logo_geo
„ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიან“ - ფერეიდნელი ქალების ნოსტალგია...
- +

21 აპრილი. 2017. 03:08


 

„ნუ ტირი, თორემ საქართველოში გაიგებენ და იქაც ატირდებიან", - ბავშვის დამშვიდების ამ უჩვეულო ხერხს ფერეიდუნშაჰრში მოგზაურობის პირველივე დღეს შევესწარი. დასავლეთ ირანში, ისპაჰანის პროვინციის მახლობლად მდებარე ამ პატარა მთებით მოცულ ქალაქში, სადაც 4 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს, დედები ბავშვებს არც გუდიანი კაცის მოსვლით აშინებენ და არც ტკბილეულს ჰპირდებიან. ბავშვებს მოუწოდებენ, ცრემლები ერთი შორეული, პატარა ქვეყნის გამო შეიკავონ.

 


ფერეიდუნშაჰრი თავიდან ცოტა დამაბნეველია. ადგილობრივები მას „მარტყოფს" უწოდებენ. ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე ქართულ წარწერებს შეხვდებით: „ზეთის შეცვლა", „მარტყოფის თაფლი", "ხის მეწარმეობა". ზოგჯერ შედარებით უჩვეულო აბრებსაც: „ქართველ დედის საჩუქრები", „მიყვარხარ სამშობლო", „ქართველს გავმარჯოს". ქუჩებსა თუ მთებში, ალბათ, უფრო მეტჯერ მოვისმინე ქართული სიმღერები, ვიდრე საქართველოში ყოფნისას გამიგონია ოდესმე.



ფერეიდუნშაჰრი, ანუ მარტყოფი სხვა სოფლებთან ერთად - რომელთა უმრავლესობას ქართული სახელები ჰქვიათ, მაგალითად, ვაშლოვანი, ჩუღურეთი, რუვის პირი, მთათაშვილის გორა და ა. შ. - ფერეიდნის რაიონში შედის. ამ ადგილებს, რომლებიც ძირითადად ეთნიკურად ქართველებითაა დასახლებული, ირანში „გურჯი ნაჰიეს" ანუ „პატარა საქართველოს" უწოდებენ. 1614-17 წლებში ირანის შაჰმა აბას I-მა დაახლოებით 200 ათასი ქართველი გადაასახლა კახეთიდან ფერეიდანში. ეს იყო სასჯელი იმდროინდელი საფავიდების იმპერიაში მოწყობილი აჯანყებისთვის. ფერეიდნელმა ქალებმა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული ენის შემონახვაში.


400-ზე მეტი წლის შემდეგ, ფერეიდნელები თავს ისევ ქართველებად მიიჩნევენ. მათი უმრავლესობა ქართულად საუბრობს, თუმცა ენაში მე-17 საუკუნის თავისებურებები და სპარსულის გავლენა იმჩნევა - ის არამხოლოდ დანარჩენ ირანელებს, არამედ მეც არ მესმოდა.



ფერეიდუნშაჰრში ქალებთან შესახვედრად და მათი ცხოვრების გამოსაკვლევად წავედი. ფერეიდანზე უამრავი მასალის მიუხედავად, ქალებზე თითქმის არაფერია ცნობილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალები უკეთ საუბრობდნენ ქართულად ვიდრე მამაკაცები და თანაც, როგორც ქალი, ადვილად შევძლებდი მათ გაცნობას. სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. კაცები არამხოლოდ უკეთ საუბრობდნენ თანამედროვე ქართულად - რაც მათი საქართველოში უფრო ხშირი სტუმრობით აიხსნება - არამედ ჩემს ინტერვიუებში ქალებს გამუდმებით აწყვეტინებდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ ჩემი თარჯიმანი, არაში (არჩილი) მამაკაცი იყო და ამიტომ სხვა კაცებთან შეხვედრა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ქალების გაცნობა.



ირანში ყოფნისას, კარგად მქონდა გაცნობიერებული ჩემი პრივილეგია, რომელსაც არაშიც მახსენებდა ხოლმე - მასთან და სხვა კაცებთან ერთად ქუჩებში სიარული მხოლოდ იმიტომ შემეძლო, რომ (მაინც) უცხოელი ვიყავი.


„მხიარულები" - აი, ასე წარმოუდგენიათ ქართველი ქალები იმ ფერეიდნელ ქალებს, რომლებსაც შევხვდი. „არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია. აქ თავისუფლება არ გვაქვს," - მითხრა ბევრმა.



პრობლემები თავისუფლებასთან ფერეიდანში ჩასვლისთანავე შემექმნა, როდესაც პოლიციამ დამიბარა იმის გასარკვევად, თუ როგორ და რატომ ვმოგზაურობდი მარტო. ფერეიდუნშაჰრში ყოფნისას, ქალაქში ჩემი თარჯიმნის გარეშე მარტო ვერ გავდიოდი. იქაურ ქალებს რომ ვკითხე, სიტუაცია ასე განმიმარტეს: „აქ, ირანში თუ ვინმეს მოგზაურობა უნდა, ოჯახთან ერთად მოგზაურობენ. ქალი მარტო ვერ იმოგზაურებს." თანაც, გოგონები სკოლიდან პირდაპირ სახლში უნდა წავიდნენ. საღამოს ქუჩებში იშვიათად შეხვდებით ახალგაზრდა თუ ხანდაზმულ ქალებს.


ნაჰიდა ხუციშვილი, ერთ-ერთია იმ იშვიათ ქალებს შორის, რომლებიც ღამით ჯერ კიდევ სამსახურში არიან. თავის პურის საცხობში მუშაობას ღამის 10 საათზე ამთავრებს, რათა მეორე დღისთვის მყიდველებს ახალი პური დაახვედროს. ნაჰიდა კიდევ სხვა მიზეზის გამოც გამონაკლისია - 13 წლის ასაკში დაქორწინებული, ახალგაზრდა განქორწინდა და ორი შვილი მარტომ გაზარდა. მთხოვნელები როგორ არ მყავდა, მაგრამ ბავშვებს ვერ მივაგდებდიო.


„როგორ ფიქრობ, საქართველოში ჩემი პურები გაიყიდება?"- მეკითხება ცხობაში გართული ნაჰიდა.

 


მის გამომცხვარ ტკბილ პურებზე მოთხოვნა ფერეიდუნშაჰრსა და მიმდებარე ქალაქებში მაღალია. მიუხედავად მისი საქმის წარმატებისა, ხშირად ოცნებობს საქართველოში სახლის ყიდვასა და იქ ცხოვრებაზე. ნაჰიდა არასდროს ყოფილა „ანქა", თუმცა დარწმუნებულია, რომ ჩვენ საქართველოში „ერთმანეთს არ ვაღონებთ და ქალებს მხარში ვუდგავართ".


ყველა ის ფერეიდნელი ქალი, რომელსაც შევხვდი, მიყვებოდა, როგორ ოცნებობდა საქართველოში ცხოვრებზე. მართალია, იციან, რომ საქართველოში ყველაფერი დალხენილად არ არის - მაგალითად, „ქალები უფრო მეტს მუშაობენ და კაცები მხარ-თეძოზე არიან წამოწოლილი" - მაგრამ მაინც მითიურ დაბრუნებაზე ფიქრში არიან.


იმ ფერეიდნელ ქალებს, რომლებიც საქართველოში ნამყოფები არიან, მხოლოდ დადებითი მოგონებები აქვთ. „მზის გოგონათა" ფოლკლორული გუნდის წევრები - რაც ნამდვილი იშვიათობაა ირანში, სადაც ქალებს სიმღერა მარტოს არ შეუძლიათ - თბილისში ცოტა ხნის წინ იყვნენ და საქართველო „თავისუფალ და მხიარულ" ქვეყნად დაამახსოვრდათ.


ფერეიდუნშაჰრში ქართული ხალხური სიმღერების შესასრულებლად ხშირად იკრიბებიან. იმის მიუხედავად, რომ კამერის ცოტა ერიდებათ და ტექსტი კარგად არ ესმით, განსაკუთრებული მონდომებით მღერიან.



დღეს ფერეიდუნშაჰრში გადასახლების მოგონება, რომელიც 400 წელზე მეტს ითვლის, უფრო მძაფრია, ვიდრე დაახლოებით 50 წლის წინანდელი წარუმატებელი რეპატრიაციის ისტორია. იმის მიუხედავად, რომ ფერეიდნელ ქალებს კვლავ ენატრებათ ის ქვეყანა, რომელშიც არასდროს უცხოვრიათ, აღიარებენ, რომ მათი იდენტობა არც ისე სწორხაზოვანია: „ჩვენ მაინც ირანელები ვართ. აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. მიჩვეული ვართ აქაურ ცხოვრებას"...

 

ნინო-ანა სამხარაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი