logo_geo
ნუგზარ ფოფხაძე: ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი
- +

27 მაისი. 2017. 18:28



ვიდრე ძირითად სათქმელზე გადავალ, მანამდე დაბეჯითებით გირჩევთ, გაეცნოთ ერთ საინტერესო ამონარდს.


„...1825 წელს საფრანგეთის ერთობ ცნობილმა არისტოკრატმა მარკიზმა დე დამპიერმა ზღვარგადასული, მოურიდებელი, ღვარძლიანი და მეტისმეტად უხვი ლანძღვა-გინებით ისე შეაწუხა საზოგადოება, რომ მისი იძულებითი სამედიცინო გამოკვლევა გადაწყვიტეს. ეს იყო პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა იტარდმა დაუსვა დიაგნოზი, რასაც შემდგომ გამოჩენილი ფრანგი ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რამეთუ მან პირველმა აღწერა და დაახასიათა ეს „მოვლენა", როგორც სამედიცინო მდგომარეობა.


ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი - ქრონიკული დაავადებაა და ძალიან იშვიათია მონაცემები ამ სენით შეპყრობილთა სრული (!) გამოჯანმრთელების(!!!) შესახებ. ძველად, ასეთ ავადმყოფებს ავ სულებს (ეშმაკებს, დემონებს) ეძახდნენ.


დღესდღეობით ამ სინდრომის (მსუბუქი ხარისხით) მატარებელ ცნობილ ადამიანთაგან ერთ-ერთი გახლავთ ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი. მისი დიაგნოზია კოპროლალია. ეს პათოლოგია ორნაირია. ერთი: უხამსი, საგინებელი სიტყვების და ფრაზების უმიზეზოდ წამოძახება. მეორე: უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები.


სინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების მიხედვით, 10 000 მოსახლეზე ყოველი 4 შემთხვევიდან 3 მამაკაცია (ანუ, ქალბატონების მხრივ საქართველო ამ მხრივ ისეთი გამონაკლისია, რომ შესაძლოა გინესის წიგნშიც კი მოხვდეს რეკორდსმენად - ნ.ფ.).


ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული (!!!) დაავადებაა, რაც მემკვიდრეობით (ერთ-ერთი მშობლის გენის გზით) გადაიცემა და მისი სრული განკურნება (!!!) დღეისათვის შეუძლებელია (!!!). მიუხედავად ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია: მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხსა და გართულებაზე.


განსაკუთრებულ სოციალურ შეშფოთებას იწვევს ამ სინდრომის ვოკალური სიმპტომი - კოპროლალია: არანორმატიული ლექსიკის და უფრო რთული სექსუალური, აგრესიული თუ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების აფეთქეფადი „ნიაღვარი", რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უნებლიე, ნაუცბადევი წყენის თუ განრისხებისას გამოვლენილ რეაქციად.


ამ სინდრომის მატარებელ პაციენტებში და მათ ნათესავებში უფრო ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქიკური აშლილობა: შიზოფრენია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი და პანიკური დარღვევები".


ამ ამონარიდის გაცნობის შემდეგ, გაცილებით ადვილია მეტ-ნაკლები ახსნა „რაღაც-რაღაც" მოვლენებისა, რომლებიც უხვად გვხვდება არა მარტო „ფეისბუქზე", არამედ მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში. აგერ, მსოფლიოს გულშემატკივართა კერპი დევიდ ბეკჰემი, თურმე, ამ „შეუკავებლობის" მსუბუქად მატარებელი ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენი ტელე და ფბ-„ვარსკვლავები" საკუთარ სიყეყეჩეს, საკუთარ სიმყრალეს ასეთი დოზით, ასეთი უტიფრობით, ასეთი ინტენსივობით რომ აფრქვევენ, ნეტავი რომელი მძიმე წონის მატარებელი აიწონის ამ „ფუნა-ტვირთს"?


როგორც, ზემომოტანილი ამონარიდი და არაერთი ჩვენებური ფსიქიატრი მიუთითებს, უკურნებელია ეს სენი. მით უმეტეს, თუ უმძიმეს ნერვულ ფონზე მიმდინარეობს, მაგალითად, გენეტიკასთან (ამის ფაქტები არსებობს), აღზრდის ნაკლოვანებებთან, ოჯახურ ტკივილთან (ცხადზე ცხადია)... თურმე, არაერთი კვლევა ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ არა ნაკლებ მძიმეა ეს ფონი, თუ დაკავშირებულია „მატერიალურ სინდრომთან" - ფულის შოვნის დაუოკებელ სურვილთან, რომლის განხორციელებაც „შეწერვის", გამოძალვის, დაშანტაჟების მეთოდებთან ასოცირდება. მეთოდიკა უნივერსალურია და არ არის ქვეყნის საზღვრებზე, ეროვნებაზე, სქესზე, ასაკზე, პროფესიაზე, სიმსუქნე-სიგამხდრეზე, მომხიბვლელობაზე დამოკიდებული. განმსაზღვრელია, რა დოზით, რა სიღრმით ხარ ჩაფლული ამ გახრწნილებაში...


ზემოთქმული დასკვნა და მისი გააზრება, მეტ-ნაკლებად იმასაც ხსნის, თუ „ადეკვატურად" რატომ არ რეაგირებენ ნორმალური (!) ადამიანები და „სტრუქტურები" იმ „ნიაღვარზე", რომელიც მათი და (არა მარტო) მისამართით „მიუშვეს" უკურნებელმა ა ვ ა დ მ ყ ო ფ ე ბ მ ა!!!


ადრე შევეცადე, მეტაფორულად მიმენიშნებინა „რაღაც-რაღაცეები" და ცალსხად მეთქვა, რომ არ მომწონს, მიუღებელია და არავითარი შეხება სიბინძურეებთან არ მქონია, არ მაქვს და, ვიდრე საჭიროდ ჩავთვლი, არ მექნება. ზოგადად და კონკრეტულად! ნორმალური(!) ადამიანებისგან განსხვავებით, ეს ფრაზა „ბრალის" აღიარებად ჩათვალა და საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა „დოსტოევსკის „კრეტინების"(!!!) მსგავსმა ტიპაჟმა.


და წავიდა ისევ ერთი და იგივე ბოდვები!


ნოდარ დუმბაძე ამბობდა ასეთ ტიპებზე: შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ხალხიაო! ასეა!


ერთმა ბრძენმა კი თქვა, არ არსებობს იმაზე დაუძინებელი მტერი, ვიდრე ყოფილი მეგობარიო. ესეც ჭეშმარიტებაა!


ღვთის წყალობით, ჯერ არ მაქვს თავი მოსაკლავი და არცერთ ნაღდ მეგობარს და ნამოწაფარს არ ჩაუდენია ისეთი რამ, რომ აკაკის „გამზრდელი" მქონდეს წასაკითხი.


ამიტომ, აგონიაში მყოფი „ავადმყოფებისგან" განსხვავებით, ჩვენ მშვიდად ვართ, რამეთუ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: აშკარად ცუდად დაამთავრებენ, რამეთუ ჯერ (!) არ მქონია (!) შემთხვევა, რომ ჩემდამი ვინც ასე საზიზღრად და უსირცხვილოდ იქცევა, არ დასჯილიყოს. დიახ, არ დასჯილიყოს, თანაც ძველი ჩინური სიბრძნის შესაბამისად, რომელიც გვასწავლის: ბოროტებას და გახრწნილებას თავად არასოდეს გადაუხადო სამაგიერო. ცხოვრება უშენოდაც მოახერხებს მის დასჯას. შენი მოვალეობაა, დაჯდე მდინარის პირას და დაელოდო, როდის ჩამოატარებს წყალი ცხოვრების მიერ დასჯილი შენი მტრების გვამებს.


ჰოდა, ახლა მტკვარი მომატებულია და უნდა კარგად დავაკვირდე, რამე არ გამომეპაროს...


მანამდე კი შარშანდელი, ასევე, იგივე, შარშანწინდელი, კიდევ უფრო წინანდელი...) წერილი წაიკითხეთ. ჩემი ზოგიერთი ოპონენტისთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა ვიცი, ეგებ, თქვენც გამოგადგეთ... შეიარაღებაში!!!


არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!..


 (18 მარტი. 2016 წ )

როგორც წესი, არასოდეს ვრეაგირებ დიდ თუ პატარა „ღრენა-კბენა-პწკენაზე", მით უმეტეს, ცილისწამებაზე, აშკარა სიცრუეზე, შანტაჟზე...


მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საპასუხო რეაგირებას, პროტესტს, ახსნა-განმარტებას აზრი არ აქვს, რამეთუ, ჯერ ერთი - თავის მართლებაში ჩაგეთვლება, რაც უკვე დანაშაულის „აღიარებას" ნიშნავს და მეორე - ვისაც შენი სჯერა, ის ისედაც არ ირწმუნებს და ვისაც არა - წყალშია შენი მცდელობები გადაყრილი...


აქედან გამომდინარე, თითქმის ყოველთვის ვცდილობ რომ მივყვე წინაპართა გაფრთხილებას: „დუმილი ოქროა!.."


ესე იგი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩამითრევენ პოლემიკაში, ესე იგი, დღესაც არ ვაპირებ სერიოზულ „გაფართხალებას".


მათ საპასუხოდ მხოლოდ ერთი სიტყვა: ბ ო დ ვ ა!!!!!


მათ გასაგონად: ყველა თქვენი გამოსვლა მედიით არის ბოდვა, ბოდვა ბოროტი, წინასწარგანზრახული, მხარდაჭერილი, მართული, ანგარიშიანი, უკვე გადახდილი ან საფასურის გადახდის მოლოდინში მყოფთა უსურცხვილო ლაყბობა!


უკვე ვთქვი: „ფეისბუქზე" მე ჩემი მეგობრებისთვის (ასაკისგან და მდგომარეობისაგან განურჩევლად), ვწერდი და ვწერ. ასეა ახლაც!


თქვენ, მეგობრებს, მოგმართავთ: როგორც აქამდე, მომავალშიც ვენდოთ ერთმანეთს! ერთმანეთის სიტყვას!


კვლავ გავიმეორებ: არავითარი პოლემიკა, არვითარი კონტაქტი არამზადებთან! ვერავითარი ძალა, ვერავითარი „ფორს-მაჟორული" სიტუაცია ვერ შემაცვლევინებს პრინციპს: ტოლი ნახე, შენი წონითი კატეგორია იცოდე!


და თუ ოჯახში ხარ გაზრდილი და არა ტყეში, თუ გყავს დედა და, მით უმეტეს, საკუთარი ოჯახი, ნუ აგინებინებ მათ შენი უგვანო და სამარცხვინო საქციელით!


დანარჩენი სათქმელი კი მათ, დამკვეთმაც და წარმმართველმაც, წაიკითხონ ისევ იმ არაკში, მღვდელსა და დიაკვანს რომ ეხება და რომელიც ადრე ამ ჩემ ფბ-გვერდზე გამოვაქვეყნე!



„მღვდლისა და დიაკვნის არაკი"

(მხოლოდ ჩემი მეგობრებისთვის!)

ერთმა დიაკვანმა თავისი უშუალო „უფროსის" - მღვდლის გაშარჟება განიზრახა და მრევლი შეკრიბა:

მოდით, მღვდელი გავამასხარაოთო!

- როგორო, დაუსვეს კითხვა.

- როგორ და, მღვდელი ყოველ კვირა დილას თევზაობს, მივიდეთ, გავაპამპულოთ... და მაგრად გავერთობითო!

- მაინც, როგორო?

- როგორ და ასეო: მივეპაროთ, თქვენ ჩაცუცქულები იქნებით, რომ მან არ შეგამჩნიოთო...

მე მივესალმები: გამარჯობა მამაო!

ის მიპასუხებს: სალამი, შვილო!

მე: როგორ ბრძანდებით, მამაო?!

ის: ჩვეულებრივ, შვილო! თავად ხომ კარგად?

მე: გმადლობთ, მამაო! ოჯახში როგორ გიკითხოთ, მამაო?

ის: გმადლობთ, შვილო, ღვთის შეწევნით ვართ!

მე: აქ რას აკეთებთ, მამაო?

ის: ვთევზაობ, შვილო!

მე: დაიჭირეთ თევზი, მამაო?

ის: კი, შვილო, დავიჭირე!

მე: აბა, მაჩვენეთ, როგორი თევზი დაიჭირეთ, მამაო!

მამაო ამოიღებს და გვაჩვენებს ანკესით დაჭერილ წვრილ ლიფსიტას და გვეტყვის: აი, თევზი, შვილო!

პასუხად მე ორივე ხელს ჩემს „საოხრეზე" დავიდებ და გულიანად ვეტყვი: აგერ, უფრო დიდი თევზი, მამაო, და ეს დაიჭირეო!

თქვენ წამოიშლებით და ხარხარით „გავაპამპულავებთ" ამ ჩვენს მღვდელსო!..

და დაიწყო დიაკვანმა მრევლთან რეპეტიციები ...

რამდენიმე დღის შემდეგ დადგა წარმოდგენის გამართვის დროც.

...„შეთქმულები" ჩუმად მიეპარნენ მდინარესთან მოთევზავე მღვდელს...

დიაკვანი ამაყად წამოიწია და, წინასწარ მრავალგზის რეპეტიციაგავლილი ტექსტით და დაყენებული ხმით მღვდელს მიმართა:

- გამარჯობა, მამაო!

მღვდელმა მოიხედა, აათვალიერ-ჩაათვალიერა დიაკვანი და ყოველგვარ შესავლის გარეშე მიახალა:

- წადით შენი და შენნაირების დედაც!.. და ზედ 18-სართულიანი გინებაც მიაყოლა და... „წარმოდგენაც" ამით დაასრულა.



ჰოდა, სიამოვნებით გადავუზიარებ მღვდლის „კურთხევას" ყველა ძველ თუ ახალ იმ კაპრალ-ლეიტენანტ-ზედამხედველ-ჩამშვებ-აგენტს-ჩამწერ-გამომქვეყნებელ-გამზიარებელ -ყბედს!

მშვიდობაში მოიხმარეთ ეგ „კურთხევა" და მომავალში განმეორებითი „ვაჟკაცობის" შემთხვევაში აგსრულებოდეთ მრავალგზის!

ამინ!








 

big_banner
არქივი