logo_geo
როგორ „ამხილეს“ ჯადოქრები თბილისთან ახლოს, ელიზაბეტთალში 1858 წელს
- +

15 თებერვალი. 2021. 23:11

 

 

ქართულ-გემრმანული არქივი უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თბილისთან და თბილისის ახლომახლო მდებარე ადგილებთანაა დაკვიშირებული. ასურეთი (ელიზაბეტთალი) ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ძველი ქართული სოფელია, რომელიც XVIII საუკუნეში მტრის შემოსევების შედეგად გაუკაცრიელდა, XIX საუკუნის 20-იან წლებში კი, მეფის რუსეთმა აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლა და გერმანული კოლონია – ელიზაბეტთალი შექმნა. სწორედ ელიზაბეტთალს უკავშირდება „ჯადოქრების აღმოჩენის“ ისტორია, რომელსაც არქივის გვერდზე ოლესია დიმიტრიჩენკო თავის საინტერესო სტატიაში გვიყვება.

 

„ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია“, – ამოტვიფრულია ძეგლზე რომელიც 1997 წელს დადგეს ქალაქ დიუსელდორფის ერთ ერთ რაიონში. ზუსტად აქ, 1738 წელს, ბრალდებით – ჯადოქრობა და ჯადოსნობა – უკანასკნელად დასაჯეს სიკვდილით 15 წლის ელენე კურტენსი და შვიდი შვილის დედა აგნეს ოლმანსი. ისინი, როგორც „კუდიანები“, ცოცხლად დაწვეს კოცონზე. თანამედროვე ადამიანისთვის ასეთი ტიპის ბრალდება აბსურდულია, მაგრამ მე XV-ე საუკუნიდან ეს განაჩენი ჩვეულებრივი იყო ევროპის ქვეყების საზოგადოებებისათვის და გერმანიისთვისაც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცრუმორწმუნე იყო და ჯადოქრობის, კუდიანების, ალქაჯების და მკითხაობის სჯეროდათ.

 

როდესაც საქართველოს არქივებში გერმანელების – კოლონისტების ცხოვრებას იკვლევ და მასალებს ეცნობი, არასდროს არ იცი თუ რა დაგხვდება ახალ და ახალ საარქივო ფონდებში. ერთხელაც, მორიგი საარქივო ფონდის აღწერა მეჭირა და ვეცნობოდი გრძელ ჩამონათვალს, საიდანაც უეცრად მხოლოდ და მხოლოდ ერთმა სიტყვამ მიიქცია ყურადღება – ჯადოქრობა… ჯადოქრობა კოლონიებში? ეს სიტყვა ყოველთვის ზღაპარს გაგონებს ხოლმე, მაგრამ ამჯერად ეს ზღაპარი სულაც არ აღმოჩნდა.

 

 

უნდა ვთქვა რომ „ჯადოქრობის“ თემა სრულიად უცხოც არ ყოფილა ჩემთვის – ბავშვობაში მსმენია, რომ საქართველოს ერთ ერთ კოლონიაში, დასახლების განაპირას, ცხოვრობდა შუახნის მარტოხელა ქალი. კოლონისტებს აეჭვებდათ და აინტერესებდათ, თუ რა ხდებოდა ხოლმე სინამდვილეში მის სახლში და ხშირადაც სტუმრობდნენ. იქ კი კი ყოველთვის ერთი და იგივე მეორდებოდა: „ჯადოქარი“ მისულ ლამაზმანებს ეუბნებოდა, რომ როგორც კი ჩემთან სტუმრები მოდიან, სახლი ყოველთვის წყლით ივსებაო. ასეც ხდებოდა. წარმოუდგენელია, მაგრამ გადმოცემაში ირწმუნებოდნენ, რომ ოთახი ყველა მხრიდან წყლით ივსებოდა, შიშისაგან გაქცეულ სტუმარ ქალებს კი ქვედაბოლო ყოველთვის სველი ჰქონდათ.

 

დოკუმენტურად დადასტურებული ისტორია კი ელიზაბეტთალის კოლონიაში (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი ასურეთი) მოხდა, სადაც პასტორი იაკობ ბერტოლდი ბაუმეისტერის ოჯახს – მეუღლეს და დედას ჯადოქრობაში ადანაშაულებდა. 1858 წელს ელიტაბეტთალი შიშმა მოიცვა. მთელი ეს ამბავი კი კოლონიის პასტორის ანტონ კამილო ბერტოლდის (Anton Camillo Bertoldy) ჩანაწერებმა შემოგვინახა, რომელიც ელიზაბეტთალში 1854-1861 წლებში მსახურობდა.

 

 

ჯადოქრობის მთელი საშიში და საიდუმლო ამბავი შემდეგი იყო:

 

1857 წლის მარტში კოლონისტი ბაუმეისტერის ოჯახს სამშენებლო მასალა მოპარეს. ოჯახმა და მეზობლებმა ეჭვი თანასოფლელებზე მიიტანეს. დამნაშავეების გამოსვალენად კი უცნაურ ხერხს მიმართეს. ერთ ღამეს ბაუმეისტერს ესტუმრა ჯერ მიქაელ ფიგელი შემდეგ კი მიქაილ ფრიცი. საიდუმლო მათ უნდა ამოეხსნათ, ამოხსნის გზა კი, მკითხაობა იყო.

 

რიტუალი ასეთი გახლდათ: ერთ-ერთი მათგანი დასვამდა შეკითხვას და გასაღებს დაატრიალებდა, რომლის გაჩერების მიმართულების მიხედვით, პასუხს დაადგენდნენ ხოლმე. ჭკვიანმა გასაღებმა ქურდობის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ პასუხად როგანეს კრომერზე მიუთითა. შემდეგი კითხვა კი, ჯადოქრობაზე იყო, რაზეც გასაღებმა მთელი რიგი ადამიანები მონიშნა. მკითხაობის დასკვნით, ჯადოქრებში ლიდერობდა მოხუცი ფრიდერიკა ბაუმეისტერი – რომელიც იჯდა მუდმივად კუთხეში და იცინოდა, თითქოს სათამაშოს ეთამაშებოდა – და მისი რძალი მარგარიტა. მათ შემდეგ სიაში უკვე იყო მიქაელ ფიგელის მეუღლე, ქვრივი ბაუდერი და არც მეტი, არც ნაკლები – პასტორი ანტონ კამილო ბერტოლდი. საიდუმლო მკითხაობის შესახებ ცნობა მალე გავრცელდა და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „ჯადოქრობაში მთავარი ეჭვმიტანილი“ ფრიდერიკა ბაუმეისტერი იძულებული გახდა, თავი დაეცვა და ყველას დადანაშაულებას მიყო ხელი, მათ შორის – პასტორ ბერტოლდისაც კი, რომელსაც ჯადოქრობის ოსტატს ეძახდა. აღშფოთებული კოლონისტები ფრიდერიკას კანონიერ დასჯას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ, რომ თვითონვე მიიღებდნენ საჭირო ზომებს. თავად პასტორიც იძულებული გახდა, საეკლესიო კონვენტისთვის მიემართა დასახმარებლად, რათა ჩატარებულიყო საფუძვლიანი გამოძიება იმისთვის, რომ საზოგადოებაში სიმშვიდე აღდგენილიყო.

 

გამოძიებამ ამჯერად ცეცხლისა და მახვილის გარეშე გადაწყვიტა ყველაფერი: „ჯადოქრებს“ მხოლოდ სხვადასხვა ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ:

 

ფრიდერიკა ბაუმეისტერ – 20 მანეთი;

 

მარგარიტა ბაუმეისტერ – 10 მანეთი;

 

მიქაელ ფიგელი – 15 მანეთი;

 

მიქაელ ფიგელის მეუღლე – 2 მანეთი;

 

ქვრივი ბაუდერი – 1 მანეთი.

 

ამის გარდა, დოკუმენტების მიხედვით, ისინი დაავალდებულეს, რომ საზოგადოების შეკრების დროს საჯაროდ უნდა მოეხადათ ბოდიში და უარი უნდა ეთქვათ „ჯადოქრობაზე“.

 

რა მოხდა შემდგომ, შეეშვნენ თუ არა „ჯადოქრობას“ მხილებული მოქალაქეები, უცნობია. ეს მცირე, უცნაური და ტრაგიკომიკური ამბავი ელიზაბეტთალელი „ჯადოქრების“ შესახებ თანამედროვე მკითხველისათვის უბრალოდ საინტერესო ფაქტად თუ გამოდგება, იმის საილუსტრაციოდ, რომ შუა საუკუნის ევროპაში „კუდიანებზე ნადირობის“ მსგავსი ისტორია აქვე, სულ რაღაც 150 წლის წინ ჩვეულებრივი ამბავი იყო. გერმანიაში ამ მოვლენების ექო დღემდე სახალხო დღესასწაულის ფორმით შემორჩა „ვალპურგის ღამის“ სახით. წმ. ვალპურგისის დღესასწაულის პირველი მაისის წინა ღამეა, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით, ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა იმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი