logo_geo
ბომბი „დინამოს“ სტადიონთან - თბილისი 1980 წლის 13 სექტემბერს საშინელ ტრაგედიას გადაურჩა
- +

24 იანვარი. 2021. 18:48

 

 

1980 წლის 13 სექტემბერს თბილისი საშინელ ტრაგედიას გადაურჩა, რომლის დამალვასაც იმდროინდელი ქვეყნის მთავრობა ცდილობდა...

 

ბომბი

 

1980 წლის 13 სექტემბერს ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონზე ბაქოს „ნეფთჩიმ“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და გასავარდნ ზონას გასცდა.

 

ცნობილი ფაქტია, რომ ქართველებმა თავიანთ აზერბაიჯანელ მეგობრებს ეს თამაში მოაგებინეს, მაგრამ მთავარი ეს არაა. საქმე ის იყო, რომ ბაქოელი გულშემატკივრები „იკარუსის“ ავტობუსით სამშობლოში გახარებულები ბრუნდებოდნენ.

 

გამარჯვების აღსანიშნავად 45 წლის მამედ გასიევმა კონიაკი ამოაცურა ჩანთიდან, რომ დაელიათ. მას ბოთლის საცობი შემთხვევით ხელიდან გაუვარდა და სავარძლის ქვეშ შეგორდა. ხოლო როდესაც გამოღება სცადა, იქ საათისმექანიზმიანი ბომბი აღმოაჩინა.

 

თბილისის დროით 21 საათი იყო. ბომბი კი 22 საათზე იყო დაყენებული.

 

„იკარუსი“ ჯერ კიდევ სტადიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. გასიევმა ბომბის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. ათიოდე წუთში ავტობუსთან „კაგებეს“ თანამშრომლები გაჩნდნენ.

 

გულშემატკივრები სხვა ავტობუსში გადასვეს და უთხრეს, რომ ხმა არ ამოეღოთ. ბომბი გააუვნებელყვეს და მომხდარის შესახებ გენერალ ალექსი ინაურსა და ცეკას პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს შეატყობინეს.

 

გაიგზავნა ინფორმაცია მოსკოვშიც და იქიდან ბრძანება მოვიდა, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ. მიუხედავად ამისა, თბილისში შეუმდგარი აფეთქების ამბავი იმავე საღამოს გავრცელდა და 14 სექტემბერს უკვე მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობდა...

 

გაქცეული პოლკოვნიკი

 

1983 წელს შეერთებულ შტატებში გაიქცა „კაგებეს“ პოლკოვნიკი გენადი გურმანოვი, რომელიც 1984 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს თავმოკვეთილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გურმანოვი „კაგებეს“ ლიკვიდატორებმა გამოასალმეს სიცოცხლეს ღალატისა და ენის ტლიკინისთვის. საქმე კი ის იყო, რომ გურმანოვი დაწვრილებით ყვებოდა, თუ როგორ განახორციელა „კაგებემ“ რამდენიმე აფეთქება მოსკოვში 1977 წელს. მათ შორის, იანვრის თვეში – მეტროში, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და 37 მძიმედ დაშავდა.

 

ამ აქციის შედეგად დახვრიტეს აკოპ სტეპანიანი, სტეპან ზატიკიანი და ზავენ ბაგდასარიანი. ისინი ტერორიზმში იქნენ დადანაშაულებულები. თუმცა, გურმანოვი ამტკიცებდა, რომ ეს ყოველივე „კაგებეს“ მოწყობილი იყო. ტერორისტები საგანგებოდ იყვნენ შერჩეულები იმ მოტივით, რომ სამივე ანტისაბჭოური შეხედულების ადამიანი იყო. „კაგებეს“ მიზანს კი წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ანტისაბჭოურად განწყობილი ადამიანების დაშინება, მეორე მხრივ კი – ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება. სწორედ ამ შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებდა გურმანოვი თბილისში დაგეგმილ აფეთქებას, რომელიც 1980 წლის 13 სექტემბერს უნდა განხორციელებულიყო და აცხადებდა, რომ ამაშიც „კაგებეს“ ხელი ერია.

 

საიდუმლო არმია

 

იმავე გენადი გერმანოვის მტკიცებით, თბილისში განუხორციელებელი ტერაქტის ფაქტზე საიდუმლო გამოძიება მიმდინარეობდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვიდან გამოგზავნილი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ამ ჯგუფში იყო თავად გურმანოვიც. მისი მტკიცებით, 20 სექტემბერს დააპატიმრეს სამველ სარქისიანი, ივანე სარიანი და კორა პოღოსიანი. სამივე ახალქალაქის მკვიდრი და მათი საცხოვრებელი სახლიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები და რამდენიმე ავტომატური იარაღი ამოიღეს. გურმანოვი ამბობდა, რომ მთელი ეს არსენალი „კაგებემ“ წინასწარ ჩადო ამ სახლებში.

 

ხოლო დაპატიმრებულებმა კი ჩვენებების მიცემა დაიწყეს და აღიარეს, რომ იყვნენ ეგრეთ წოდებული, სომხეთის საიდუმლო არმიის წევრები. მათი მტკიცებით, ამ არმიის მიზანი იყო სომხების გაერთიანება, კავკასიაში დიდი სომხური სახელმწიფოს შექმნა და შავ ზღვაზე ფართო გასასვლელის მოპოვება. მათივე თქმით, ამ მიზნის მიღწევას ეს ორგანიზაცია ტერორისტული გზით აპირებდა და რომ მოსკოვში 3 წლით ადრე განხორციელებული ტერაქტებიც ზემოხსენებულ მიზანს ემსახურებოდა. გურმანოვის მტკიცებით, დაპატიმრებული სომხები, სინამდვილეში, პროვოკატორები იყვნენ და „კაგებეზე“ მუშაობდნენ.

 

პოლკოვნიკი აცხადებდა, რომ სომხეთის საიდუმლო არმია „კაგებეს“ მიერ იყო შეგზავნილი და მათი გამოყენება გეგმა Z-ის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო.

 

გეგმა Z

 

გურმანოვის წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა და უკვე „გახურებული“ „პერესტროიკის“ დროს დაიწყო სისხლიანი კონფლიქტები სუმგაითში, ხოლო ყარაბაღის პრობლემა დღემდე მძინარე ვულკანის პოზიციაშია და დროგამოშვებით ამოიფრქვევა ხოლმე.

 

გაქცეული პოლკოვნიკი კარგა ხნის მკვდარი იყო, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე, ჯავახეთში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი აიყვანეს, რომლებიც საიდუმლო არმიის წევრები აღმოჩნდნენ. თუმცა, ისინი მალევე გაათავისუფლეს და გამოძიება არ გაგრძელებულა.

 

როგორც ჩანს, ყოფილ „კაგებესა“ და მის სამართალმემკვიდრეებში დიდი გეგმები ჯერ კიდევ განუხორციელებელია და ალბათ, დროდადრო კავკასიაში გეგმა Z-ის სხვადასხვა ვარიანტები იჩენს თავს. ძირითადად, ამ გეგმიდან ზედაპირზე ჯერჯერობით სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება ჩანს.

 

 

https://digest.pia.ge/ka/news/saintereso-ambebi/bombi-dinamos-stadiontan---tbilisi-1980-tslis-13-sektembers-sashinel-tragedias-gadaurcha

 

 

big_banner
არქივი