logo_geo
ნინო რამიშვილი: ზურგდაკემსილ ილიკოს ყველას ჯიბრზე გავყევი
- +

3 იანვარი. 2021. 20:59

 

ქართული ცეკვის ლეგენდები, ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი 1930 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთადერთი  ვაჟი, თენგიზი გაუჩნდათ.

 

„როდესაც ილიკოს მივყვებოდი, ყველა წინააღმდეგი იყო. ამბობდნენ, მოცეკვავე რად გინდაო. მამაჩემმა კი მითხრა – გინდა, გაყევი, თუ ქორწინება გაამართლებს, ხომ კარგი, არა და, სახლი გაქვს და უკან მოხვალო. ილიკოს ზურგდაკემსილი პერანგი ეცვა და მეც, ყველას ჯიბრზე, ამ ზურგდაკემსილს გავყევი…” – იგონებს ნინო რამიშვილი.

 

1935 წლის ზაფხულში დეპეშა მიიღეს – მოცეკვავეებს ინგლისში გზავნიდნენ. ნინო რამიშვილი იხსენებს:

 

„ლონდონში მეც უნდა წავსულიყავი. კომისარიატში გამომიძახეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. მაშინ 25 წლის ვიყავი. მითხრეს, ლონდონში რომ იქნები, თითოეულ მოცეკვავეზე ამბავი მოგვიტანეო. აღვშფოთდი და ვუთხარი, ზურგს უკან ლაპარაკი არ მჩვევია-მეთქი. გამომძიებელმა იყვირა, აი, თქვენმა ბურჟუაზიულმა წარმომავლობამ სად იჩინა თავიო…”.

 

ერთხელ ისინი სტალინს შეხვდნენ.

 

„სტალინის წინ უნდა ჩაგვევლო, გვერდით ბერია ედგა და მას უნდა წარვედგინეთ. ჩემი ჯერი რომ დადგა და მივუახლოვდი, გაიგონა გვარი რამიშვილი და უცებ თქვა:

 

„რამიშვილი? სურები? ვსე მენშევიკი, ვსეხ რასტრელიაც ნადა!”.

 

რა მომივიდოდა? შესაძლოა, იხუმრა კიდეც, მაგრამ იმ დროს მისი ხუმრობა მძიმედ შეიძლებოდა მოტრიალებულიყო. მისი ხუმრობა ხომ ბრძანება იყო… ჰოდა, ვდგავარ და ვფიქრობ, ახლავე გამიყვანენ თუ გასასვლელთან დამხვდებიან-მეთქი”.

 

ნინოს შიში არ გამართლდა. სტალინმა სახლში მიიპატიჟა და ქართული სუფრით გაუმასპინძლდა.

 

„ილიკო ღვინოს არ სვამდა. სტალინს უთქვამს, ილიკომ არც მოლოტოვთან დალია, არც აქ სვამს, ამიტომ ორი ჭიქით დავაჯარიმოთო. ილიკომ ჭიქა აიღო და სტალინის სადღეგრძელოს თქმა დაიწყო.

 

ბელადმა შეაჩერა და უთხრა, ჯერ შენი დედ-მამის დალიე, რადგან მათ რომ არ გაეჩინე, ახლა აქ არ იქნებოდიო.

 

მერე კი სთხოვა, იცეკვეო. ილიკომ ნინო გამოიცეკვა. სტალინი ფეხზე წამომდგარი უყურებდა თურმე. შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლები მოიწმინდა და თქვა, ახალგაზრდობაში მეც ვცეკვავდი, მაგრამ როგორა ხარ განათლებული, შე ღმერთძაღლო, ფეხებშიო.

 

ბოლოს სტალინს ილიკოსთვის უკითხავს, რა გაჩუქოო.

 

„ბინა არ მქონდა და არაფერი, მაგრამ ვუთხარი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნება თქვენი სურათი ავტოგრაფით-მეთქი”, – იხსენებს ილიკო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი