logo_geo
ანა ახმატოვას ტრაგიკული ცხოვრება
- +

7 მარტი. 2021. 15:20

 

 

55 წლის წინათ...

                                   

1966 წლის 5 მარტი...

 

ამ დღემდე ბევრი გზა ექნება გასავლელი: ხანდახან მზის მოკლე გამონათებებით, მაგრამ, უფრო ტკივილიანი...  პიროვნული გზა, რომელიც ხშირად ჩიხში ექცეოდა ან უკან ბრუნდებოდა, გზა -რომელსაც თითქმის ნახევარი სიცოცხლის მანძილზე ციხის კარამდე მიჰყავდა, სადაც წლობით იყო გამოკეტილი მისი ერთადერთი ვაჟიშვილი, ისტორიკოსი  გუმილიოვი და ასევე გზა, რომელსაც დრო და დრო ხერგავდა  ცენტრალური კომიტეტის დადგენილებები მისი, როგორც პოეტესას და როგორც პიროვნების  დისკრედიტაციისათვის.

 

1950 წელს პირადად სტალინს სთხოვს ვაჟიშვილის გამოშვებას.  მისი წერილი უპასუხოდ დარჩა. ან რას გამოუშვებდნენ, როცა იმავე 1950 წლის ივლისში უშიშროების მინისტრი აბაკუმოვი მოხსენებას უკეთებს სტალინს, რომ „პოეტი ანნა ახმატოვა აუცილებლად დასაპატიმრებელიაო“...  უფრო მანამდე, 1946 წლის დადგენილება - მისი და ზოშჩენკოს გარიცხვა მწერალთა კავშირიდან და თავდასხმა მის პოეზიაზე... 1924 წელსაც მიიღეს დადგენილება, არ დაებეჭდათ მისი ნაწარმოებები....

 

მან ამ დადგენილებებს შორის  „იცხოვრა“.... არსად არ წასულა... მისი ბიოგრაფი, ლიდია ჩუკოვსკაია წერს: ახმატოვას არ უყვარდა აგვისტოს თვე. აგვისტოში დახვრიტეს მისი მეუღლე. პოეტი გუმილიოვი, აგვისტოში დააპატიმრეს მისი ვაჟი, აგვისტოში გამოვიდა დადგენილება „ზვეზდაში“, აგვისტოში გარდაიცვალა მამამისი...  აგვისტოში  მოკვდა ბლოკი....“

 

1962 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე, თუმცა სხვამ მიიღო... სიცოცხლის მიწურულს, 1964 წელს იტალიაში გადაეცა პრემია და პრიზი „ეტნა ტაორმინა“, 1965-ში, ლონდონში, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და პრემია.

 

აქვე, ლონდონში ისევ ნახულობს თავის ძველ,  ქართველ მეგობარს, რომელსაც მან და „ვერცხლის საუკუნის“ თითქმის ყველა პოეტმა ლექსი მიუძღვნა...

 

1966 წლის 5 მარტს  გარდაიცვალა, მხოლოდ 7 მარტს გადმოსცა მისი გარდაცვალება ცენტრალურმა რადიომ.  მაშინდელი ლენინგრადის მახლობლად, კომაროვოში დაკრძალეს. ანატოლი ნეიმანი იგონებს, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უშიშროების წარმომადგენლები  იყვნენ ჩასაფრებულიო... და მაშინ რეჟისორმა არანოვიჩმა და ოპერატორმა შაფრანმა გმირობის ტოლფასი რამ ჩაიდინეს - ანა ახმატოვას დაკრძალვა როგორღაც გადაიღეს, თუმცა თანამდებობები დაკარგეს...

 

 

 

და ისევ ლიდია ჩუკოვსკაია: „სანთლების შუქზე, სიჩუმესა და გარინდებაში, კუბოში იწვა თითქმის წამებული დიდი პოეტესსა, მხატვრების:მოდილიანის, ნ.ალტმანის, პეტროვ-ვოდკინის, ზ. სერებრიაკოვას, ოსმერკინის და სხვათა მუზა,სახეზე ნათელი გადაჰფენოდა  და მის უკვე დამშვიდებულ სახეს ნაზად ევლებოდა მისი დიდი მეგობრის, ლონდონელი სალომე ანდრონიკაშვილის მიერ ერთ დროს ნაჩუქარი ულამაზესი, ვენეციური მაქმანის შარფი...“

 

 

 

 

 

big_banner
არქივი