logo_geo
ნუგზარ ფოფხაძე: ფრიდონ თოდუა - კაცი!
- +

8 ივნისი. 2017. 01:27



ჩემი მეგობრების, ახლობლების და არაერთი გაჭირვებული ადამიანის გადამკიდე, ხშირად ვაწუხებ მეგობარ მედიკოსებს და ვთხოვ დახმარებას. ადრე ყველა პრობლემას მიგვარებდა ჩემი ძმადნაფიცი პროფესორი, სააქაოდან უდროოდ წასული პეტრე შოთაძე. აი ის იყო გაჭირვების ნამდვილი ტალკვესი. ჩემი თავი ანდერძად დაუტოვა თავის მეგობარ-კოლეგებს და... ახლა ისინი მყავს ხელში შეკლული. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ და კიდევ დიდი იმედი მაქვს რომ არ მოაკლდებათ მათი ყურადღება და უანგარო ზრუნვა ბევრ ჩემს ნაცნობს თუ უცნობ, ექიმის დახმარების მომლოდინე ადამიანს.


მაგრამ, ახლა ერთი უნიკალური ადამიანი მინდა გამოვყო. უნიკალური არა მარტო პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით, არამედ მასშტაბებით და უანგარო ერთგულებით.


წინა კვირას, უფრო ადრეც, კიდევ უფრო ადრეც, პრაქტიკულად, გადამირჩინა ჩემი უმცროსი მეგობრებისა და კოლეგების დედები, ახალგაზრდა მეგობარიც და, უნდა გამოვტყდე, არც მე "დამაკლო ხელი"...


ჰოდა, ერთი საჭირო ვიზიტის დამთავრების შემდეგ, მადლობა ვუთხარი და...


ამ დროს ტელეფონზე დაურეკეს, დაელაპარაკა, თვალები გაუბრწყინდა და გაუფრთხილებლად მომკიდა ხელი, მიმიყვანა კარადასთან, გამოაღო და... პატრიარქის ნაჩუქარი ჯვრით პირჯვარი გადამწერა გახარებულმა: ახლა დამირეკეს, სურათმა და ანალიზებმა გვაჩვენეს რომ კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლებო (ვისაც ეს არ გაუხარდება ჩემი "კეთილმსურველებისგან", ვიზიარებ მათ მწუხარებას!)...


ბურთი ყელში მომებჯინა: ჩემზე მეტი მას უხაროდა საფრთხე რომ ამცდა, ამჯერად!

ადამიანი ასეთი უნდა იყოს!

დასტაქარიც!

მეგობარი ხომ უნდა იყოს და იყოს...

ჰოდა, გადავწყვიტე მადლობა საჯაროდ მეთქვა. და "ამოვქექე" მის საიუბილეოდ გამოქვეყნებული ერთი პატარა წერილი, სერიიდან "კაცები!".

ამ სერიის პუბლიკაციები მიძღვნილი მაქვს იმ ადამიანებისადმი, რომლებთანაც ურთიერთობით ვამაყობ, რამეთუ მათი ცხოვრების წესია რაინდული!

შენ აქამდე ცხოვრობდი ამ წესით!

შენ ახლაც ცხოვრობ ასე!

შენნაირმა ადამიანებმა ძალიან დიდ ხანს უნდა იცოცხლონ და აკეთონ ყველაზე დიდი, ყველაზე კეთილშობილი საქმე: დააიმედონ, გაამხნევონ, განკურნონ ადამიანები, გაახალისონ ისინი, რათა ბოლომდე და ხანგრძლივად შეიგრძნონ ბუნების ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - სიცოცხლე!


იდღეგრძელე, ჩემო საყვარელო და მოსაფერებელო მეგობარო, ბატონო ფრიდონ!


*****

 

კაცი!

08 იანვარი, 2014 წელი


დიდი ხნის წინათ, ერთ ჩემს მეგობარს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა  და მოსკოვს გაემგზავრა. იმ დროს  მეც იქ აღმოვჩნდი და მისი თხოვნით კონსულტაცია გავიარე კომპეტენტურ ადამიანებთან, რჩევა ვიკითხე  საუკეთესო მკურნალის შერჩევის თაობაზე. ლეგენდარულმა ქირურგმა-აკადემიკოსმა,  თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა ვლადიმერ ბურაკოვსკიმ რომ მოისმინა უარყოფითი პასუხი მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა ფრიდონ თოდუას, მირჩია: გაიცანი და ანდე შენი მეგობრის ჯანმრთელობა,  ჩინებული ექიმი,  ერთობ საიმედო კაციაო!



ახლაც მახსოვს რა ინტონაციით მითხრა: ჩინებული ექიმი!.. საიმედო კაცი!



მას შემდეგ გავიდა ნაცნობობის, თანამშრომლობის და მეგობრობის 35 წელი.



და ამ ხნის მანძილზე არ მქონია შემთხვევა, რომელიც სულ მცირე, პაწაწინა ეჭვს შეიტანდა დიდი ვლადიმერ ბურაკოვსკის რეკომენდაციაში.



ფრიდონ თოდუა დიდი დასტაქარია!


და ეს იცის არა მარტო სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა საქართველომ, არამედ უამრავმა კოლეგამ, მეცნიერმა-მედიკოსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში!



ფრიდონ თოდუა ნაღდი კაცია! უღალატო მეგობარი!


და ბევრ ადამიანს რეალურად გამოუცდია მისი ექიმობის შედეგი, რაც პირდაპირ კავშირშია მის ვაჟკაცური ბუნებასთან, რისკთან, გაბედულებასთან, უანგარობასთან. და  ყველაფერი ეს იმაზე ღაღადებს, რომ იგი მართლაც დასაყრდენია, გაჭირვებულის დამხმარე, უშურველი! ასევე უღალატოა მეგობრების მიმართ. და მის ამ თვისებაზე არა და არ მოქმედებს არც პოლიტიკური კონიუნქტურა და არც ბიოგრაფიულ-კარიერული გარდატეხები.



ამ ხნის მანძილზე მასთან მიმართებაში ზემოთჩამოთვლილის გარდა, კიდევ ბევრი სასიამოვნო და დასაფასებელი "აღმოჩენა" გაკეთდა. და მათგან უმთავრესად დასაფასებელია ის, რომ ფრიდონ თოდუა საქმის (!) კაცია-საქმის მკეთებელი, სხვისი საქმის მხარდამჭერი, წამხალისებელი, ხელისშემწყობი;



მის მიერ შექმნილი უნიკალური, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი და მისი კოლექტივის საქმიანობა იმაზე მეტყველებს, რომ აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გახლავთ ბრწყინვალე ორგანიზატორი, სტრატეგი, ტაქტიკოსი, შედეგზე ორიენტირებული და, რაც მთავარია, პროგრესული აზროვნების, სიახლეების მოტრფიალე და პრაქტიკაში მისი დამნერგავი, ახალგაზრდა სპეციალისტების უანგარო გამზრდელ-დამაოსტატებელი, ნამდვილი პედაგოგი!



და კიდევ ერთი, რაც, ჩემი აზრით, ღირს რომ ახლა, სწორედ დღეს ითქვას, თანაც იმათ გასაგონად, ვისაც საქმის და სიკეთის კეთების მაგივრად შური და ქილიკი ხელეწიფებად (და ვინაიდან ბატონი ფრიდონი ანგელოზი არ არის, არც მოშურნე და მოქილიკე აკლია მას):  ასეთი რანგის, ავტორიტეტული სპეციალისტებისადმი, მეცნიერებისადმი, კულტურის მოღვაწეებისადმი,  მით უმეტეს, გამოჩენილი  ექიმებისადმი "ლტოლვა" ყველა დროის ხელისუფალს ახასიათებს. გამონაკლისი არც გასული ათწლეული იყო.



ობიექტურობა მოითხოვს იმის ხაზგასმით აღნიშვნას, რომ იმდროინდელი ხელისუფლების ინიციატივით დანიშნულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს ფრიდონ თოდუას მოუხდა  დიდი სიბრძნის, მოქნილობის, თმენის, ზოგჯერ კი თავგანწირვამდე მისული პრინციპულობის გამოჩენაც, რათა ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისთვის აერიდებია, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური ჩარევა, მავანის და მავანის უგნურება, რომლის საბოლოო მიზანი რეფორმა კი არა, ამ დიდი აკადემიის საბოლოო განადგურება გახლდათ;



ასევე, თავად ვარ მოწმე იმისი, რომ აკდემიის ვიცე-პრეზიდენტს ძალისხმევა არ დაუკლია, რათა აკადემიის სისტემის ცალკეული სტრუქტურების,  ცალკეული მეცნიერებისთვის არ გამოეტანათ დედაუნივერსიტეტის პროფესურისადმი გამოჩენილი  სამარცხვინო დამოკიდებულების მსგავსი სავარაუდო "გამანადგურებელი განაჩენი", რომელიც დღევანდელი გადასახედიდან არამცთუ სუბიექტური და უსამართლო იყო, არამედ,  პრიმიტიული ანგარიშსწორების გამოვლინებაც გახლდათ მაშინდელი ხელისუფლების  ზოგიერთი გათავხედებული მაღალჩინოსნის მხრიდან!



და ყოველივე ამას ფრიდონ თოდუა აკეთებდა უხმაუროდ, უანგაროდ! მეცნიერული სინდისის და პატრიოტული სულისკვეთების, თავმდაბლობის, ზნეობრივი პრინციპების მაქსიმალური დაცვით.



ასე კაცები იქცევიან!

ასე ცხოვრობენ საიმედო ადამიანები!

ამის დაუნახავობა და დაუფასებლობა უმადურობა იქნებოდა.

კეისარს კეისრისა!

გაიხარეთ, ბატონო ფრიდონ!






 

big_banner
არქივი