logo_geo
ავთანდილ ვარსიმაშვილი: ვპასუხობ მათ, ვინც...
- +

18 აპრილი. 2017. 00:52



„ვპასუხობ მათ, ვინც კითხულობს, სად აფინანსებს სახელმწიფო თეატრებსო..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 


„ბატონებო! თეატრებს სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით აფინანსებს ყველა ევროპულ ქვეყანაში. ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და პოლონეთში თეატრი კულტურის პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ ადგილზეა, „კომედი ფრანსეზის" და „ავინიონის" ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ინიშნებიან არა კულტურის მინისტრის, არამედ უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით. გერმანიაში და პოლონეთში მარტო თეატრებს კი არა, პროფესიონალურ თეატრალურ ჟურნალ-გაზეთებსაც სახელმწიფო გამოსცემს. თეატრები ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ ალბანეთიდან დაწყებული, ყაზახეთით დამთავრებული, ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში.


გარდა ამისა: იაპონიაში, ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, მონღოლეთში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ვიეტნამში, ფილიპინებზე, ტაილანდში, ირანში, ისრაელში, თურქეთში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. აფრიკაში: ალჟირში, ეგვიპტეში, ტუნისში, მაროკოში, კოტ'დიუვარში, განაში, სენეგალში, სამხრეთ აფრიკაში და კენიაშიც. იგივე ხდება მთელ ლათინურ ამერიკაში, ასევე კანადაში და მექსიკაში. ხშირად მუსირებს აზრი, რომ აშშ-ში სახელმწიფო არ აფინანსებს თეატრებს. განვმარტავ: ბროდვეის მუსიკალურ თეატრებს მართლაც არ აფინანსებენ, რადგან ისინი არც საჭიროებენ დაფინანსებას, მაგრამ „მეტროპოლიტენ ოპერას" ტიპის კლასიკურ საოპერო და საბალეტო თეატრებს აფინანსებენ.



ცნობისთვის: კენედი ცენტრს პირდაპირ აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, ხოლო, მრავალ ათას დრამატულ თეატრს, რეიგანის რეფორმის შემდეგ, აფინანსებენ ქალაქის მერიები და ხუთი ათასამდე (!!!) სპეციალურად შექმნილი კულტურისა და განათლების ფონდები, უნივერსიტეტები და უმსხვილესი კორპორაციები. სკოლებში და კოლეჯებში სავალდებულო საგანია „თეატრი" და მარტო შექსპირის სახელობის ასზე მეტი თეატრია მთელ ქვეყანაში. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მუშაობს საქველმოქმედო კანონი, რომლებიც ბიზნესს აინტერესებს დაეხმაროს თეატრს. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ეროვნული ლატარეით ივსება კულტურის ფონდი, ესტონეთში კი კაზინოებიდან, ალკოჰოლისა და სიგარეტის გაყიდვისაგან შემოსული მთელი თანხა ავსებს კულტურის ფონდს, რომელიც კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის პარალელურად დამატებით აფინანსებს თეატრებს.


ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ ქვეყანაში კერძო თეატრებიც ისევე ფინანსდებიან სახელმწიფოსაგან როგორც სახელმწიფო თეატრები, ზოგჯერ უფრო მეტადაც. როდესაც ჩვენ ორ თეატრალურ ფესტივალს ვუთვლით იმ კაპიკებს, რომლებსაც ისინი იღებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას სულ ცოტა ხუთი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვს მრავალმილიონიანი ბიუჯეტებით.

 

ახლა კი, ის ქვეყნები, სადაც თეატრი არც ფინანსდება და არც აქვთ დრამატული თეატრი. ასეთი ქვეყნებია: ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი, აგრეთვე ჩამორჩენილი აფრიკული და ზოგიერთი მდიდარი არაბული ქვეყნები.


მინდა, კითხვა დავსვა, რომელ ქვეყანას გვინდა ვგავდეთ?!" - წერს ვარსიმაშვილი.




 

big_banner
არქივი