logo_geo
ედმონდ მინაშვილი: რუსთაველის თეატრთან ვჩერდებოდი და გულში ვლოცულობდი…
- +

18 აპრილი. 2017. 01:37


 

იმერეთში, უბრალო ოჯახში დავიბადე. 3 წლის ვიყავი, როცა მამა ტრაგიკულად გარდაიცვალა. 28 წლის, ძალიან ახალგაზრდა დედა 3 შვილთან ერთად მარტო დარჩა. გაჭირვება ჩემს ოჯახსაც შეეხო. ბიძებსა და მამიდას ჩვენს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით. რთული პერიოდების მიუხედავად, მადლობა უფალს, ცუდ გზას არც ერთი ძმა არ დავადექით. უფროსი ძმა სკოლის მასწავლებელია. უმცროსი კი ბიზნესით არის დაკავებული.


ედმონდი ბაბუამ დამარქვა. ალექსანდრე დიუმას სათავგადასავლო რომანი, გრაფი მონტე-კრისტო ძალიან უყვარდა. სახელიც წიგნის ახალგაზრდა პერსონაჟის, ედმონდ დანტესის პატივსაცემად დამარქვა. მისი ცხოვრება ზღაპრად მომიყვა. ბაბუა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, გერმანელებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ედმონდ დანტესის ცხოვრებას საკუთარ ცხოვრებასთან აიგივებდა. გრაფი მონტე-კრისტო ჩემი პირველი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე.


ყოველთვის მინდოდა კარგი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. სპორტი დღემდე მიყვარს, თუმცა 12 წლის ვიყავი, როცა მკაცრად ავირჩიე, რომ მსახიობობა მსურდა და გავხდი კიდეც. მსახიობობა რომ არა, ალბათ კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი.


პროფესია რომ ავირჩიე, მე-6 კლასის მოსწავლე ვიყავი. სკოლიდან დაბრუნებულმა ტელევიზორი ჩავრთე. წარმოდგენა გადიოდა. ვიღაც კაცი არაჩვეულებრივად ხუმრობდა, მთელ დარბაზს აცინებდა. ტიტრებს რომ გავეცანი, აღმოჩნდა, რომ მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი, ,,ძველი ოდევილები" მინახავს. მსახიობი კი, რომელმაც ასე მომხიბლა, ვასო გოძიაშვილი იყო. მაშინვე ვიფიქრე, რომ ის კაცი უნდა გამოვსულიყავი. ამ ამბავს საიდუმლოდ დიდხანს ვინახავდი. პირველს კი დედას გავუმხილე, რომელსაც ჩემი გადაწყვეტილება არ ესიამოვნა, ისევე როგორც ჩემს ძმებს, თუმცა ეს არაფერს წყვეტდა, რადგან ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ. ისევე როგორც ყველა დედას, დედაჩემსაც სურდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ზუსტად ვიცი, რომ ჩემგან ექიმი არასდროს დადგებოდა, რადგან ინტერესი არასდროს მქონია.


სკოლის ბანკეტი 25 ივნისს მქონდა დანიშნული. 21-ში კი ტელევიზორში შემთხვევით თეატრალური ინსტიტუტის მაშინდელი რექტორის, გიგა ლორთქიფანიძის ინტერვიუ მოვისმინე, სადაც თქვა, რომ 23 ივნისს საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. დედას ვუთხარი, საბუთები უნდა შევაგროვოთ და ხვალ თბილისში წავიდეთ მეთქი. ამის გამო კონფლიქტი მოგვივიდა. ოჯახს ვაშანტაჟებდი, რომ თეატრალურში თუ არ ჩავაბარებდი, სიგარეტის მოწევას დავიწყებდი, ქუჩაში დავდგებოდი და ყველაფერს ცუდს გავაკეთებდი. ორ დღეში საბუთები კი შევაგროვე, მაგრამ დედამ მოიმიზეზა, რომ თბილისში წასასვლელი ფული არ ჰქონდა. კლასელებთან მივედი და მიტანილი ბანკეტის ფული დავიბრუნე. თბილისში იმ ღამესვე წამოვედი. თეატრალურ ინსტიტუტში 25 ივნისს, ჩემი სკოლის ბანკეტის დღეს გამოცდა დამინიშნეს. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი, მსახიობობის გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი.


გამოცდაზე ძალიან შეშინებული გავედი. კომისიის წევრებს შორის კოტე მახარაძე, გოგი მარგველაშვილი, მანანა ბერიკაშვილი და ლილი იოსელიანი იყვნენ, რამაც ძალიან დამძაბა. რაც კი გამოცდისთვის დამოუკიდებლად მქონდა მომზადებული, ყველანაირი სისულელე ჩავიდინე. აზრი ორად გაიყო. ვიღაცეებს ჩემი შემდეგ ტურში გადაყვანა არ სურდათ. მიზეზად კი იმას ამბობდნენ, რომ გამოცდისთვის სათანადოდ მომზადებული არ ვიყავი. დღის ბოლოს კოტე მახარაძემ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, შენთვის ბევრი ვიბრძოლე და იმედებს ნუ გამიცრუებო.


სტუდენტობის პერიოდში თეატრალური ინსტიტუტიდან რომ გამოვიდოდი, რუსთაველის თეატრთან ვჩერდებოდი, გარედან ვუყურებდი და გულში ვლოცულობდი, ღმერთო, ოდესმე ამ თეატრში ერთი როლი მათამაშა მეთქი. მაშინ რუსთაველის თეატრში რემონტი მიმდინარეობდა და დაკეტილი იყო. ჯგუფელები თეატრალურიდან გადავიპარეთ, სცენაზე ავედით, ლექსებს ვკითხულობდით და ჟინს ვიკლავდით. ამჯერად თხოვნა უკვე ფურცელზე დავწერე და თეატრის კედლის პატარა ჭუჭრუტანაში ჩავდე. მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა რუსთაველის თეატრის სცენაზე, გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლით, ,,წათეს წითელი წაღები" - თ აღმოვჩნდი.


სტუდენტობის პერიოდში თავისუფალ დროს ყველაზე ხშირად რეზო ჩხეიძესთან ვატარებდი. გოგი მარგველაშვილის ჯგუფი დავამთავრე და ბატონი გოგის შემდეგ, ვინც ყველაზე მეტი რამ მომცა და მასწავლა, რეზო ჩხეიძეა. მეგობრები ვიყავით. იშვიათი ბრენდის ძველი რუსული საათი მაჩუქა, რომელიც თავად 35 წელი ატარა.

 

მურმან ჯინორიამ გვითხრა, ისეთი პროფესია გვაქვს, დღეს თქვენი პედაგოგი ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ერთ სცენაზე აღმოვჩნდეთო. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, მე და მურმანს მხოლოდ ერთ სცენაზე თამაში კი არ მოგვიწია, დღეს ძმაკაცებიც ვართ.


ღვთისმოშიში და ეკლესიური ვარ. საბედნიეროდ, უწმინდესთან ახლო და ხშირი ურთიერთობა მაქვს, რაც ჩემთვის დიდი პატივია. პატრიარქი რეზო ჩხეიძემ გამაცნო. ,,შინდისის გმირების" ეკლესიის მშენებლობის, წიგნისა და მემორიალის პროექტს რომ ვიწყებდი, უწმინდესს შევხვდი და მისგან კურთხევა მივიღე. საქმეც შესაბამისად წავიდა.


2008 წელს ქვეყანაში რა ხდებოდა, ვერ ვათვითცნობიერებდი. გადატვირთული თეატრალური სეზონის შემდეგ, შვებულებას იმერეთში, ჩემს სოფელში ვატარებდი. აგვისტოს ომში მთელი სოფლის ახალგაზრდობა იყო ჩართული. არც ინტერნეტი მქონდა და არც ტელევიზორს ვუყურებდი. სანამ არ გავიგე, რომ ომს ჩემი ბავშვობის მეგობარი, მიხეილ დვალიშვილი შეეწირა, იმ დრომდე ვერაფერს ვხდვდებოდი. ჩემზე და სხვა მეგობრებზე პატრიოტი რომ იყო, ეს მან დაამტკიცა. მისი დაკრძალვის დღეს, სინდისი მაწუხება. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ არ ვიყავი იქ, სადაც ჩემი თანატოლი ბიჭები ქვეყნის კეთილდღეობისთვის იხოცებოდნენ. მე კი ამ დროს საკუთარი თავის განებივრებით ვიყავი დაკავებული. მიხეილის დაკრძალვის დღეს, საფლავზე დავიფიცე, რომ შინდისის გმირების სახელს სრულიად საქათველოს გავაგებინებდი.


შინდისის გმირები, როგორც პროექტი თითოეული დაღუპულის ოჯახში რამოდენიმე დღით სტუმრობას და ჩვენს გმირებზე მაქსიმალური ინფორმაციის მოძიებას ითვალისწინებდა. ეს ყველაფერი კი თანხებთან და სპონსორებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება იმდენად ცდილობდა ომის და მით უმეტეს შინდისის თემის მიჩქმალვას, პროექტის დაფინანსება არავინ ისურვა. ბანკიდან 5 000 ლარიანი სესხი ავიღე და ორი თვის განმავლობაში შვიდკაციანმა ექსპედიციამ ყველა დაღუპული გმირის ოჯახში ვიცხოვრეთ. საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი, ,,შინდისის გმირები".


ტაძრის მშენებლობის სურვილი შინდისში ჩასვლისთანავე გამიჩნდა. ტერიტორია, სადაც მშენებლობა დავგეგმე, კერძო პირის, ზვიად საბაშვილის საკუთრებაში აღმოჩნდა და საჩუქრად გადმოგვცა. ეკლესიის აშენება ხალხის შემოწირულობით დავიწყეთ, თუმცა მალევე მოგვიწია შეჩერება, რადგან  ეს ყოველივე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ბატონმა კახი კალაძემ ტაძრის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ თქვა, რომ არჩევნების შედეგებს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ეკლესიას საკუთარი სახსრებით დაასრულებდა. ნეტავ ყველამ ის შეასრულოს თავის სიტყვა, როგორც მან შეასრულა. დღეს იმ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. ბატონ კახის ხმამაღლა არასდროს უთქვამს, რომ შინდისში გმირებს ტაძარი აუგო, რისთვისაც მას ყველა დაღუპული ოჯახის წევრის სახელით მადლობას ვუხდი. ჩემი დოკუმენტური ფილმების  გადაღებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. ის არის ადამიანი, რომელსაც სიკეთის კეთება შეუძლია და თანაც უანგაროდ. შინდისში ეკლესიის გვერდით 17 მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი, 17 გმირის გამოსახულებით დაიდგმება. საბოლოო ჯამში, შინდისი ისტორიული ძეგლი იქნება. ტურისტების ინტერესიც იგრძნობა და სკოლის ბოლო ზარებიც ტარდება.


მხტვრულ ფილმზე ვმუშაობ და პირობას ვდებ, რომ ქართვლ გმირებს მსოფლიოს გავაცნობ. ,,შინდისი" იქნება კინო, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს. ფილმის რეჟისორი, თავის საქმიანობაში ყველაზე ტიტულოვანი დიტო ცინცაძე იქნება, რომელიც უკვე წლებია ევროპაში მოღვაწეობს. მე და ვოვა კაჭარავა პროდიუსერები ვიქნებით. რაც შეეხება მსახიობებს, ამ ეტაპზე როლებზე მერაბ ნინიძე, დავით ბახტაძე, ია სუხიტაშვილი და 10 წლის მარიამ ჯიბლაძე არიან დამტკიცებულები.


2016 წელს ევროპის კინო აკადემიის წევრი გავხდი.  მეძლევა საშუალება ერთ-ერთმა პირველმა ვნახო ის ახალი ფილმი, რომელსაც მაყურებელი დიდ ეკრანზე ელოდება. 15 მაისს კანის კინო ფესტივალზე მივემგზავრები, სადაც მსოფლიო ყველაზე წარმატებულ ქართულ ფილმს იხილავს.


როცა ქვეყანაში უსამართლობას ხედავ, პროტესტის გრძნობა გიჩნდება. შინდისის პროექტზე მუშაობამ პოლიტიკასთან კიდევ უფრო დამაახლოვა.


კულტურული და პოლიტიკური მიმართულებით, სიცოცხლის ბოლომდე აქტიური მოქალაქე ვიქნები, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ და სირაქლემას პოზიციაში ყოფნას არ ვაპირებ. ვთვლი, რომ საქართველო თითოეული ჩვენგანის მოსავლელია. მკაფიო და სამართლიანი პოზიციონირება, ყველა მოქალაქის ვალია. რაც ამ ხელისუფლებამ დაალაგა და შეცვალა, ამას ვინც ვერ დაინახავს, უმადურია. ,,ქართული ოცნების" იდეოლოგიის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, თუმცა არსებობს რაღაც საკითხები, რაც არ მომწონს. მთავრობაში რამოდენიმე მინისტრს შევცლიდი.


მსახიობი პოლიტიკაში - პრობლემად არ ვთვლი. რაც სცენიდან მაყურებელს შემიძლია ვუთხრა, ამდენი შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკოსს აქვს. პოლიტიკაში წასული ხელოვანის გაკრიტიკება არასწორი საქციელია. ჩემთვის ბევრს უთქვამს, პოლიტიკაში რატომ ერევიო, მაგრამ  როცა ქვეყნის მოქალაქე ხარ, არც აზრის გამოხატვის უნდა შეგეშიოდეს და მოვლენების შეფასებაც უნდა შეგეძლოს. პოლიტიკურად რაც არ უნდა აქტიური ვიყო, ჩემს პროფესიას, საყვარელ საქმიანობას არასდროს ჩამოვშორდები.


პირად ცხოვრებაზე არასდროს ვსაუბრობ და ვერც ვერავინ დამარწმუნებს, რომ საზოგადოებას ეს აინტერესებს. ერთადერთი, გეტყვით იმას, რომ ყოველთვის შეყვარებული ვარ.

 

 

 

 

 

წყარო: http://pepper.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი