logo_geo
მტკვრისპირელი გარინჩა
- +

31 მაისი. 2017. 10:49



სოჭი. სლავა მეტრეველის სახ. სტადიონი



ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო. ამ ფრაზას ჩვეულებრივ საუბარში ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ, გემოვნებაზე იმიტომ არ დავობენ, რომ შეუძლებელია, ყველა ადამიანს ერთი და იგივე მოსწონდეს. კიდევ ერთი ხალხური ნათქვამი მახსენდება, ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგსაც მღვდლის ცოლიო, აი, ეს უფრო ახლოს მგონია ჭეშმარიტებასთან; ახლა ამ ყველაფერს სპორტულ სიბრტყეში, კერძოდ, ფეხბურთში გადავიტან და მაგალითებს ამ სფეროდან მოგიყვანთ. მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს პელეზე აბოდებდა, მის სამშობლოში, ბრაზილიაში, გარინჩა მიაჩნდათ უდიდესად.


ფრანგებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, ვის უფრო აფასებენ - პლატინისა თუ ზიდანს; ამ დროს უფრო დიდი პოპულარობით ერიკ კანტონა სარგებლობდა. ახლა მსოფლიოს თავი დავანებოთ და საქართველოზე გადმოვერთოთ - იგივე სურათია:


გულშემატკივართა პირველი თაობა მიიჩნევს, რომ ბორის პაიჭაძეზე უკეთესი არ დაბადებულა, მეორე თაობა მიხეილ მესხს მიიჩნევს საუკეთესოd, უფრო აქეთ დავით ყიფიანი ითვლება განუმეორებლად. მინდა გითხრათ, რომ სამივე ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება; საერთოდ კი, სხვადასხვა თაობის ფეხბურთელთა ერთმანეთთან შედარება აშკარად უმადური საქმეა და ამ წერილის მიზანიც ეს ნამდვილად არ არის. საბედნიეროდ, ქართულ ფეხბურთში არაერთი ვირტუოზი ყოფილა და ბევრი მათგანი მსოფლიოს ნებისმიერ კლუბსა თუ ნაკრებში გაიბრწყინებდა - ერთ-ერთ მათგანზე კი უფრო დაწვრილებით შევჩერდები. კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა თბილისის „დინამოში", 1963 წელს ლენინგრადის „ზენიტთან". მას იმ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია, მაგრამ თამაშის დამთავრების შემდეგ მთელი სტადიონი ფეხზე ამდგარი სწორედ მას უკრავდა ტაშს.  ოთხივე ბურთი მოწინააღმდეგის კარში მისი გადაცემებით გავიდა. ამის მერე მთელი ათი წლის მანძილზე არ მახსენდება არც ერთი თამაში, რომელიც მას „ჩაეგდოს", „დინამოს" ბევრჯერ წაუგია, მაგრამ ვერ ვიხსენებ, თუნდაც ერთხელ, ვინმეს მასზე საყვედური ეთქვას.


ჩემი თაობის ქომაგებისთვის უკვე ცხადია, ვისაც ვგულისხმობ - ეს სლავა მეტრეველია. 30 მაისი მისი დაბადების დღეა, 81 წლის გახდებოდა, თუმცა მანამდე იყო დიდი ფეხბურთი და დიდი წარმატებები.

1961 წელს „მარაკანაზე" საბჭოთა ნაკრები ბრაზილიას ფრედ ეთამაშა, პირველი გოლი სწორედ სლავამ გაიტანა. თამაშის შემდეგ გარინჩამ მისი ნახვა მოინდომა და სახალხოდ გადაეხვია, მეორე დღეს კი გაზეთებში დაწერეს, თურმე, თავისი გარინჩა საბჭოელებსაც ჰყოლიათო. მას ჰქონდა ყველაფერი, რაც ფეხბურთის დიდ ოსტატს სხვათაგან გამოარჩევს: სისწრაფე, მოქნილობა, საოცარი დრიბლინგი, მცველების გარემოცვაში ისე გაივლიდა, როგორც სამთო მოთხილამურე, სლალომის დროს უვლის გვერდს წინაღობებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ უფრო ელეგანტური ფეხბურთელი გნებავთ სტადიონზე და გნებავთ ტელევიზიით ძალიან ცოტა მინახავს. ცალკე აღნიშვნის ღირსია მოედნის გასაოცარი ხედვა და უზუსტესი პასები, რომლებიც ძალიან ხშირად გოლებით მთავრდებოდა.


„დინამოში" მისი პარტნიორის ვლადიმერ ბარქაიას მონაყოლს მოგახსენებთ:


„სლავა ახალი გადმოსული იყო და შეთამაშება გვჭირდებოდა. მიშასთვის, მაგალითად, ბურთი ფეხებში უნდა მიგეცა და მერე თავად აიწყვეტდა ადგილიდან. მე უფრო „ხოდში" მერჩივნა და სლავასაც ეს ვუთხარი, ასე მიპასუხა, სიომა, შენ არ ინერვიულო, ხელით მანიშნე, სად გინდა და ზუსტად იქ მოგცემო. ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას მართლაც ისე მოხდა, სლავა ბურთის ჩამოსაწოდებლად ემზადებოდა, მეც დავიძარი და ხელით მივანიშნე, რამდენიმე წამში ბურთი ზუსტად იმ ხელში მომარტყა. ამაზე ბიჭები კარგა ხანს იცინოდნენ". ამას ხუმრობით და სიყვარულით იხსენებდა, თან დაამატა, „კლასნი" ფეხბურთელი იყო, პროფესიონალიზმი „დინამოში" მაგან ჩამოიტანაო. ზუსტად ვერ ვიხსენებ, რომელ წელს, მაგრამ მოსკოვის „დინამოსთან" ერთ შეხვედრაში მესხმა თავისი საოცარი ფანდებით თავბრუ დაახვია მცველებს და ცენტრში სლავას გადააწოდა, ამან ცრუ მოძრაობით არა მარტო მცველები, თვით ლევ იაშინიც დააბნია, საბოლოოდ ორი მცველი და იაშინი ერთ კუთხეში აღმოჩნდნენ, სლავამ კი მშვიდად მეორე კუთხეში შეაგორა ბურთი. ის თამაში 2:1 მოვიგეთ. მსგავსი სილამაზის კომბინაცია კი ბევრი ნამდვილად არ მინახავს.


როგორც უკვე მოგახსენეთ, სლავა მეტრეველი თბილისში 1963 წელს ჩამოვიდა. მანამდე იყო სოჭი, გორკი და მოსკოვის „ტორპედო".


საინტერესოა მისი მოსკოვში გადასვლის ისტორია. გორკში ადგილობრივ „ტორპედოსთან" ამხანაგური მატჩის გასამართად ჩასულ მოსკოველ თანაკლუბელებს სლავამ ერთადერთი გოლი გაუტანა და ის შეხვედრა მოიგეს კიდეც. მოსკოველთა მწვრთნელმა კონსტანტინ ბესკოვმა ახალგაზრდა ყმაწვილი შეაქო და სთხოვა, სადგურში გამაცილეო; კუპეში შეიყვანა, კარი გადაკეტა და ასე უთხრა: „დღეიდან ჩვენთან თამაშობ, გორკელებს კი მე თავად მოველაპარაკებიო". ასე მოიტაცეს დედაქალაქელებმა გუნდის მომავალი ვარსკვლავი, რომლის სახელთანაც ყველა მათი დიდი გამარჯვება იყო დაკავშირებული. 1960 წელს გუნდმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და თასი რომ მოიგო, ამაში დიდი წვლილი სწორედ სლავა მეტრეველს მიუძღოდა; თუმცა მოსკოველთათვის ყველაზე დრამატულ მატჩში, ტაშკენტში, მათ კარში გატანილი 4 გოლიდან ერთი სლავას ანგარიშზეა.


თავად სლავას ყველაზე მეტად პარიზში ევროპის თასის ფინალის და ბუენოს-აირესში არგენტინის ნაკრებთან გამართული შეხვედრების გახსენება უყვარდა. პარიზში მისი გოლით ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მერე მესხის პასით პონედელნიკმა გამარჯვებისა გაიტანა.


სამხრეთ ამერიკაშიც მესხი-მეტრეველის დუეტი შეუჩერებელი გახლდათ, არგენტინელებმა პირველად არსებობის ისტორიაში წააგეს „რივერ პლეიტის" სტადიონზე. თამაშის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მაისურები და ტრუსები ნაფლეთებად აქციეს და გულშემატკივრებმა ჩამოირიგეს, ხოლო მეორე დღეს გაზეთებმა ასე შეაფასეს მათი თამაში: მესხი - 50 მილიონი, მეტრეველი - 50 მილიონი. მართალია, საუბარი პესოებზეა, მაგრამ იმ დროისთვის ეს კოლოსალური თანხა გახლდათ.


1968 წელს „მარაკანას" სტადიონზე ფიფას ნაკრები ბრაზილიას ეთამაშება. თამაშის დაწყების წინ თვით გარინჩამ სლავა მეტრეველს, რომელიც მსოფლიოს ნაკრებში იყო მიწვეული, ნიკეს ოქროს ქალღმერთის ათასრვაასგრამიანი ქანდაკების ასლი გადასცა. ასე დააფასა ფიფამ დიდი ქართველი ფეხბურთელი, რომლის თამაშსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტადიონებზე, ხოლო აქ, თბილისში „დინამოზე", ქართველ ქომაგებს განუმეორებელ სიხარულს გვანიჭებდა, ის მართლაც ხალხის უზომო სიყვარულით სარგებლობდა, ისევე როგორც მისი მარჯვენაფლანგელი ბრაზილიელი კოლეგა და როდესაც ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს ადარებენ, პირველ რიგში ეს მსგავსება უნდა დავაყენოთ:


მანე - ბრაზილიელი ხალხის სიხარული.


სლავა - ქართველი ხალხის სიხარული.






 

big_banner
არქივი