logo_geo
სისხლის სამართლის საქმე №07422061580!
- +

2 ივნისი. 2017. 11:15



ანუ ცხოვრებისეული ტრაგიკომედია, კარგად ნაცნობი გმირების შესრულებით!


ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა- ცხოვრება და თეატრი განუყოფელია, უერთმანეთოდ ვერც იარსებებენ და  საერთოც ბევრი აქვთო. ჭეშმარიტებისგან შორს არ უნდა იყოს; ისე, ადამიანების ყოფას თეტრალურ ჟანრებს თუ შევადარებთ, ყველაზე მეტად, ალბათ, ტრაგიკომედია მიესადაგება, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათწლეულის საქართველოში დატრიალებულ სიტუაციებს ზედმიწევნით კარგად ასახავს. შევეცდები უფრო ზუსტი მიზანსცენა დავხატო-ერთ მხარეს ქონებაწართმეული, დამცირებული ადამიანების ტრაგედია, ხოლო მეორე მხარეს  ციდან მოვლენილი საჩუქრებით გამხიარულებული ადამიანები და ამ „სასწაულის" შემოქმედი, სახეზე ირონიის ნიღაბაფარებული და უმეტესად ქვეყნიდან გაქცეული არაკაცების კომედია. 



ერთი ცუდი ჩვევა დამკვიდრდა ქართულ ხელისუფლებაში, საკმარისია ხალხის ნდობით აღჭურვილები  იმ თბილ სავარძელში მოკალათდნენ, რომ ქვეყანა საკუთარი მამული ჰგონიათ, ისე ჭრიან და კერავენ, როგორც მოესურვებათ. უნაკლო ხელისუფლება არა თუ არ მინახავს, არც გამიგია, მაგრამ არიან „გამორჩეულებიც"; შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო, 2004-ში ახლადგამოჩეკილი პოლიტიკოსები რომ შემოახტნენ სახელისუფლებო სავარძლებს, ლამის ათი წელი „აჭენეს", მარა რა „აჭენეს", ერთი, ძველი რომაელი კეისრის, კალიგულას სიგიჟეებს ვერ შესწვდნენ (დრო არ ეყოთ), თორემ სხვა მხრივ,ნამეტანი „ისახელეს" თავი, იმდენად, რომ აგერ მერამდენე წელია საქართველოს მოსახლეობა მათი ჯიშ-ჯილაგის ხსენება-მოგონებაშია. ბევრი „საგმირო" საქმის გახსენება შეიძლება, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ერთი უპრეცენდენტო შემთხვევა მაინც ადამიანთა ერთი ჯგუფის, ერთდროული, საკუთარი  ქონების  გაჩუქების „უეცარი და საყოველთაო სურვილი" მგონია. საინტერესოა, არა? ათასობით ადამიანს რომ „გაუჩნდება" დაუძლეველი ნება, წლების მანძილზე დაგროვილი ქონება ადგეს და სახელმწიფოს, ან ვინმე სრულიად უცხო პირს „აჩუქოს".  ერთ ასეთ შემთხვევაზე მინდა გიამბოთ.



2005 წლის სუსხიანი დეკემბრის გამთენიისას (დილის 4 საათზე), ხალხზე ფიქრში ძილგამკრთალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასწრაფო წესით დაიბარა იმდროინდელი გენ.პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უშიშროების მდივანი  ივანე მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა, გლდანის რაიონის გამგებელი ნიკო ხაჩირიშვილი და ამ უკანასკნელის „მამულების" მოსანახულებლად წარუძღვა. პრეზიდენტს თვალში მოუვიდა ორ, მე-5 და მე-6 მიკრორაიონებს შორის არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი(7901 და 9062 კვ.მ) და სახელდახელო ბრძანებაც გამოაცხო:- არ მაინტერესებს ვისია, აქ „დისნეილენდი" უნდა ავაშენოო. მეფის სიტყვას, აბა, ვინ გადავიდოდა და მეორე დღესვე მერიის გენინსპექციის უფროსმა დავით საყვარელიძემ და მისმა მოადგილე კობა ხარშილაძემ (ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი), დაიბარეს ტერიტორიის მფლობელი შპს „გლდანი 2001"-ის დირექტორი ლევან მაისურაძე და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მოითხოვეს ტერიტორიის მერიისთვის საჩუქრად გადაცემა, თუ არა და - „ცულს მოვიტანთ ცუნცულასო" განუცხადეს გაკვირვებულ მფლობელს... დანარჩენი „ტექნიკის" საქმე გახლდათ, რაც საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდათ აყვანილი. ერთია, ვერ გაითვალისწინეს ნოტარიუს ქ. ოდილავაძის პრინციპულობა, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა გადასაცემი ქონების შეფასება. თავდაპირველად ორივე ნაკვეთი შეფასდა 500 000 აშშ დოლარად, მაგრამ აქ კიდევ ერთი აქტიორი გამოდის სცენაზე,ქალაქის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და მისი „მეგობრული" ჩარევის შემდეგ მოხდა ქონების გადაფასება- 7901 კვ.მ. შეფასდა 130 000 ლარად, ხოლო 9062 კვ.მ. 170 000 ლარად. „გლდანი 2001"-ის მეპატრონეებმა კარგად უწყოდნენ, რომ თუ არ დათანხმდებოდნენ, დიდი შანსი იყო თავად, ან ოჯახის წევრები უფრო მწვავე დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყვნენ. მოგეხსენებათ ეს, ის დროა, როცა საქართველოში ძალა აღმართსაც გვარიანად ხნავდა და დაღმართსაც.



ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაფორმდა ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის №6245/1 და № 6246/1), რომლის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქ. თბილისის მერია იღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს შპს „გლდანი 2001", ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის ღირებულების ქონებით. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ მოგახსენებთ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა. ორივე ნაკვეთის ყოფილი მეპატრონეები მიივიწყეს,-„ სადაც გინდა, იქ გვიჩივლეს" ბარაქიანი მუქარაც მიაყოლეს და პრეზიდენტის იდეის განხორციელებას შეუდგენ.



იდეა კი ამ ტერიტორიაზე, როგორც გახსოვთ, არც მეტი, არც ნაკლები „დისნეილენდის" აშენება გახლდათ. მერიის ხელმძღვანელებმა ხელები დაიკაპიწეს, ტენდერი გამოაცხადეს(ვითომ) და ამ (ვითომ) გამარჯვებულთან ერთად,   ძალიან მოკლე  დროში დიდი ზარ-ზეიმით გახსნეს ... ერთი ჩვეულებრივი პარკი საკმაოდ მოძველებული ატრაქციონებით.  ფაქტისთვის მეტი პომპეზურობის მისაცემად აქვე ჩაატარეს ტოტო კუტუნიოს კონცერტი. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ნამდვილი „კარუსელი", 2006 წლიდან აღნიშნული ტერიტორია რამდენჯერმე გაასხვისეს, მერე ეტყობა, მობეზრდათ ეს იჯარა-დაბრუნების პროცესი და 2010 წელს გაყიდვა გადაწყვიტეს. მყიდველიც მალე იპოვეს, მაგრამ  აქ საქმეში ჩაერია წინდახედული ნოტარიუსის მიერ ჩამატებული ქონების შეფასების  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის ძალითაც ტერიტორიის პირვანდელ მფლობელებს მის სანაცვლოდ კომპენსაცია ეკუთვნოდათ, შესაბამისი ფართი ან 300 000 ლარი. დაიწყო დაპირებებისა და შიგადაშიგ მუქარების  ახალი პროცესი, რომელიც საკმაოდ გაიწელა დროში და დადგა „მეფუკეებისთვის" ავადსახსენებელი 2012 წელიც. ქვეყნის ხელისუფლებას ეტაპობრივად ჩამოაცილეს ყოფილი მაღალჩინოსნები(ნაწილი გაიქცა, ნაწილმა ციხეს გაუსინჯა გემო) და როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, „გლდანი 2001"-ის ქონებაწართმეულმა ხელმძღვანელებმა სათანადო წესის დაცვით, ყველა საჭირო დოკუმენტითა  და სამართლიანობის აღდგენის იმედით ქ. თბილისის პროკურატურაში შეიტანეს განცხადება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 07422061580.



თავდაპირველად, გამოძიება მონდომებითა და ოპერატიულად მოქმედებდა, მაგრამ თანდათან ამ ენთუზიაზმმა  რატომღაც იკლო, ასევე გაგრძელდა შემდგომშიც... დაზარალებული „გლდანი 2001"-ის მესვეურების აზრით, გამომძიებლებთან როგორც  სატელეფონო, ისე პირადი საუბრებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ არ არსებობს ნება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანობა აღდგეს. ძნელი სათქმელია, ვინ და რატომ აფარებს ხელს აშკარა დამნაშავეებს, რომელთა ნაწილიც (გაქცეულთა გარდა), დღესაც საქართველოშია და უფრო მეტიც, დღესაც აქტიურად ერევა სახელისუფლებო საქმეებსა თუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.



თავში მოგახსენეთ, ცხოვრება თეტრია და  ტრაგიკომედიას ჰგავს-მეთქი, ჩემს მიერ მოთხრობილი ამბის მთელი ქმედება ამ ჟანრის ხან ერთი და ხანაც მეორე მხარის აშკარა გამოხატულებაა, ჰოდა, როგორც ყველა სპექტაკლის ბოლოს, აქაც აუცილებელია ფარდის დაშვება, მაგრამ   რა ვქნათ, რომ  პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა- ვის ექნება ამ კონკრეტული შემთხვევის ფინალში საქმე სატირლად  და ვინ  გაიცინებს?  



ერთი შეკითხვა, როგორც ჟურნალისტს, მეც მაქვს. ეს არ გახლავთ ერთეული შემთხვევა, უკვე არაერთ ქონებაწართმეულს გადაეწურა სამართლიანობის აღდგენის იმედი... მესმის, რომ უამრავი საქმეა და ყველას ერთად ვერ გაწვდებიან , მაგრამ უკვე დაწყებული და თაროზე შემოდებული საქმეების მომრავლება რას უნდა მივაწეროთ? კი ბატონო, ვიცით, რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ მაინცდამაინც უნდა გადაბრუნდეს ეს ურემი რომ გზა გამოჩნდეს?







 

big_banner
არქივი