logo_geo
ტუხაჩევსკის, იგივე „სისხლიანი მარშალის“ საქმე – საბჭოთა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფურცელი
- +

18 თებერვალი. 2021. 21:16

 

 

 

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.

 

 

საბჭოთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფურცელი ტუხაჩევსკის საქმეა. „წითელი ნაპოლეონი“, „ბუხარინ-ტროცკის ბანდის ნაძირალა“ „სისხლიანი მარშალი“, „გლეხების ჯალათი“, „კარიერისტი და მოღალატე“, – ყველა ეს ეპითეტი და დახასიათება მხოლოდ ერთ პიროვნებას ეკუთვნის, ცხოვრებაშივე მრავალრიცხოვანი ლეგენდებით გარემოცულ, 1893 წლის 16 თებერვალს დაბადებულ მიხეილ ტუხაჩევსკის.

 

1937 წლის 11 ივნისს მარშალ ტუხაჩევსკის და სხვა სამხედროებს დახვრეტა მიუსაჯეს. ბრალდებები მრავალრიცხოვანი იყო: ანტისაბჭოთა საქმიანობა, ტროცკისთან კავშირი, კომპარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტის მომზადება, კრემლის ძალოვანი შეპყრობის მცდელობა, გერმანულ და პოლონურ დაზვევასთან თანამშრომლობა.

 

ლავრენტი ბერია სტალინის მიმართ 1937 წლის 20 ივლისის წერილში „საქართველოში „კონტრრევოლუციური დაჯგუფებების შესახებ” წერდა გერმანე მგალობლიშვილის – ინგლისის ჯაშუშის კავშირზე ტუხაჩევსკისთან. ბერიას მტკიცებით, მგალობლიშვილი ახდენდა ტუხაჩევსკის ინფორმირებას წითელი არმიის ქართულ შენაერთებში კონტრრევოლუციურ საქმიანობაზე, ხოლო მოღალატე შალვა ელიავა, ტუხაჩევსკის მოთხოვნით, აწვდიდა გერმანიის გენერალურ შტაბს დივერსიული ხასიათის ინფორმაციას წითელი არმიის ქართული შენაერთების მდგომარეობაზე.

 

მიხეილ ტუხაჩევსკი გაღარიბებულ თავად-აზნაურთა წრეს მიეკუთვნებოდა, წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კი, სამხედრო სასწავლებელი. პირველ მსოფლიო ომში თავდაუზოგავი მამაცობა გამოავლინა და 6 თვის მანძილზე 6 ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წელს იგი ტყვეობაში ჩავარდა, რომელსაც, მეხუთე მცდელობით, 1917 წელს დააღწია თავი. 1918 წელს კი იგი უკვე წითელი არმიის დროშის ქვეშ მსახურობდა. ტუხაჩევსკის არმია იყო პირველი რეგულარული შენაერთი საბჭოთა სამხედრო ისტორიაში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით განადგურდა „თეთრების” – კოლჩაკისა და დენიკინის ჯარები, მაგრამ წარუმატებლობით დასრულდა მისი საჯარისო შენაერთების იერიში პოლონეთზე 1920 წელს. 1921 წელს სისხლში ჩაახშო კრონშტადტის და ტამბოველი გლეხების აჯანყება. ტამბოვის გლეხების პროტესტს იშვიათი სისასტიკის მეთოდები დაუპირისპირეს ტუხაჩევსკის ჯარისკაცებმა – ადამიანებს ხვრეტდნენ აჯანყებულებთან ნათესაური კავშირის გამო, ხოლო უდანაშაულო ბავშვებსაც კი, საკონცენტრაციო ბანაკებში ამწესებდნენ წარმოუდგენლად მძიმე პირობებში.

 

 

1931 წელს იგი სსრკს თავდაცვის სახალხო კომისრის ვოროშილოვის მოადგილე ხდება, თუმცა მისი ავტორიტეტი აღემატება ვოროშილოვისას.

 

„ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ მთავარ, ხელმძღვანელ როლს თავდაცვის სახალხო კომისარიატში ტუხაჩევსკი ასრულდებდა“ – იხსენებდა მარშალი ჟუკოვი.

 

სპეციალური სასამართლო შემადგენლობა, რომელმაც დახვრეტის განაჩენი გამოიტანა, შედგებოდა მხოლოდ ერთი მოსამართლის – ვასილი ულრიხისაგან და 8 სამხედროსგან, რომელთა შორის იყვნენ სემიონ ბუდიონი და ვასილი ბლუხერი (ეს უკანასკნელი და კოლეგიის კიდევ ოთხი წევრი ერთი წლის შემდეგ ასევე დახვრიტეს). განაჩენის გაცხადებისთანავე, 11 ივნისის, 23 საათსა და 35 წუთზე ბრალდებულები უზენაესი სასამართლოს სარდაფში ჩაიყვანეს, ხოლო განაჩენი შინსახკომის კომენდანტმა, ვასილი ბლოხინმა აღასრულა. სწორედ ამ საქმის შემდეგ ფართო მასშტაბები მიიღო დიდმა ტერორმა, როგორც წითელ არმიაში, ისევე მთელს საბჭოეთში.

 

მარშალ ტუხაჩევსკის რეაბილიტაციის პროცესი 1956 წლიდან, ხრუშჩოვის „დათბობის“ ეპოქაში დაიწყო და 1957 წლის 31 იანვარს დასრულდა.

 

დღემდე ტუხაჩევსკის პერსონის მიმართ ერთგვაროვანი შეფასებები ისტორიკოსების მხრიდან არ არსებობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი