logo_geo
ადრეული ქორწინება, ჭირი, ინტრიგები და გაუჩინარება – ნეფერტიტის იდუმალი ბედი
- +

15 თებერვალი. 2021. 21:29

 

 

დედოფალი ნეფერტიტი, ფარაონ ამენჰოტეპ IV-ს ცოლი, ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალად ითვლება. ფარაონის მეუღლე 14 წელი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის მართვაში, შემდეგ კი, უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

 

ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ ნეფერტიტი ფარაონი გახდა საკუთარი მეუღლის სიკვდილის შემდეგ და ქვეყანას მართავდა, სანამ მმართველობა ტუტანხამონს არ გადაეცა. ამ ქალბატონის გარეგნობის შესახებ შეგვიძლია შევიტყოთ სკულპტორის, თუტმოს უმცროსის მიერ შექმნის ბიუსტის მიხედვით.

 

 

 

ბიუსტი აღმოაჩინეს გერმანელმა არქეოლოგებმა: ლუდვიგ ბორჰარდმა და ჰერმან რანკემ XX საუკუნის დასაწყისში. არტეფაქტმა იმდენად გააოცა მეცნიერები, რომ ბორჰარდი საკუთარ დღიურში წერდა: „აღწერა შეუძლებელია – ამას უნდა შეხედო.“

 

ბიუსტის შესწავლის შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ერთი თვალის მქონე ბიუსტიდან თვალი განზრახ იყო ამოღებული. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, სკულპტორი შეყვარებული იყო ნეფერტიტზე და მას ეს გაუმხილა, ხოლო უარის მიღების შემდეგ გაბრაზდა და ერთ-ერთი თვალი დაუზიანა.

 

უცნობია, ზუსტად როდის გახდა ნეფერტიტი ფარაონის მეუღლე, მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს ძალიან ადრეულ ასაკში მოხდა – როცა 12-15 წლის იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ მისი მეუღლე ბევრად უფროსი არ ყოფილა. ასეთი ადრეული ქორწინებები მიღებული იყო ეგვიპტეში. ამენჰოტეპ IV და მისი მეუღლე ისტორიაში დარჩნენ, როგორც რეფორმატორები. მათი მმართველობის დროს მრავალღმერთიანობიდან ქვეყანა ატონიზმამდე მივიდა, ისინი მზის ღმერთ ატონს სცემდნენ თაყვანს.

 

ქორწინებაში მყოფ ფარაონსა და ნეფერტიტს 6 ქალიშვილი ეყოლათ. შემდეგ დედოფალი ყველა საბუთიდან უჩინარდება, თითქოს, არც არასდროს არსებობდა. 2012 წლამდე ითვლებოდა, რომ დედოფალი სამეფო შეთქმულების შედეგად გარდაიცვალა ან ემსხვერპლა ჭირის ეპიდემიას.

 

გათხრების დროს აღმოჩნდა, რომ ყველა წარწერაზე საგანგებოდ შლიდნენ ვიღაც ქალის სახელს. თავიდან იფიქრეს, რომ ეს ნეფერტიტი იყო, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ამენჰოტეპის ​„მეორეხარისხოვანი ცოლის“ – კიის სახელი იყო.

 

ნეფერტიტის მუმია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი. მართალია, ზოგიერთი არქეოლოგი თვლის, რომ დედოფალს ეკუთვნის ნაპოვნი 45 წლის ქალის მუმია, რომელსაც სქოლეოზი ჰქონდა და ასევე, ბრტყელტერფიანობა აწუხებდა, მაგრამ დღემდე არავინაა დარწმუნებული, რომ ის მართლაც ნეფერტიტია. მეცნიერებმა მუმიის თავის ქალის რეკონსტრუქცია შეძლეს და ის სულაც არ ჰგავს ნაპოვნ ბიუსტს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი