logo_geo
როგორ აღაფრთოვანა ალექსანდრე შერვაშიძემ პიკასო და რა განძი დაუტოვა მან საქართველოს
- +

16 მარტი. 2021. 02:56

 

აფხაზეთში პირველ პროფესიონალ მხატვარს, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას კარგად იცნობდნენ გასული საუკუნის ევროპაში. მას იქ „დასავლეთის თეატრალურ-მხატვრული რევოლუციის თანამონაწილეს” უწოდებდნენ. ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ეკუთვნის ფრანგული საბალეტო დასის მიერ მონტე-კარლოში 1945 წელს დადგმული ბალეტის, „შოთა რუსთაველის“ დეკორაცია. მის მიერ სერგეი დიაგილევის პარიზში დადგმული ბალეტის – „ლურჯი ექსპრესისთვის“ შექმნილ თეატრალურ ფარდას, რომელიც ახლა ლონდონში, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში ინახება, „მე-20 საუკუნის საოცრებად“ მიიჩნევდნენ.

 

ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა პარიზში პაბლო პიკასოს, დერენს, ბრაკს, რუოს უმეგობრდება, რომელთა ჩართვა „რუსული ბალეტის” დადგმებში ამ მეგობრობის შედეგიც იყო, მათი ესკიზების სცენური განხორციელება ალექსანდრე შერვაშიძის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხდებოდა.

 

1924 წელს სწორედ მან მოხატა თეატრალური ფარდა დარიუს მიეიოს „ლურჯი ექსპრესისთვის“.134 კვადრატული მეტრის ზომის ფარდაზე მხატვარმა პიკასოს „ზღვის პირას მორბენალი ქალების“ ესკიზი დახატა. ნამუშევრის ავტორებად პაბლო პიკასო და პრინცი ალექსანდრე შერვაშიძე არიან მოხსენიებული.

 

ინგლისელ კრიტიკოს რიჩარდ ბაკლიზე დაყრდნობით, აფხაზური მედია წერს: 1924 წელს პარიზში, პიკასოს სტუდიაში დიაგილევი ესტუმრა შვებულების დროს თავის რუს ცოლთან ერთად, სადაც ნახა პიკასოს ნახატი „ზღვის პირას მორბენალი ქალები“, ქორეოგრაფმა პიკასოს ნახატის გამოყენების ნებართვა სთხოვა ახალი საბალეტო სეზონის „ცისფერი ექსპრესისთვის“. ბალეტი ჟან კოქტოს სცენარის მიხედვით არიუს მიიოს მუსიკაზე დადგა, კოსტიუმები კოკო შანელმა შექმნა, ფარდის დახატვა დიაგილევმა კნიაზ შერვაშიძეს სთხოვა. ამ ნამუშევრის ასლის გაკეთება ძალიან რთული იყო, მაგრამ შერვაშიძემ ისე სრულყოფილად შეასრულა ყველა დეტალი, რომ პიკასოს არაფერი შეუცვლია. უსაზღვროდ აღფრთოვანებულმა ხელი მოაწერა ნამუშევარს. ეს ფარდა მეოცე საუკუნის სასწაულია“.

 

ალექსანდრე შერვაშიძეს სალვადორ დალი „ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტ წარმომადგენელს“ უწოდებდა.

მისი თანამედროვე რუსი რეჟისორი და თეატრის თეორეტიკოსი ნიკოლოზ ევრეინოვი კი აღნიშნავდა: „თავადი ალექსანდრე შერვაშიძე გახლავთ აღმოსავლური რაინდული კეთილშობილების განსახიერება, რაც ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს“.

 

ალექსანდრე შერვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილია. პროფესიით სცენოგრაფი, მხატვარი, ილუსტრატორი და საზოგადო მოღვაწე ყირიმში დაიბადა. მისი მამა რუსეთის არმიის ოფიცერი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე გახლდათ. ის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე იყო.

 

1866 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდეგ შერვაშიძეების ოჯახს სამშობლოში დაბრუნება აეკრძალა. კონსტანტინე შერვაშიძე და მისი ფრანგი მეუღლე საცხოვრებლად ყირიმში დამკვიდრდნენ. იქ შეეძინათ უფროსი შვილი ალექსანდრე, რომელმაც განათლება ჯერ სახლში, შემდეგ ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსში და ასევე, კიევის რეალურ სასწავლებელში მიიღო, მაგრამ მან სამხედრო კარიერაზე უარი თქვა და ხატვა დაიწყო. 1891 წელს კი მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.

 

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პარიზში გაემგზავრა და სწავლა იქ განაგრძო. ის გაეცნო მუზეუმებში დაცულ ნამუშევრებსა და თანამედროვე ფრანგულ ხელოვნებას. გახდა პარიზის „რუსული მხატვრული წრის“ წევრი და მიმდინარეობა „ხელოვნების სამყაროს“ მონაწილე. მჭიდრო კავშირი ჰქონდა პარიზის სახელოვნებო-ლიტერატურულ წრეებთან. რამდენიმე წელიწადში პეტერბურგში ბრუნდება.

 

1906 წლიდან ალექსანდრე შერვაშიძე პეტერბურგის საიმპერატორო ოპერის თეატრის დეკორატორად იწყებს მოღვაწეობას და ამ დროიდან ეყრება საფუძველი მის, როგორც თეატრის მხატვრისა და სცენოგრაფის, შემოქმედებას.

 

1917 წლისთვის ალექსანდრე შერვაშიძე, ფაქტობრივად, პეტერბურგის ყველა საიმპერატორო თეატრის მთავარი დეკორატორია. თუმცა ის მხოლოდ სცენოგრაფიით არ კმაკოფილდება. ალექსანდრე ხატავს „ძველი თეატრის“ კედლებს ლანსერესა და რერიხთან ერთად. ქმნის ესკიზებს და მისი შექმნილი ესკიზების მიხედვით შეკერილი კოსტიუმებით პეტერბურგის ცნობილი მსახიობები „მოდის საღამოებზე“ გამოდიან.

 

ის ხშირად იღებს მონაწილეობას პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოებში.

 

ქართულმა საზოგადოებამ ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება 1985 წელს გაიცნო, როდესაც თბილისში მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო.

 

ბოლო წლები ალექსანდრე შერვაშიძემ მოხუცებულთა პანსიონატში გაატარა. 1958 წელს, უკვე ღრმად მოხუცებული, სოხუმში ქალიშვილს სწერს: „...მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტას – საკუთარ თავზე, როდესაც ჩემი, როგორც დეკორატორის კარიერა დასრულდა, სრულიად უსახსროდ დავრჩი...“.

 

მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, მთელი თავისი შემოქმედება მხატვარმა სამშობლოში გამოგზავნა და ფულის აღებაზე უარი განაცხადა. ის 101 წლის ასაკში მონაკოში, ქალაქ მონტე-კარლოში გარდაიცვალა. დაკრძალეს რუსულ სასაფლაოზე ნიცაში, მაგრამ 1985 წელს მისი ნეშტი სოხუმში გადმოასვენეს.

 

ალექსანდრე შერვაშიძეს არასდროს ავიწყდებოდა სამშობლო. მოსკოვში მან მოძებნა და დაუახლოვდა თავის თანამემამულეებს. აქტიურად ჩაერთო პეტერბურგელ ქართველთა კულტურულ ცხოვრებაში. არ წყვეტდა კავშირს ნათესავებთან, პირიქით – დაახლოებული იყო პეტერბურგში მცხოვრებ შერვაშიძეებთან და დადიანებთან. პარიზში მასთან წლობით ცხოვრობდნენ ბათუმელი ნაკაშიძეები, რომლებთანაც ურთიერთობას შემდეგშიც აგრძელებდა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა სოხუმელ ძმასთან – ვლადიმერთან და ბიძაშვილთან – პოეტ და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძესთან. სწორედ, მისი გარდაცვალება გახდა ალექსანდრეს სოხუმში დაბრუნების მიზეზი. ის იმ დროიდან იწყებს საზოგადო მოღვაწის საქმიანობას, ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას და უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებს. მაგრამ ორი წლის შემდეგ, პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებულია, ჯერ ბათუმში და შემდეგ ყირიმში გაემგზავროს.

 

P.S. გამოყენებული მასალების წყარო: „საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“. „livepress.ge“.

big_banner
არქივი