logo_geo
რა ელის ტაო-კლარჯეთში მდებარე ულამაზეს ეზბეკის მონასტერს?!
- +

16 მაისი. 2017. 20:32



რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გიორგი დვალაშვილმა ტაო-კლარჯეთში მდებარე ეზბეკის მონასტრის ახალი ფოტოებიც გამომიგზავნა და მომწერა:


„ახლახან ტაო-კლარჯეთში ვიყავი და ეზბეკის მონასტერშიც ავედით. ვეღარ იცნობ იქაურობას, გული მოგიკვდება, რომ ნახო - ჯერ ერთი, რომ განძის მაძიებლებს კიდევ გადაუთხრიათ და გაუნადგურებიათ იქაურობა, სამ ადგილას 2-მეტრიანი თხრილებია; მეორეც - ვეღარ იცნობ მონასტრის შემოგარენს. იქ შენც ხომ მაისში იყავი და მახსოვს, რა აღფრთოვანებით ლაპარაკობდი ეზბეკის ყაყაჩოებზე. ახლა მონასტრის წინ, იმ ადგილას, სადაც ყაყაჩოები უნდა დაგვხვედროდა, კაკლის ხეივანი გააშენეს, თითქოს ირგვლივ სხვა ტერიტორია არ იყო!"



ეს ამბავი მართლაც ელდასავით მეცა - ოშკი, ხანძთა, ოთხთა, პარეხთა, დოლისყანა და სხვა ძეგლები არ გვაკლდა, საქართველოს შესაბამისი უწყებებიდან თითსაც რომ არავინ ანძრევს, მათ გადასარჩენად... ასე მგონია, და არცთუ უსაფუძვლოდ, ამ ადამიანების ნაწილს ფოტოზეც არ უნახავს მათი უმრავლესობა, არათუ ჩასულა და დაუთვალიერებია! აბა, ეზბეკზე ვინღა იფიქრებს, ფაქტობრივად, ტურისტულ მარშრუტშიც არ ზის. არადა, ვერ წარმოიდგენთ, რა გასაოცარი სანახაობაა იქ, მის მნიშვნელობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!



ეზბეკის მონასტერში ჩემს მოგზაურ, საქართველოს წარსულისა და აწმყოს სიყვარულში დაუღალავ მეგობრებთან ერთად 2015 წლის მაისის დასაწყისში ვიყავი. ეზბეკის ულამაზესი ხეობა „ხალიან" მთებს შორისაა მოქცეული, ეზბეკის კომპლექსისკენ კი ამ მთებში გაყვანილ, შიგადაშიგ გულსაც რომ აგიფანცქალებს, ისეთ ვიწრო გზას მიჰყავხარ. მთავარია, შემხვედრ მანქანას არსად გადაეყარო. ზემოთ ასულებს ათასფერ ზოლებად დაღარული პანორამა დაგვხვდა, შუაში - ყაყაჩოების თვალუწვდენელი ველით: აშკარად სამოთხეში მოვხვდით! გახსოვთ, ლადო ასათიანი? - „ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!" მახსოვს, ისეთი აჟიტირებული ვიყავი, გულში შემოვძახე: „იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,/ მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:/ თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,/ მა ეს ბებერი ეზბეკი რა ძალამ ააბდღიალა?!" ყაყაჩოების ველს ლამის შევესიეთ, ეკლესიას რომ მივუახლოვდით, გველსაც კი გადავეყარეთ. ერთმანეთს ვასწავლიდით, ტაშის კვრით იარეთ, ეგებ შევაშინოთო და ასე აპლოდისმენტებით აღმოვჩნდით ტაძრის ნანგრევებში...



ეზბეკის არქიტექტურული კომპლექსი მაღალი ქარაფის თავზე, ტაფობზეა განლაგებული და მასში IX საუკუნის ბაზილიკა, XIV-XV სს-ების დარბაზული ეკლესია, კოშკი, გალავანი და კარიბჭე ერთიანდება. ბაზილიკა ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა ქვებით. სახურავზე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი მოჭიქული, ტერაკოტას ფერის კრამიტი. შუა ნავის კამარა ჩამონგრეულია. გვერდითა ნავები ცენტრალურ ნავთან შედარებით ძლიერ ვიწროა. ბაზილიკის საკურთხეველში, ასევე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი გახუნებული ფრესკები.

 


ჩვენი ჯგუფის ორი წევრი - ხელმძღვანელი თამთა ჭანტურია და მძღოლი ზვიად ჩიტაური ერთი წლით ადრეც ყოფილან ეზბეკში და მაშინ საკურთხეველი ჯერ არ იყო გათხრილი. ჩანს, მას შემდეგ გაუთხრიათ განძის მაძიებლებს. რომ დავაკვირდით, თითქოს, სამარხს ჰგავდა... ახლა კი, იქაურობა სრულიად გაუვერანებიათ.


ჩვენი კულტურის მესვეურებზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ბევრ ქართველ ტურისტსა და მომლოცველს რომ ევლო ეზბეკში, ეგებ, თურქებიც დაინტერესებულიყვნენ და დანარჩენი ტერიტორია მაინც შეენარჩუნებიათ თუნდაც ისე, როგორიც ჩვენ ვნახეთ!


ირმა ხარშილაძე


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი