logo_geo
მაია კახიძე: როგორ გადაარჩინა ქართველები წმინდა გიორგიმ ფერეიდანში
- +

6 მაისი. 2017. 02:45


 

სეფიანთა დინასტიის დასასრულს ირანში ავღანელები შევიდნენ (შაჰ-სულთან ჰოსეინი 1722-1723 წწ.) ისპაჰანის გუბერნიის დაპყრობის შემდეგ ავღანელებს ფერეიდნის ტერიტორიის დაპყრობის სურვილი გაუჩნდათ. ისინი დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ, გზად ყველაფერს ანადგურებდნენ, მთლიანად წვავდნენ სოფლებს...და აი, ისინი მიადგნენ ქართველთა დასახლებას...


ომი სამ დღეს გაგრძელდა... დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ქართველებმა მაინც მოახერხეს მათი შეჩერება... მაგრამ მტერს ახალი კოლონები ეხმარებოდნენ. ქართველებმა უკან დაიხიეს, ბოლოს ყველა მეომარი დაღლილ-დაქანცული ჩამოჯდა და საგონებელში ჩავარდნენ, გაახსენდათ განვლილი წლები - მათი ისტორია ხომ ირანში გადასახლებიდან მოყოლებული სისხლითა და ცრემლით იწერებოდა. მიხვდნენ, რომ მეტი ძალა აღარ შესწევდათ, გრძნობდნენ, რომ დანებების დრო იყო, რასაც ცრემლიანი თვალებით ხვდებოდნენ...


ამ დროს ფერეიდნის ჩრდილოეთით, ამაღლების მთებთან „თამზიანი გორაზე" ქართველებს გამოეცხადათ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, რომელმაც მეომრებს დიდი სულიერი სიმტკიცე შესძინა და მათ ერთი თავზე ხელაღებული შეტევით მთლიანად განდევნეს ავღანელები თავიანთი ტერიტორიიდან.

 

ავღანელები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ და აღარც დაბრუნებულან...


დიდი ქვა, რომლის უკან ქართველებს წმინდა გიორგი გამოეცხადათ, ძლიერმა ღვთაებრივმა ძალამ შუაზე გახეთქა. ქვა ახლაც ხელუხლებელია... თითოეულ ნახევარს ჩამოჭრილი აქვს კუთხეები ისეთი ფორმით, რომ ვერავითარი სტიქიური მოვლენით ან ხელოვნური ჩარევით ქვა ასეთ ფორმას ვერ მიიღებდა... ქვის სიმძიმე 15 ტონაზე ნაკლები არ იქნება. დღევანდელი ტექნიკა უძლურია ასეთ მიდამოებში ჩარევისთვის...


აქ ყოველი წლის ივნისის თვეში სალოცავად ადიოდნენ და ახლაც ადიან ქართველები. ქვის ხელის ხლებას ვერავინ ბედავს, ამ ადგილთან მიკარებას სპარსელებიც ერიდებიან, რადგან მათაც წმინდა ადგილად მიაჩნიათ.


გადმოცემით, თურმე, ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: "ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ... გაგვიყვანე შენი შვილები ფერეითიდან შენს მიწაზე, საქართველოჩი... საქართველოჩი...."


ფერეიდნელებს განსაკუთრებული გამოსამშვიდობებელი მიმართვა აქვთ: - ღმერთს ებარებოდე! გეტყვიან და ამით ყველაფერ საუკეთესოს გისურვებენ.


წმინდა გიორგიმ დალოცოს და ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო თავისი მოწყვეტილი და მონატრებული შვილებით!


 

 

 

big_banner
არქივი