logo_geo
აგნეს ბოიაჯუ - დედა ტერეზა - სიკვდილის ანგელოზი ჯოჯოხეთიდან
- +

31 იანვარი. 2021. 20:35

 

 

„თუ ის წმინდანია, მე ქრისტე ვყოფილვარ“…

 

მის „მომაკვდავთა სახლებში“ აკრძალული იყო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება და ავადმყოფები ნებისმიერი დაავადებისგან კვდებოდნენ.

 

ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მასმედიის მიერ „სწორად“ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით ყველაზე ამაზრზენი და გულბოროტი ადამიანი „წმინდანად“ მოაჩვენო მილიონობით ადამიანს…

 

დედა ტერეზა, იგივე აგნეს ბოიაჯუ, 1910 წლის 26 აგვისტოს სკოპიეში, მდიდარი ალბანელი კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. მისი მამა ალბანელი ნაციონალისტი იყო, რომელიც იატაკქვეშა ორგანიზაციაში ირიცხებოდა, სკოპიეს სერბებისგან გათავისუფლება და მისი ალბანეთთან მიერთება რომ ექცია მიზნად. ის მალევე მოკლეს სერბულ სოფელზე შეტევის დროს.

 

1928 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, აგნესი ირლანდიაში გაემგზავრა და „ლორეტოს დების“ მონაზვნების ორდენში შევიდა, მან შეისწავლა ინგლისური ენა, მონაზვნად აღიკვეცა და ტერეზას სახელით ინდოეთის ქალაქ კალკუტაში გაემგზავრა, რათა წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკურ სკოლაში მასწავლებლად ემუშავა.

 

მოგონებების თანახმად, 1946 წელს ტერეზას იესო ქრისტე გამოეცხადა, რომელმაც სკოლის დატოვება, მონაზვნის სამოსის განძარცვა, ადგილობრივი ნაციონალური სამოსის, სარის ჩაცმა და ყველაზე ღარიბებისთვის და უბედურებისთვის დახმარების გაწევა უბრძანა. სხვა მოგონებებში კი ის ამტკიცებდა, რომ ხუთი წლის ასაკიდან ღმერთი მასთან რეგულარულად მიდიოდა.

 

როგორც უნდა უცნაური იყოს, ტერეზამ მოახერხა თავისი უშუალო კათოლიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერის მოპოვება. იმ დაწესებულებისთვის, რომელსაც თავად დედა ტერეზამ „მომაკვდავთა სახლი“ უწოდა, მერიამ 1948 წელს ინდური ქალღმერთის კალის უძველესი ტაძარი გადასცა. მის პერსონალს დედა ტერეზას მიერ დაარსებული ორდენის („სიყვარულის მისიონერი დები“) მონაზვნები შეადგენდნენ, რომელიც მოგვიანებით რომის პაპის კურთხევით მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებდა.

 

დედა ტერეზას ორგანიზაციამ მსოფლიოში სახელი 1969 წელს გაითქვა, როცა ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების დავალებით ჟურნალისტმა მალკოლმ მაგერიჯმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „რაღაც მშვენიერი ღმერთისთვის“, რომელიც ხოტბას ასხამდა დედა ტერეზას. ეს მარტო სადიდებელი ფილმი კი არ იყო, ეგზალტირებული ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ გადაღებების დროს სასწაული მოხდა: „იქ განათება არ იყო, მაგრამ გადაღება არ შეფერხებულა, რადგან „ღვთიური სინათლე“ გამოჩნდა“.

 

და, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ოპერატორმა კენ მაკ-მილანმა განაცხადა, რომ მაშინ პირველად გამოიყენა კოდაკის ფირმის ფირი ღამის გადაღებებისთვის, მან ვერ შეძლო სამხედრო-საზღვაო ძალების ძლევამოსილი კორპორაციის ხმის გადაფარვა, თანაც ადამიანებს ურჩევნიათ სასწაულები იწამონ, ვიდრე ახალი ფირის შესაძლებლობები…

 

პიარის შედეგად მონაზვნების რაოდენობა 5000-მდე გაიზარდა, მათ შეემატა 500 ტაძარზე მეტი მსოფლიოს 121 ქვეყანაში. გაიხსნა ჰოსპისები, მძიმედ დაავადებულთა დახმარების ცენტრები და სოციალური სახლები. თუმცა დედა ტერეზა მათ კვლავინდებურად „მომაკვდავთა სახლებს“ უწოდებდა.

 

სიმართლე ამ სახლების შესახებ მოთხრობილია მერი ლაუდონის დოკუმენტურ ფილმში „ანგელოზი ჯოჯოხეთიდან“, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ ასეთ სახლში მუშაობდა.

 

„თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის კადრებს ვუყურებდი, რადგან ყველა პაციენტს თავი ჰქონდა გადაპარსული. ავეჯიდან მხოლოდ გასაშლელი და პრომიტიული ხის საწოლები იდგა. ორი დარბაზი. ერთში ნელა კვდებიან მამაკაცები, მეორეში _ ქალები. პრაქტიკულად არანაირი მკურნალობა არ უტარდებათ, წამლებიდან მხოლოდ ასპირინი და სხვა იაფი სამკურნალო პრეპარატები გამოიყენება. არ ჰყოფნით წვეთოვანი სისტემები, თითოეული ნემსი მრავალჯერადად გამოიყენება. კითხვაზე, რატომ არ ხარშავენ ნემსებს, მონაზვნები მპასუხობენ, რომ ეს საჭირო არ არის“.

 

დედა ტერეზა ამბობდა: „არის რაღაც მშვენიერი იმაში, როგორ იღებენ ღარიბები საკუთარ ბედისწერას და ისე ეწამებიან, როგორც იესო ჯვარზე. ტანჯვა ნიშნავს, რომ იესო გეამბორებათ“. შედეგად, ტკივილით გამოწვეული შოკი ბევრი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

 

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი იდეალურად მიესადაგება მის კონცეფციას ავადმყოფების „გადარჩენის“ შესახებ. თუ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გადარჩენა გამოჯანმრთელებას ნიშნავს, დედა ტერეზასთვის ეს ნიშნავდა კათოლიკობის მიღებას და იმქვეყნიურ ცხოვრებაში ტკივილისგან გათავისუფლებას. ამიტომ, რაც უფრო მეტად იტანჯებოდა ადამიანი, მით უფრო ადვილი იყო მისი დარწმუნება, რომ ტანჯვისგან გასათავისუფლებლად კათოლიკე უნდა გამხდარიყო და იესო ქრისტე მას დაეხმარებოდა.

 

დედა ტერეზა ასევე იოლად იცვლიდა პოზიციებს სხვადასხვა საკითხებზე. 1979 წელს ნობელის პრემიის მიღებისას მან განაცხადა: „მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხე აბორტია, რადგან ეს არის ომი, მკვლელობა, ადამიანის მკვლელობა საკუთარი დედის მიერ“.

 

თუმცა, როცა მისმა მეგობარმა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ ძალადობრივად დაიწყო ღარიბების სტერილიზაცია, აგნეს ბოიაჯუმ მხარი დაუჭირა ამ კამპანიას. 1993 წელს კი მან კვლავ შეცვალა პოზიცია და გაკიცხა 14 წლის გოგონა, რომელმაც გაუპატიურების შემდეგ აბორტი გაიკეთა.

 

მსოფლიოში მოგზაურობისას აგნეს ბოიაჯუ მოითხოვდა განქორწინების აკრძალვასაც. თუმცა, როცა მისი მეორე მეგობარი, პრინცესა დაიანა პრინც ჩარლზს გაეყარა, დედა ტერეზამ განაცხადა, რომ „ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ოჯახიდან სიყვარული წავიდა“.

 

მიუხედავად იმისა, რომ აგნეს ბოიაჯიუ მოკრძალებული ქრისტიანული ცხოვრებისკენ მოუწოდებდა, მსოფლიოში მრავალრიცხოვანი მოგზაურობისას ის თავად პერსონალური თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით გადაადგილდებოდა და ყველაზე ფეშენებელურ რეზიდენციებში ჩერდებოდა.

 

მასირებული პროპაგანდის წყალობით მილიონობით ადამიანმა დაიჯერა უბედურ ადამიანებზე უანგაროდ მზრუნველი დედა ტერეზას ამბავი და მისი ორდენისთვის დაიწყეს შემოწირულობების გაგზავნა. ნობელის პრემიის გარდა, დედა ტერეზამ და მისმა ორდენმა კიდევ ათეულობით პრემია და უამრავი თანხა მიიღეს სხვადასხვა ორგანიზაციიდან. იმის შესახებ კი, როგორ იხარჯებოდა ეს თანხები, ნობელის პრემიის ლაურეატს საუბარი არ უყვარდა.

 

ინდირა განდისთან მეგობრობის წყალობით, მისი ორგანიზაცია, რომელიც ინდოეთში იყო დარეგისტრირებული, დიდი ხნის განმავლობაში გათავისუფლებული იყო ყველანაირი ფინანსური კონტროლისგან, როგორც მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამასთან, როდესაც 1998 წელს შედგა რეიტინგი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ კალკუტაში გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ, დედა ტერეზას ორდენი 200 ორგანიზაციას შორისაც კი არ ყოფილა მოხსენიებული.

 

ყველაზე ხმაურიანი სკანდალი, რომელიც აგნეს ბოიაჯიუს მიერ მიღებულ შემოწირულობებთან იყო დაკავშირებული, 1991 წელს მოხდა, როცა გერმანულმა ჟურნალმა შტერნ-მა დოკუმენტებზე დაფუძნებით გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხოლოდ შემოწირულობების 7% იხარჯებოდა ავადმყოფების სამკურნალოდ, უზარმაზარი თანხები კი ვატიკანის ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე ირიცხებოდა.

 

შემოწირულობების წარმომავლობა დედა ტერეზას სრულიად არ აწუხებდა. ის მშვიდად იღებდა დიქტატორების მიერ საკუთარი ხალხისთვის წაგლეჯილ ფულსაც კი.

 

ამგვარად, 1981 წელს ის ჰაიტის ეწვია, რომელსაც ჟან-კლოდ დიუვალიე მართავდა მამა-დიქტატორის სიკვდილის შემდეგ. თითქოსდა არაფერი კარგი არ ხდებოდა დასავლეთ ნახევარსფეროსა და დედამიწაზე ყველაზე ღარიბი ქვეყანაში, სადაც 60 ათასზე მეტი აშკარა და ფარული პოლიტიკური მკვლელობა ჩაიდინა დიუვალიეს ოჯახმა და სადაც კორუფცია და ავადმყოფობები ჰყვაოდა, თუმცა დედა ტერეზამ განაცხადა, რომ მსოფლიოში არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ უნახავს ქვეყნის მმართველსა და ღარიბებს შორის ასეთი სიახლოვე. შედეგად, ჰაიტის დიქტატორისგან დედა ტერეზამ 1,5 მლნ დოლარი მიიღო.

 

სხვა ცნობილი კეთილისმყოფელი, რომელმაც დედა ტერეზას 1,25 მლნ დოლარი შესწირა, იყო ამერიკელი ჩარლზ კიტინგი. მოგვიანებით, როცა ის სასამართლოში მოხვდა, რადგან თავისი ფონდის 23 ათასი მეანაბრე გაძარცვა და 252 მლნ დოლარი მიითვისა, დედა ტერეზამ თხოვნა დაწერა კათოლიკური ეკლესიის ერთგული და ხელგაშლილი შვილის შეწყალების თაობაზე.

 

დედა ტერეზამ ვატიკანს 3 მლრდ დოლარზე მეტი მოუტანა და მილიონობით მიმდევარი შესძინა.

 

როდესაც იტალიელმა ჯორჯიო ბრუსკომ, რომელიც ციხეში იჯდა მაფიის ხელმძღვანელობის ბრალდებით, დედა ტერეზას კანონიზაციის შესახებ გაიგო, თქვა: „თუ ის წმინდანია, მე ქრისტე ვყოფილვარ“…

 

ბელა გველესიანი

 

 

big_banner
არქივი