logo_geo
რატომ მოიკლა თავი პაოლო იაშვილმა? – ამ კითხვაზე პასუხი მის გამოსამშვიდობებელ წერილშივეა, რომელიც შვილს მისწერა
- +

26 მარტი. 2021. 13:42

 

როცა საქართველო გაწითლდა და ბოლშევიკებმა ქართველი არისტოკრატიის მიზანმიმართული ხოცვა „კანონით“ დაიწყეს, მათ შორის ასობით თუ ათასობით ცნობილი ქართველი პატრიოტი იყო. ხოცავდნენ მათ, ვინც დამოუკიდებლობის დაკარგვას არ ეპუებოდა. პირველ რიგში, საბჭოთა ტყვია საზოგადო მოღვაწეებს ხვდებოდათ იმისთვის, რომ საზოგადოებაში შიში დაეთესათ…

 

ნამდვილ ქართველებს საბჭოური უკანონო კანონით „საშიშ ელემენტს“ და „ხალხის მტერს“ ეძახდნენ, ეს ეპითეტები შუა ღამისას სახლში საშიში სამეულის, ე.წ. ტროიკის სტუმრობას ნიშნავდა, „საშიშმა ელემენტებმა“ და „ხალხის მტრებმა“ იცოდნენ, რომ სიცოცხლეს ემშიდობებოდნენ, მათი ოჯახის წევრები კი შორეულ ქვეყნებში, გამოსასწორებელ ბანაკებში მრავალი წლით ან სამუდამოდ გადასახლებაში იძულებით პირუტყვის გადასაყვანი მატარებლებით მიემგზავრებოდნენ…

 

გამოსავალი სახელმწიფოს ღალატში მდგომარეობდა, რადგან იმ დროს, ბოლშევიკები საკმაოდ მოძლიერებულნი იყვნენ. როცა 1937 წლის რეპრესიები დაიწყო, ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა საბჭოთა ხელისუფლებას დახვრეტის განაჩენის გამოტანამდე დაასწრო და მწერალთა სახლში, 22 ივლისს თავი მოიკლა.

 

თვითმკვლელობამდე მან მძინარე შვილის, მედიკოს წერილი დაუტოვა, რომელიც ამ გადაწყვეტილებისთვის ბოდიშსაც მოიცავდა და შვილისთვის ანდერძსაც:

 

„ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენ წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.

 

ჩემი სიკვდილი არავის დააბრალო. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.

 

გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას.

 

მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა“,  – სწერდა პაოლო იაშვილი ქალიშვილს.

 

რა გახდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი

 

1937 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველ მწერლებს შორის უთანხმოება ჩამოაგდეს, მათ ცალ-ცალკე შინსახკომში დაკითხვებზე იბარებდნენ და ერთმანეთის მხილებას და ცრუ ჩვენებების გამოძალვას ცდილობდნენ. ტიციანმა და პაოლომ ურთიერთობა შეწყვიტეს, „ჩეკამ“ მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენებაში“ პაოლოს ჯაშუშური მოღვაწეობის კვალი „აღმოაჩინა“.

 

1937 წლის მაისში გამართულ საქართველოს კომპარტიის მე-10 ყრილობაზე ლავრენტი ბერიამ სამი მწერალი – პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე გააკრიტიკა.

 

1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა კავშირის მე-2 სართულზე თოფის სროლის ხმა გაისმა და სისხლში მოსვრილი, უსულო პაოლო სასწრაფო დახმარების მანქანამ ისე წაიყვანა, ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. სანამ ჩახმახს ხელს გამოჰკრავდა, მწერალთა კავშირის სასადილოში ვალის – 7 მანეთის გადასახდელად შევიდა…

 

იმავე დღეს პოეტის საცხოვრებელი სახლი (ჯაფარიძის ქუჩაზე) გაჩხრიკეს და ხელნაწერები წაიღეს, რომლის მხოლოდ ნაწილის გადარჩენა მეუღლემ, თამარმა მოახერხა.

 

1940 წელს გადაასახლეს პაოლოს ძმა ივანე (ტუპია), ასევე ბიძაშვილები.

 

https://primetime.ge/ratom-moikla-tavi-paolo-iashvilma-am-kitkhvaze-pasukhi-mis-gamosamshvidobebel-tserilshivea-romelits-shvils-mistsera/

 

big_banner
არქივი