდესაც დრო ჩვენი ტკივილის წამალი ვერ აღმოჩნდა. ჩვენი შერიგება არ მოხდა..."

 

გელა ქოქიაშვილი


რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა "ჰასანა"- კარლო ასამბაძე...
ლადო ქოქიაშვილის მკვლელობიდან  56 წელი გავიდა...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი