logo_geo
ვინ იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა
- +

19 იანვარი. 2021. 00:00

30 წლის ქირურგმა, იუსტინე ჯანელიძე, 1913 წელს, პირველმა შეძლო გულში ტყვიით დაჭრილი და აორტაგაგლეჯილი ადამიანის გადარჩენა.

„ეს ის გაბედული წარსულია, რომლის მხრებზეც ვდგავართ ჩვენ, დღევანდელი მოღვაწეობის კარდიოქირურგები, ახალი ათასწლეულის გამოწვევათა მიჯნაზე“, – ასე მოიხსენებს ამ ოპერაციას შემდეგ, 2000 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ჰიუსტონის გულის ინსტიტუტი.

და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა...

დაიბადა 1883 წლის 2 აგვისტოს, სამტრედიაში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სამედიცინო განათლების მიღება შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში დაასრულა და იქვე 1909 წელს ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია.

1910 წელს რუსეთში დაბრუნდა და ლენინგრადში დაიწყო მოღვაწეობა.

1932 წელს დააარსა ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც 1950 წლიდან მის სახელს ატარებს, დღესაც მუშაობს და ყველაზე დიდია რუსეთის ფედერაციაში.

სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში დღესაც გაიცემა იუსტინე ჯანელიძის ორი სტიპენდია.

მეორე მსოფლიო ომის დროს იუსტინე ჯანელიძე იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირში იმ დროს არსებული ყველა საპატიო წოდება და ჯილდო, იყო საბჭოთა კავშირის ქირურგთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. არ ყოფილა ქირურგიის არცერთი განშტოება, სადაც მას არ ეთქვას თავისი ნოვატორული სიტყვა.

მას ყოველთვის პრიორიტეტად ჰყავდა პაციენტი, რომლისთვისაც არანაირ სამედიცინო მანიპულაციას არ უნდა მიეყენებინა ტანჯვა.

ვერ იტანდა მაამებლობას, რამაც კინაღამ შეცვალა მისი ცხოვრება და ასეც მოხდებოდა, რომ არა მისი ნიჭი და უდიდესი მსოფლიო ავტორიტეტი.

კერძოდ კი, პროფესორი ჯანელიძე მეიოს ფონდის მიწვევით სამი თვით აშშ-ში მივლინებით იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნებულმა შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას გულწრფელად აღიარა – 100 წლით ჩამოვრჩებით ამერიკის შეერთებულ შტატებსო. ამ სიტყვებისთვის მაშინ დასაჯეს იმით, რომ ოპერაციების გაკეთება აუკრძალეს და მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება დაუტოვეს.

ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ სტალინის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანას დახმარება დასჭირდა. გოგონას მუცლის ტკივლები დაეწყო და ზუსტად ვერავინ ამბობდა მიზეზს. ბოლოს, სტალინის მოთხოვნით, ჯანელიძე მიიწვიეს.

აპენდიციტი – უყოყმანოდ დასვა დიაგნოზი პროფესორმა ჯანელიძემ და ოპერაციაც გააკეთა. ამის შემდეგ ლეგენდარულ ქირურგს კვლავ დართეს საქმიანობის ნება.

მის შესახებ დაწერილი სტატიებიდან ვგებულობთ, რომ გაბედული კაცი იყო. უპარტიოს ვერცერთ თანამდებობაზე ყოფნისას ვერ გაუბედეს პარტიაში შესვლის შეთავაზება.

1947 წელს, რკინის ფარდის ჩამოშვების მიუხედავად, იუსტინე ჯანელიძე აირჩიეს საფრანგეთის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრად, ევროპის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილ წევრად.

ამერიკამ კი 2000 წელსაც გაიხსენა ჯანელიძის ღვაწლი მსოფლიო კარდიოქირურგიის ისტორიაში.

მისი ოჯახის წევრი, ექიმი ცინუკი ჯანელიძე ლეგენდარული ბიძისადმი მიძღვნილ წიგნში წერს: „პრინციპულობითა და პირდაპირობით გამორჩეული ქართველი კაცი, რომელიც არასოდეს ჩამდგარა კომუნისტური პარტიის სამსახურში, პრაგმატულად მოაზროვნე მთავრობამ, იმდროინდელი ლენინგრადის ინტელიგენციამ და, რაც მთავარია, თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობამ, 7 კმ-მდე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ 1950 წლის 17 იანვარს ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაოზე ფეხით მიაცილა და მენდელეევსა და პიროგოვს შორის მიაბარა მიწას“.

დღეს მისი სახელობისაა ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი რუსეთის ფედერაციაში. ეს ლეგენდარული პიროვნება შესულია მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოში, როგორც პირველი ქირურგი, რომელმაც ოპერაცია მუშა გულზე გააკეთა.

 

https://digest.pia.ge/ka/news/saintereso-ambebi/vin-iko-kartveli-ekimi-romelits-rusetma-mendeleevis-gverdit-dakrdzala

big_banner
არქივი