logo_geo
პირველი ქართველი პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტში და დოქტორ მერაბის აფთიაქი ადის–აბებაში
- +

24 მარტი. 2021. 17:47

 

ისტორიამ ბევრი შემთხვევა იცის, როდესაც მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი და უცხოეთში გადახვეწილი ადამიანი, დიდი ხნის შემდეგ საინტერესო ბიოგრაფიით უბრუნდება თავის ხალხს. ასეთთა რიცხვს ეკუთვნის პეტრე პავლეს ძე მერაბიშვილი, ცნობილი სახელით – დოქტორ მერაბი.

 

პეტრე პავლეს ძე მერაბიშვილი დაიბადა 1876 წლის 22 სექტემბერს მესხეთში, სოფელ უდეში.

 

12 წლის პეტრე უფროს ძმასთან იოსებთან გაგზავნეს კონსტანტინოპოლში განათლების მისაღებად. დაამთავრა ოტომანთა საიმპერატორო ლიცეუმი ბაკალავრის წოდებით და 1899 წ. პარიზს გაემგზავრა.

 

პეტრე მერაბიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, მოიპოვა დოქტორის ხარისხი და შესანიშნავი ექიმი და მეცნიერი გახდა. მუშაობდა კონსტანტინოპოლში, ეთიოპიურ მისიაში მკურნალ ექიმად, 1908 წ. ადის–აბებაში განაგრძო საექიმო პრაქტიკა და აბისინიის ანუ ეთიოპიის მეფის მენელიქ II–ის პირად ექიმად დაინიშნა.

 

საინტერსოა მენელიქ II-სა და პეტრე მერაბიშვილის დაახლოება. ვინაიდან იმ პერიოდში ეთიოპია საფრანგეთის დომინიონი იყო, მეფე პარიზში ხშირად ჩადიოდა. სწორედ პარიზში განკურნა პეტრე მერაბიშვილმა მოწამლული მენელიქ II.

 

1910 წლის 1 დეკემბერს პეტრე მერაბიშვილმა ადის–აბებაში, თავის საცხოვრებელ სახლში გახსნა აფთიაქი – „La Georgie“ და პატარა საავადმყოფო.

 

I მსოფლიო ომის დროს პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. იყო ქველმოქმედი, ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა თურქეთში მდებარე ქართულ ეკლესია–მონასტერში დამშეულთა და უპატრონოთა თავშესაფართან არსებულ საქველმოქმედო საზოგადოებას.

 

პარიზში პეტრე მერაბიშვილმა ცოლად შეირთო ფრანგი ჟანინა ლემიერი და 1922 წლის 24 თებერვალს მასთან ერთად დაბრუნდა ადის–აბებაში. ჟანინა ლემიერი 1927 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია გულელეს კათოლიკურ სასაფლაოზე.

 

პეტრე მერაბიშვილი 1929 წლის 16 თებერვალს საბოლოოდ დაბრუნდა პარიზში, სადაც ცოლის ნათესავებთან ქონების გამო ბევრი უსიამოვნება შეხვდა. 1930 წლის 13 ნოემბერს თავის სამუშაო მაგიდასთან გარდაიცვალა. დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე პარიზში.

 

ეთიოპიაში პეტრე მერაბიშვილის მოღვაწეობის ნაყოფია მისი წიგნები ფრანგულ ენაზე – „ეთიოპიის მედიკოსები და მედიცინა“ (გამოქვეყნდა პარიზში 1912 წ.), „შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე“ (მხოლოდ 3 ტომი გამოქვეყნდა პარიზში 1921-1929 წწ.–ში), აღნიშნული ნაშრომი პოპულარულ ჟანრს განეკუთვნება და დიდი ინტერესით იკითხება. პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება პეტრე მერაბიშვილის გამოუქვეყნებელი შრომების ხელნაწერები: „შთაბეჭდილებები“ (V და VI ტომები), „სამედიცინო ბოტანიკა“, „უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ“. მისი შრომები ასევე ინახება ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის–აბებას ბიბლიოთეკებში.

 

წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი