logo_geo
კრიმინალური სამყაროს დედოფალი და მისი საბედისწერო სიყვარული
- +

22 იანვარი. 2021. 01:45

 

 

თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა არის მართალი და რა გამოგონილი კრიმინალური სამყაროს დედოფლის ბიოგრაფიაში, თუმცა ფაქტია, რომ სურა სოლომნიაკი ანუ სონკა, იგივე „ოქროსხელება“ (როგორც მას „კოლეგებმა“ შეარქვეს), ისტორიამ დაიმახსოვრა.

 

მოსკოვში, ვაგანკოვის სასაფლაოზე იტალიელი ხელოსნების მიერ შექმნილი თეთრი მარმარილოს ქანდაკება დგას, რომლის ფეხებთან ყოველთვის  ცოცხალი ყვავილები და ფულის მონეტებია მიმობნეული. ქანდაკების სადგამზე იხილავთ წარწერებს: „სონკა, ცხოვრება მასწავლე“, „საძმო არასდროს დაგივიწყებს“, „როსტოვს ყველაფერი ახსოვს“, „ერევნელი ბანდიტები გიხსენებენ“, „დაგვეხმარე, სონკა, საქმეზე მივდივართ“…

 

ოჯახში, სადაც კრიმინალური სამყაროს მომავალი დედოფალი დაიბადა, მოპარული ნივთების  გასაღება, კონტრაბანდა და ყალბი ფულის დამზადება ყოველდღიურობას წარმოადგენდა. სონკა 18 წლის იყო, როცა ვარშავაში მდიდარი ვაჭრის შვილს, ისააკ როზენბადს გაჰყვა ცოლად, მაგრამ შვილის გაჩენისთანავე ქმარი მიატოვა და გამომშვიდობებისას გაძარცვა. ამის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, სადაც მისი თავბრუდამხვევი „კარიერა“ დაიწყო.

 

 

 

სონკა მესამე კლასის ვაგონებში ქურდობდა, თუმცა მალევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ჩაუდგა სათავეში, რომელიც  1860-70-იან წლებში რუსეთის უდიდეს ქალაქებსა და ევროპას შიშის ზარს სცემდა. ის ძალიან ჭკვიანი იყო და 5 უცხო ენა იცოდა. ჰქონდა გარდასახვის არაჩვეულებრივი ნიჭი, რისი წყალობითაც, შეეძლო, თავი დიდგვაროვნად გაესაღებინა. როგორც ამბობენ, საიუველირო მაღაზიებიდან მოპარულ ბრილიანტებს ის გრძელი ფრჩხილების, ხოლო მაღაზიიდან მოპარულ ძვირფას ქსოვილებს, კაბის ქვეშ მალავდა. რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც, თუმცა თავი ძალიან მარტივად დაიძვრინა. ერთხელ დაამტკიცა კიდეც, რომ ჩემოდანი, რომელიც მოიპარა, თურმე შეცდომით აიღო.

 

სონკას შემდეგი „პარტნიორები“, მდიდარი, მოხუცი ებრაელი კაცი, ბანქოს შულერი და მატარებლის ქურდი იყვნენ. შვილებს, რომლებიც ამ მამაკაცებისგან გაუჩნდა, უცხო ადამიანები ზრდიდნენ, სონკა კი, მათ ფულს უგზავნიდა.

 

სონკამ შეიმუშავა ძარცვის თავისებური მეთოდი, რომელიც შემდეგს გულისხმობდა: იგი, ძვირფას ტანსაცმელსა და სამკაულებში გამოწყობილი, სამიზნედ მდიდარ მამაკაცებს ირჩევდა და მათ სექსუალურ კავშირს სთავაზობდა, შუა პროცესში კი, ქალის თანამზრახველი მსხვერპლს ჯიბეებს უსუფთავებდა.

 

კრიმინალური სამყაროს დედოფლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში ოდესელი ქურდის, ვალოდია კოჩუბჩიკის გამოჩენა. იგი სონკასთვის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო, ამიტომ მასთან ყოფნას ყველაფრის საფასურად ცდილობდა. აძლევდა დიდძალ ფულს, რომელსაც ვალოდია ბანქოს თამაშში ანიავებდა და თანდათან უფრო და უფრო მეტს ითხოვდა. სონკას მისგან არაერთი ფიზიკური შეურაცხყოფაც აუტანია, როცა სათამაშო დაწესებულებიდან მის წასაყვანად მისულა, თუმცა მაინც არ შორდებოდა. საბოლოოდ, თავად ვალოდიას მობეზრდა სონკას „მეურვეობა“ და ის დაასმინა.

 

„ოქროსხელება“ ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც მან რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა გაქცევა. ამის გამო, ის საკმაოდ მკაცრად დასაჯეს: გაროზგეს და ბორკილები დაადეს. ამბობენ იმასაც, რომ ისე მკაცრად, როგორც სონკას მოექცნენ, იქ არავინ დაუსჯიათ. რაც შეეხება ვალოდიას, ქალის თავიდან მოცილების შემდეგ, ის ბესარაბიაში გაემგზავრა, სადაც სონკას ქონება სახლებსა და მამულებში დააბანდა.

 

სონკას სიკვდილზე არაერთი მოსაზრება არსებობს. ერთი ვერსიით, მან კატორღას თავი დააღწია და 1947 წელს ოდესაში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მეორე ვერსიით, ოდესაში აღარასდროს დაბრუნებულა და 1920 წელს მოსკოვში დაიღუპა. მორიგი ვერსიის თანახმად, ქალმა ვერ გაუძლო პატიმრობის მკაცრ წესებს და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი