logo_geo
ვინ დახოცა თბილისში ორი კანონიერი ქურდი და რა მოტივით იქნა დანაშაული ჩადენილი - გაუხმაურებელი ამბავი
- +

7 მარტი. 2021. 11:33

 

 

 

ექსპერტიზის დასკვნა

 

1970 წლის 18 იანვარს მდინარე მტკვარში 30-35 წლის უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

 

ორთაჭალჰესთან მოთევზავე ვარლამ კედიამ გვამი გრძელი კაუჭით გამოათრია წყლიდან, შემდეგ ქუჩის ტელეფონიდან მილიციაში დარეკა და ჩვენებაც მანვე მისცა გამომძიებელს, რომელშიც ეწერა: „თავდაპირველად ფეხი შევნიშნე და, რომ დავაკვირდი, სხეულიც დავინახე, შემდეგ გრძელი კაუჭი მოვიმარჯვე და გვამი ნაპირზე გამოვათრიე“.

 

გვამი პროზექტურაში წაიღეს და პირველადი დათვალიერების შემდეგ პათანატომმა გამომძიებლებს უთხრა:

 

– მკვლელობაა, ამას წყალი არ გაუვა. გვამის ყელზე აღმოჩენილი ღრმა იარები იმაზე მიუთითებს, რომ ეს კაცი წვრილი თოკით, სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული „სატორმუზო“ ტროსით გაგუდეს. თუმცა, საბოლოო დასკვნას მას მერე დავდებ, როცა გვამს გავკვეთ და გამოვიკვლევ.

 

იმავე დღეს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. მას გამოცდილი გამომძიებელი ანტონ სამხარაძე იძიებდა. ანტონმა ყურადღებით დაათვალიერა გვამისთვის გადაღებული სურათები და თავის ხელქვეითებს უთხრა:

 

– თავს დავდებ, რომ მოკლული კანონიერი ქურდია, ან – დროებით რეგალიებაყრილი.

 

– ეგ საიდან იცით, ბატონო ანტონ? – ჰკითხა სამხარაძეს გივი სოხაძემ, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის მისული იყო პროკურატურაში.

 

– ტატუთი, ჩემო გივი, – მიუგო სამხარაძემ.

 

– ტატუთი?

 

– ჰო, ტატუთი. აი, ეს რვაქიმიანი ვარსკვლავები, რომლებიც მოკლულს მხრებზე აქვს, კანონიერი ქურდის სტატუსს ნიშნავს. ასეთ ვარსკვლავებს ქურდად კურთხევის შემდეგ ახატავენ, რეგალიების აყრის შემთხვევაში კი – შლიან. უფრო სწორად ტუშით უვსებენ და ქურდულ ვარსკვლავს ფორმას აკარგვინებენ. ხოლო თუ ქურდი შეჩერებულია, ანუ, მისი საკითხი ღიადაა დარჩენილი, მაშინ ვარსკვლავებს უტოვებენ, – აუხსნა ხელქვეითებს სამხარაძემ, – გასაგებია?

 

– ეგ კი გასაგებია, ბატონო ანტონ, – უთხრა სამხარაძეს სოხაძემ, – მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ქურდული ვარსკვლავები ვინმე არაქურდს დაეხატა მხრებზე, თუნდაც პირადი გამორჩენისთვის, ასე ვთქვათ, სააფერისტოდ ან სატრიპაჩოდ?

 

– ასეთი რამ, პრაქტიკულად, გამორიცხულია, თუ, რა თქმა უნდა, თვითმარქვია ფსიქიკურად დაავადებული არაა. თვითმარქვია ქურდებს ქურდები სიკვდილით სჯიან – ეს ყველა „შავმა“ კარგად იცის და, არ მგონია, ვინმე ასეთ უაზრო რისკზე წავიდეს.

 

– ესე იგი, გვამის პიროვნების დადგენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვეძებთ კანონიერ ქურდს, – თქვა სოხაძემ, რასაც სამხარაძემ დაამატა:

 

– დიახ და ძებნილებს შორის უნდა მოხვდნენ ის კანონიერი ქურდები, ვინც არაუგვიანეს ორი კვირის წინ დაიკარგა, რადგან, პათანატომები ამბობენ, რომ გვამი ორი კვირისააო.

 

სამხარაძის საგამოძიებო ჯგუფი ჩვეული პროფესიონალიზმით შეუდგა საქმეს და უცნობი გვამის ვინაობაც მალევე დაადგინეს, რომელიც 33 წლის რევაზ ოქრომჭედლიძე, მეტსახელად „ოქრო“ აღმოჩნდა. ის კანონიერი ქურდი იყო და 8 თვის წინ მოსკოვის მახლობლად მდებარე მკაცრი შრომა-გასწორების კოლონიიდან გაიქცა, სადაც შვიდწლიან სასჯელს იხდიდა. ოქრო წარმოშობით დასავლეთ საქართველოს რეგიონიდან იყო და საკავშირო ძებნაში იმყოფებოდა. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დასკვნა მიაწოდეს გამოძიებას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა. მათი დასკვნის მიხედვით, რევაზ ოქრომჭედლიძე სიფილისის საწყისი სტადიით იყო დაავადებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის მაქსიმუმ სამი კვირის წინ დაავადდა...

 

„ოქრო“

 

რევაზ პარმენის ძე ოქრომჭედლიძე 1936 წლის 19 თებერვალს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში იყო დაბადებული და თავისი 33 წლიდან 13 წელი ციხეებში ჰქონდა გატარებული. ის ექვსჯერ იყო ნასამართლევი ქურდობისთვის და პირველად 14 წლის ასაკში დააპატიმრეს ქუთაისის უნივერმაღის გაძარცვისთვის, საიდანაც მან 200 ათასი მანეთის სხვადასხვა საქონელი მოიპარა. ოქრომჭედლიძე ქურდად 25 წლის ასაკში, მორდოვიის 19 კოლონიაში მონათლეს, სადაც ის მეოთხე სასჯელს იხდიდა. „ოქრო“ ეგრეთ წოდებული „ნეპმანელი“, ტრადიციონალისტი ქურდების მესამე თაობის წარმომადგენელი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა რუს ქურდებში, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო მისი სტატუსისთვის. ქურდად კურთხევის შემდეგ იგი მალე გათავისუფლდა ციხიდან, მაგრამ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა – როსტოვში დასახლდა და იქვე ჩადენილი დანაშაულისთვის იქნა გასამართლებული ჯერ მეხუთედ, შემდეგ – მეექვსედ, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ კი პოდმოსკოვიედან გაიქცა.

 

როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კანონიერი ქურდები ციხიდან არ გარბოდნენ. ასეთი საქციელი იშვიათი გამონაკლისი იყო. ეს მშვენივრად იცოდა გამომძიებელმა ანტონ სამხარაძემ, რომელიც ბრწყინვალედ იცნობდა ქურდულ ცხოვრებას, მათ ტრადიციებს და, მიხვდა, რომ ოქროს რაღაც განსაკუთრებული შეემთხვა. მან გადაწყვიტა, მოკვლევა ჩაეტარებინა ამის გამო, ამიტომ, ახალგაზრდა კოლეგა გივი სოხაძე პოდმოსკოვიეში მდებარე საპყრობილეში მიავლინა და უთხრა:

 

– კოლონიის უფროსს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხე „ოქროზე“ და მისი მონაყოლიდან მცირედიც არ გამოგრჩეს. იცოდე, რომ ჩვენს საქმეში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდესო.

 

გივი სოხაძე ერთკვირიანი მივლინებიდან პირდაპირ სამსახურში გამოცხადდა, სამხარაძეს ეახლა და მოახსენა:

 

– ყველაფერი გავარკვიე, ბატონო ანტონ, „ოქროზე“ სრული ცნობები შევკრიბე და ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ.

 

– აბა, მიდი, გისმენ, – უთხრა სოხაძეს სამხარაძემ და სმენად იქცა.

 

– „ოქრო“, ბატონო ანტონ, ზონის „ობშჩიაკის“ მეპატრონე, მაყურებელი და ყველაფრის ბატონ-პატრონი ყოფილა. ორიათასკაციან ზონაში, სადაც მას გარდა კიდევ თხუთმეტი ქურდი და ორმოცამდე ძალიან ცნობილი ავტორიტეტი იჯდა, „ოქრო“ ერთადერთი სრულუფლებიანი მმართველი ყოფილა და მის გარეშე თურმე ჭიანჭველაც კი ვერ გაივლიდა. პატიმრებს არც ჭამა-სმა აკლდათ, არც „კაიფი“ და თურმე უმნიშვნელო კონფლიქტებიც კი არ ხდებოდა იქ. ყველა კმაყოფილი იყო და კოლონიის უფროსი, პოდპოლკოვნიკი სტეპან იურინი, რიგგარეშე ჩინს ელოდებოდა, როდესაც მაისის ერთ საღამოს „პერეკლიჩკაზე“ „ოქრო“ ვერ აღმოაჩინეს. თურმე მთელი ღამე ეძებეს და, რომ ვერ იპოვეს, მაშინღა მიხვდნენ, რომ ის ზონიდან გაიქცა, თუმცა, როგორ მოახერხა ეს, დღემდე ვერ გაუგიათ.

 

– „ოქროს“ „პაბეგში“ შინაურის ხელი ურევია, – თქვა სამხარაძემ.

 

– სტეპან იურინმაც ასე მითხრა. მისი აზრით, „ოქრო“ რომელიმე თანამშრომელმა გაიყვანა ზონიდან, მაგრამ მას არავისზე არ აქვს ეჭვი და, მისი აზრით, ყველაზე საოცარი ისაა, რომ „ოქრო“ გაიქცა. იურინის აზრით, „ოქროს“ რაღაც მნიშვნელოვანი „ქსივა“ შემოუვიდა „სვაბოდიდან“, რამაც ის აიძულა, გაქცეულიყო, – თქვა სოხაძემ.

 

– აბსოლუტურად ვეთანხმები იურინს, – თქვა სამხარაძემ, – ძაღლის თავიც სწორედ მანდაა დამარხული და, თუკი მისი გაქცევის მიზეზს შევიტყობთ, მაშინ მისი მკვლელობის მიზეზსაც დავადგენთ.

 

– კი მაგრამ, როგორ გინდა, „ოქროს“ გაქცევის მიზეზი შეიტყო, როდესაც ამის შესახებ თვით იურინსაც კი არ აქვს წარმოდგენა? – მხრები აიჩეჩა სოხაძემ.

 

– იმიტომ ვართ გამომძიებლები, რომ გამოვიძიოთ და შევიტყოთ, – თქვა სამხარაძემ, შემდეგ ტელეფონზე დარეკა და თქვა:

 

– გამარჯობა, მირიან, როგორ ხარ? მეც არა მიშავს, რა მინდა, იცი? შენს ბიჭებს დაავალე, რომ აგენტურული ქსელი აამოქმედონ, თბილისისა და ქუთაისის „მალინები“ გადაჩხრიკონ და დაადგინონ, ვისთან იმალებოდა „ოქრო“. რეზო ოქრომჭედლიძე, ჰო, ჰო, პარმენიჩი. მოკლედ, შენ იცი, მირიან, შენი იმედი მაქვს, ნახვამდის, – სამხარაძემ ყურმილი დადო და სოხაძეს მიუბრუნდა:

 

– მირიან ბობოხიძეს დავურეკე, რესპუბლიკის „მურის“ უფროსს. მაგისი ბიჭები მიწას გახეთქავენ და აუცილებლად გაარკვევენ, ვის „მალინაში“ იმალებოდა „ოქრო“.

 

– ბატონო ანტონ, – თქვა სოხაძემ, – თბილისშია „ოქრო“ მოკლული და ქუთაისში რატომ ეძებთ მის კვალს?

 

– იმიტომ რომ, გამორიცხული არაა, ჯერ ქუთაისში ჩასულიყო და იქ დამალულიყო. მით უმეტეს, რომ წარმოშობით იმერეთიდანაა და იქ უფრო დაცულად და შინაურად იგრძნობდა თავს. თან, არც ისაა გამორიცხული, რომ მისი გაქცევის მიზეზიც იქ იმალებოდეს, – თქვა სამხარეძემ.

 

– ქუთაისში?

 

– ჰო, ქუთაისში.

 

– ასე რატომ ფიქრობთ, რაიმე ეჭვი გაქვთ?

 

– ინტუიცია მკარნახობს, რომელსაც ჩემთვის არასოდეს უღალატია.

 

მეიდნელი კოლას ნაამბობი

 

მირიან ბობოხიძის ხელქვეითები ჩვეული ენერგიულობით დატრიალდნენ და ქუთაისში, საფიჩხიაზე, ვინმე ბუხუტი სვანიძეს მიაგნეს, რომელიც გამოტეხეს, რომ „ოქრო“ მასთან იმალებოდა ორი თვე. სვანიძე მაღაზიაში მუშაობდა ბუღალტრად, მაგრამ, ქურდებთან კავშირში იყო შემჩნეული და ის ერთ-ერთმა მეზობელმა დაასმინა, რომელიც მილიციის აგენტი იყო და ეჭვი ჰქონდა, რომ სწორედ მასთან იმალებოდა „ოქრო“.

 

– უფროსო! – თავს იმართლებდა ბუხუტი სვანიძე მილიციის „ოპერის“ წინაშე და ცდილობდა, ხუმრობაში გაეტარებინა საუბარი, – აბა, სტუმარს ხელს ხომ არ ვკრავდი, რანაირი ქუთაისელი ვიქნებოდი მაშინ?

 

– რეციდივისტს სტუმარს უწოდებ? – კბილებში გამოსცრა მილიციელმა, – იცი, რომ ძებნილის დამალვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გელოდება?

 

– რისთვის, უფროსო, სტუმართმოყვარეობისთვის?

 

– დამცინი, არა, შე ნაბოზარო! – მოთმინების ფიალა აევსო მილიციელს, სვანიძეს ორჯერ სილა გააწნა, ორჯერაც კეფაში უთავაზა მუშტი და უღრიალა, – ჩქარა მითხარი, სად და ვისთან წავიდა „ოქრო“, თორემ ენას ამოგაგლეჯ და თეთრი ხიდიდან გადაგაგდებო!

 

ბუხუტი სვანიძე მიხვდა, რომ მილიციელი არ ხუმრობდა და უთხრა:

 

– თბილისში გაემგზავრა შავი „ვოლგით“ და, მგონი, მეიდანში ვიღაც კოლასთან ცხოვრობდა. ეს ისე, მათი საუბრიდან გავიგე, თვითონ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.

 

ბუხუტი სვანიძე კარგად „დაამუშავეს“ და, რომ დარწმუნდნენ, მეტი არაფერი იცოდა, გაუშვეს, თან უთხრეს, კრინტი არავისთან დაეძრა. იმავე დღეს ვინმე ნიკოლოზ ამიროვი აიყვანეს, რომელსაც „მეიდნელ კოლას“ ეძახდნენ და ჭრელ აბანოში მექისედ მუშაობდა. კოლა ძველი გადამყიდველი იყო და ამის გამო ორჯერ ციხეშიც კი იჯდა. მან ჯერ კატეგორიული უარი სტკიცა მილიციელებს და „ოქროსთან“ ნაცნობობა უარყო, მაგრამ, როდესაც წაუთაქეს, ყველაფერი „გაახსენდა“ და მილიციელებს უთხრა:

 

– აა, „ოქრო“? კი, როგორ არა, ჩემთან ორი თვე ცხოვრობდა, „ბაითში“.

 

– ვინ მოიყვანა შენთან? – შეუღრინა კოლას ოპერმა.

 

– ჯემალ სახვაძემ, – ამოილუღლუღა კოლამ, – მითხრა, ეს კაცი შემინახეო. ჯემალა და მე ძველი „პაძელნიკები“ ვიყავით და ნაქურდალის გაყიდვისთვის ერთ სროკზე წავედით.

 

– „ოქროს“ საიდან იცნობდა?

 

– ჯემალას დეიდაშვილი „ფიშკა“ ქურდია და იქიდან, მაგრამ ფიშკა ახლა სროკზეა.

 

– ვინ „ფიშკა“, ვასო კენჭაძე?

 

– ჰო, ის, – დაადასტურა კოლამ, – „ოქრო“ ორი თვე ცხოვრობდა ჩემთან და ზოგჯერ ჯემალა აკითხავდა ხოლმე. მაგრამ, როცა ისინი ერთმანეთში ბაზრობდნენ, მე ოთახიდან გავდიოდი. შარშან, 21 დეკემბერს, „ოქრო“ ჩემგან წავიდა და მაგის მერე აღარ მინახავს. არც ჯემალას მოუკითხავს და, სად და რატომ წავიდა, არაფერი ვიცი.

 

– ჯემალა თუ ნახე მას მერე?

 

– კი, ერთხელ ჭრელ აბანოსთან შემხვდა 29 დეკემბერს, მაგრამ, ხელი ამიწია მანქანიდან და სულ ეგ იყო.

 

– „ოქროს“ ვინმე ქალი თუ აკითხავდა ან ის თუ მიდიოდა ვინმესთან?

 

– არა, უფროსო, სანამ ჩემთან ცხოვრობდა, „ოქრო“ არსად წასულა და ჯემალას გარდა არავის მიუკითხავს. ჩემგან სად და ვისთან წავიდა, ეგ კი აღარ ვიცი.

 

კოლა „დაამუშავეს“, მაგრამ, მეტი არაფერი უთქვამს. ოპერები მიხვდნენ, რომ აღარაფერი იცოდა და თავი დაანებეს, თან გააფრთხილეს, რომ სიტყვა არავისთან დაეძრა.

 

ძველი საქმე

 

– სასწრაფოდ ჯემალ სახვაძე უნდა მოვძებნოთ და დავკითხოთ, – უთხრა ხელქვეითებს ანტონ სამხარაძემ, – დარწმუნებული ვარ, რომ მან ბევრი რამ იცის, ყველაფერი თუ არა.

 

42 წლის ჯემალ სახვაძე ორთაჭალაში ცხოვრობდა და ოფიციალურად მძღოლად მუშაობდა. თუმცა, მილიციამ იცოდა, რომ ის სუტენიორობას ეწეოდა – კლიენტებთან მეძავები მიჰყავდა და ამ საქმის წილში იყო. სახვაძეს ცოლ-შვილი ჰყავდა და მისმა მეუღლემ მილიციელებს განუცხადა:

 

– ჯემალი 29 დეკემბრის მერე არ მინახავს. მითხრა, ახალ წლებზე მოსკოვში უნდა გავემგზავრო რაღაც საქმეზე და ერთ თვეში ჩამოვალო. არც დაურეკავს და არც ვინმესთვის დაუბარებია თავისი ამბავი. მაგან მასე იცის – ალბათ, იგულავებს და ჩამოეთრევა.

 

ქალის სიტყვების მიუხედავად, სახვაძის ბინას ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეს. უთვალთვალებდნენ მისი ოჯახის წევრებსაც, რადგან ფიქრობდნენ, რომ სახვაძის ცოლი, ეთერი, ცრუობდა. მილიციის ეჭვები გამართლდა და 1970 წლის 19 თებერვალს, „ოქროს“ დაბადების დღეს და მისი გვამის აღმოჩენიდან ერთი თვის შემდეგ ვერაზე, ერთ-ერთი იტალიური ეზოს სარდაფში ჯემალ სახვაძე დააკავეს, რომელსაც იქ ცოლმა მიაკვლია. იმავე დღეს აიყვანეს მეძავი ვერა პაპალოვა, რომელსაც სიფილისი აღმოაჩნდა და ამბობდა, რომ ის ჯემალ სახვაძის მითითებით ვიღაც კაცს ემსახურებოდა, რომელსაც ჯემალი „ოქროს“ ეძახდა.

 

სახვაძე თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ მილიციელებმა ისე „დაამუშავეს“, რომ აღიარა, 1969 წლის 31 დეკემბერს რევაზ ოქრომჭედლიძე, იგივე „ოქრო“, ჯერ წვრილი ტროსით გავგუდე, შემდეგ კი მდინარე მტკვარში გადავაგდეო.

 

– „ოქრო“ და ჩემი დეიდაშვილი, „ფიშკა“, ძველი „პაძელნიკები“ იყვნენ. ხუთი წლის წინ ამ ორმა და კოტე ჩხენკელმა, მეტსახელად „ჩხენკომ“, ერთი ბობოლა ებრაელის ბაითი გაიტანეს – ბევრი მაყუთი და ოქრო წაიღეს და, სანამ გაიყოფდნენ, ჯერ „ჩხენკო“ გასროკეს, შემდეგ „ფიშკაც“ მიაყოლეს და ბოლოს „ოქროც“ ააგდეს. ისინი სულ სხვადასხვა საქმეებზე იყვნენ დაჭერილები, მაგრამ ციხეში ერთმანეთს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ, სანამ სამივე არ გამოვიდოდა ციხიდან, ნაქურდალისთვის ხელი არ ეხლოთ. ეს ამბავი მე „ფიშკასგან“ ვიცოდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, სად ინახავდნენ ნაქურდალს და გადავწყვიტე, გამეგო და ხელში ჩამეგდო. ამიტომ, „ოქროს“ შევატყობინე, თითქოს ნაქურდალი „ჩხენკომ“ ჩაიგდო ხელში, რომელიც ყველაზე ადრე გამოვიდა სროკიდან. სინამდვილეში კი „ჩხენკო“ მე მოვკალი, მაგრამ, მაინც ვერ ვათქმევინე ნაქურდალის ადგილმდებარეობა, ისევე, როგორც „ოქროს“ ვერ ამოვაღებინე ხმა...

 

სახვაძის თქმით, გაქცევაში „ოქროს“ თვით პოდპოლკოვნიკი, ზონის უფროსი სტეპან იურინი დაეხმარა, რომელსაც ის გასამრჯელოს სახით 50 ათას მანეთს დაჰპირდა.

 

ორი ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ჯემალ სახვაძეს დახვრეტა მიუსაჯეს და ორთაჭალის ციხეში, სიკვდილმისჯილთა საკანში მიუჩინეს ადგილი. მაგრამ, ორი კანონიერი ქურდის მკვლელობა არ აპატიეს სახვაძეს და, მას მერე, რაც ზედამხედველები მოისყიდეს, პატიმრებმა ჯემალ სახვაძესთან შეაღწიეს და დანებით აკუწეს.

 

  1. S. ციხეში გარდაიცვალა მესამე კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ფიშკა“ და ებრაელის გატაცებულ ქონებას დღემდე ვერავინ მიაგნო...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი