logo_geo
ბუბა კუდავა: ასე იყო ეს ამბავი...
- +

3 მაისი. 2017. 12:24



ეპოქამ, იღბალმა, სვე-ბედმა და რაღა თქმა უნდა, იმჟამინდელმა ქართველმა პოლიტიკოსებმა ბაგრატ III-ს საქართველოს გაერთიანების შანსი მიართვეს საჩუქრად, ჯერაც ყრმას.


გაიზარდა ეს ყრმა და ეს ძღვენი დედის რძესავით შეირგო.


გაიზარდა და რაც უწყალობეს, იმის გარდა ნელინელ (ხანაც მალიმალ) სხვა მიწებიც მოირთო და მოიმტკიცა.


ტაო-კლარჯეთი, მისი ფუძემდებლის - აშოტ კურაპალატის შემდეგ, აღარასოდეს ყოფილა ერთიანი სამთავრო. დაინაწილეს სამფლობელოებად მემკვიდრეებმა, რომელთა შორისაც ზოგი კურაპალატი გახდა და ზოგიც ქართველთა მეფე, ზოგი მაგისტროსი და ზოგიც მამფალი (ანუ „მამა ბატონი". მოდის „მამა უფალი"-დან, მსგავსად „დედა უფლისა", დედოფლისა), ზოგი ერისთავთ-ერისთავი და ზოგიც ხელმწიფე. ბაგრატიონთა განშტოებები ერთურთში ინაწილებდნენ სამხრეთქართულ მიწებს და არც მოყვრობას იშლიდნენ და არც ქიშპობას. დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებდნენ, მაგრამ ფორმალურად „ქართველთა მეფის" ტიტულის მქონე პირის პირველობასაც აღიარებდნენ.


იქ ვიყავით, ძლიერი ბაგრატი საქართველოს გაერთიანების გზაზე რომ შედგა. უკიდურესი აღმოსავლეთიც - კახეთ-ჰერეთიც შემოიმტკიცა.


კლარჯეთის ჯერიც დამდგარიყო.


სამხრეთ საქართველოს ამ ძარღვიან მხარეს, მისი გულით - არტანუჯითურთ, „კლარჯნი ხელმწიფენი" ფლობდნენ - სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი. ეს ბაგრატოვანთა კლარჯეთის შტო იყო, დიდი აშოტ კურაპალატის უფროსი ძის მონაგარი. ბაგრატ III კი აშოტის შუათანა ძის მემკვიდრე იყო. ლამის 2 საუკუნე გასულიყო და შორეულ ნათესავებად ჩაითვლებოდნენ, რომ არა სამეფო ოჯახში მიღებული შიდადინასტიური ქორწინებები. მამის ხაზით ნათესაობის გარდა კლარჯი ძმები ბაგრატ III-ის ჰალალი მამიდაშვილები გახლდნენ.


თავის ერთ-ერთ უმთავრეს და საყვარელ სამეფო რეზიდენციაში - ფანასკერტის ციხეში მოიწვია სადარბაზოდ. მიიღეს ბიძაშვილის დაძახილი მამიდაშვილებმა. დარბაზობა, თათბირი და ლხინი არ შედგა. ხაფანგი გამოდგა და გაებნენ ძმები. ჯავახეთს გაუყენეს და თმოგვის ციხესა შინა პატიმარ ყვეს. დაიკავა ბაგრატმა ყოველი კლარჯეთი და ციხენი მანდაურნი.


თმოგვის ციხეში ჯერ სუმბატი მოკვდა, ერთი წლის მერე - გურგენიც (ღმერთო შეგცოდე და, არ მჯერა, რომ ორივე „თავისით"). მათი შვილებიდან ორმა გაასწრო და კონსტანტინოპოლს შეეფარა, დანარჩენები კი, „რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა".


წასაკითხად და მოსაყოლად რა მარტივია. მოისრნენ და მორჩა. საქართველოში ერთადერთი მემკვიდრე უნდა დარჩენილიყო სამეფო გვარიდან და ქვეყნის გაერთიანების დიადი იდეაც ალბათ მსხვერპლშეწირვას ითხოვდა.


ან არც ითხოვდა. ჩვენივე ნებით ვწირავდით საკუთარ მამის დისწულებსა და მათ შვილებს...


რას ვიზამთ, ასეთია შუა საუკუნეები, რთულია ქვეყნის გაერთიანება და ასეა სამეფო ძალაუფლების საქმეო, - ხელებს დავიბანთ ხოლმე ისტორიკოსები...


მომკალით და მებრალებიან ის ძმები, არტანუჯელნი, რაც უნდ მაგრად ეერთგულათ, მაინც რომ განწირულები იყვნენ. ბაგრატიონნი გახლდნენ და ვაითუ რომელიმეს, ან რომელიმეს რომელიმე შვილსა თუ შვილთაშვილს ოდესმე მეფობა მოსწყურებოდა...


ასე იყო ეს ამბავი...


. . . . . . . .


აბა, სიმბოლოების მოყვარულმა რამე როგორ არ ვეძიო იმ ამბავშიც, რომ ეს ჩვენი დიდი მეფე ბაგრატიც მალე გარდაიცვალა, სულ 2 წელიწადში მეორე ძმის სიკვდილიდან. თან იქ აღესრულა, საცა დაიბარა და საცა შეიპყრო მამიდაშვილნი - ციხესა შინა ფანასკერტისასა...


მალე: #ქართველიმეფეები


. . . . .


ფოტო:

ფანასკერტის ციხე დღეს, იმ ამბებიდან 1000 წლის შემდეგ. აქედან ძირითადი, „ტრიუმფალური" შესასვლელი იყო და სადარბაზოდ მოსულ არტანუჯელ ძმებსაც ალბათ აქედან შეუძღვნენ ციხეში.

2012

 


ბუბა კუდავა

 

 


 

big_banner
არქივი