logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: 32 წლის წინანდელი კადრებია ეს…
- +

3 მაისი. 2017. 12:04



ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ვიდეოს ავრცელებს:



„32 წლის წინანდელი კადრებია ეს...

 

ჩემი ძმის, ანზორის ოჯახური არქივიდან...

 

თითოეული კადრი, წამის თითოეული მეათასედი ტკივილითაა სავსე...

 

ცოტანი დავრჩით...

 

აღარცერთი აღარ არიან - ბაბუაწვერას რომ სულს შეუბერავ, აი, ისე გაქრნენ...

 

- აგერ, ჩემი დიდედა, ტკბილი საშა ბებია იღიმის, ჯოხზე ჩამოყრდნობილი...

ვაშაკიძის ქალი იყო დიდედაჩემი...

 

ბაბუაჩემი მიხეილ (ტუღულო) კაჭახიძე თამადობს...

 

რა ბედნიერი იყო იმ წუთას - მანამ, საკუთარი ხელით დაკრძალავდა ორ შვილს - ბიძაჩემს, რამაზს და მამაჩემს, მარად 36 წლის ბეჟან კაჭახიძეს.

 

ბებიაჩემი? მამაჩემის გურული დედა, ფიცხი და თბილი ნორა კალანდარიშვილი?

 

ვეღარ ვიხსენებ და ვეღარ ვარჩევ? ეს კადრებში მაქსიმე კაჭახიძეა? ბაბუაჩემის ძმა? მისი მეუღლე, ციალა ბებიაც...

 

აღარცერთი, აღარცერთი არიან, ვინც ჩამოვთვალე...

 

ჰამაკში რომ ზის, ჩემს ბიძაშვილებთან ერთად, ეს ბაბუდაა? იზოლდა კაჭახიძე?

ისიც აღარაა...

 

ამ ეზოში პატარა ლიკუნია დარბოდა... მარად ორი წლის ანგელოზი... ხელს ჩავკიდებდი და ვასეირნებდი ამთავიდან იმთავში... იმთავიდან ამთავში... ნეტავ თუ გამიხსენებს იქ...

 

მაინც მამაჩემს ვუტრიალებ: მე-17 წამზე სკამიდან რომ დგება, წამოიმართება ზევსივით... აგერ, მანქანასთან დგას და ტაშს შემოკრავს... გვერდზე გაივლის და გაყვება დედამისიც...

ზუსტად მასე არ გაჰყვა?

წავიდა მამა და ერთ წელიწადში გაეკიდა მის საყვარელ შვილს...

 

ერთხელაც ჩვენი შვილები ასეთმაგვარ ვიდეოს ნახავენ და ასე ჩამოგვთვლიან, ვინც აღარ ვიქნებით, ვინც ბაბუაწვერასავით გავქრებით...

 

ზურაბ კუხიანიძის სტრიქონები გამახსენდა ახლა:

 

„არ მიირწევი ქუჩაში ფრთხილად,

ანძამოტეხილ დამცხრალ გემივით,

და შენს საფლავზე წყვილი გვირილა

გაგორებულა იაგნებივით"

 

გვირილა საფლავზე, თორემ მამაჩემი ცაშია და არც არასოდეს მივუტოვებივარ!"

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი