logo_geo
ვინ იყო წმინდა გიორგი და რატომ ვზეიმობთ გიორგობას საქართველოში
- +

6 მაისი. 2021. 16:34

 

 

6 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ - 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) აღინიშნება. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს. ეს უკანასკნელი მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

 

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 275 წელს. მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა და ღმრთის მოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. გიორგიმ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამხედრო სამსახური და ბრძოლაში გამორჩეულმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო. იმპერატორმა იგი დაიახლოვა და მხედართმთავრის წოდებაც უბოძა.

 

პირველ ხანებში დიოკლეტიანე ქრისტიანებს არ სდევნიდა, მაგრამ 15 წლის მმართველობის შემდეგ იმპერიაში შიმშილი, ეპიდემიები და აჯანყებები დაიწყო. ქურუმებმა და დიოკლეტიანემ ჩათვალეს, რომ ეს ქვეყანაში ქრისტიანების მომრავლების გამო მოხდა და იმპერატორმა მათი დევნა დაიწყო. იმპერიის ყველა პროვინციაში დაიწყო ქრისტიანთა მასობრივი, სასტიკი დევნა. მრავალმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას და უარყო ქრისტე.

 

ამ დროს, მიუხედავად აშკარა საფრთხისა, გიორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა მიმდევარნი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომ მისი წამება გადაწყვიტა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა მაგრამ წმინდანის ხორცთან შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. მაშინ დიოკლეტიანეს ბრძანებით, წმინდა გიორგი ბორბალზე დააკრეს, ქვემოთ კი მახვილები დააგეს, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაისერა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, მათ შორის მეფის მეუღლე ალექსანდრიაც, რომელმაც დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ მეფის ბრძანებით დედოფალი დაატყვევეს. წმინდა გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. მაშინ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმლით სირბილი აიძულეს და თან სასტიკად გაშოლტეს.

 

ესეც არ იკმარეს, წლების წინ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება მოსთხოვეს. წმინდა გიორგიმ ილოცა და მართლა გააცოცხლა ადამიანი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, თუმცა, ბევრი მათგანი წამებით მოკლეს. ქურუმებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინააღმდეგ, ამიტომ დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

 

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი უამრავია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივია:

 

ქალაქ ლასიაში მეფობდა ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი, კერპთმსახური სელინოსი. ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მისი მოკვლა ვერავინ შეძლო. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. ასეც მოხდა: ყველა მოსახლემ გაიმეტა თითო შვილი და მეფის ასულის ჯერიც დადგა. შეწუხებულმა მამამ ხალხს უამრავი სიმდიდრე შესთავაზა ოღონდ კი ვინმეს აერიდებინა მისი ქალიშვილისთვის ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ ამაოდ, ხალხი მას არ უთანაგრძნობდა. მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, გზად წმინდა გიორგიმ გაიარა, დაინახა თვალცრემლიანი ქალიშვილი და ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხებაში დახმარებოდა. მალე ვეშაპიც გამოჩნდა, წმინდა გიორგიმ გამოსახა მასზე ჯვარი და შეევედრა უფალს: "უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს: „გვწამს მამა, ძე და სული წმინდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა.

 

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც მხეცს კლავს. მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

 

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ. საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი