logo_geo
ვახტანგ ხარჩილავა: აფგან მუხთარლი და მუხთალი ვაიქართველები
- +

16 ივნისი. 2017. 22:25


 

აფგან მუხთარლისთან დაკავშირებული ამბები რომ გახმიანდა, გივი თარგამაძემ განაცხადა: აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსნებმა დაურეკეს უჩა მამაცაშვილს და სთხოვეს, აფგანის დაკავებაში და აზერბაიჯანული მხარისთვის გადმოცემაში დახმარებოდნენ და მამაცაშვილმაც აზერბაიჯანელ ყონაღებს თხოვნა შეუსრულაო.


მთლად ბიძინა ივანიშვილამდე ვერ გაქაჩა თარგამაძემ, მაგრამ მაინცდამაინც შორს მაინც არ წასულა და იქვე მის საახლობლოში მოძებნა მუხთარლის დაკავებისა და გატაცების მთავარი ორგანიზატორი.


თარგამაძეს არც სხვები ჩამორჩნენ - არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტთა კორპუსის, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველაფრისა და ყოვლისმცოდნე ექსპერტები და ყველამ ერთად და ერთხმად ხელი დაადო საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებს, ანუ საქართველოს ზესკანდალურ ბოროტებაში - ადამიანის ბანდიტურად დატყვევებასა და მეზობელი ქვეყნისთვის გადაცემაში.


იმდენად ხმაურიანი და მასშტაბური იყო მუხთარლის მხარდამჭერი აქციები, რომ ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.


„რუსთავი-2"-მა იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა მუხთარლის ამბავი, რომ ამ დღეებში ლონდონში მომხდარი საზარელი ტერაქტის ამსახველი კადრებიც კი უკან გადასწია და პირველ ნიუსად მუხთარლის მხარდამჭერი აქციები გაუშვა.


გასაკვირი და გასაოცარი ის იყო, რომ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები, ქართველო ჟურნალისტები, ქართველი ექსპერტები საოცარი ენთუზიაზმით და აღტყინებით ბრალს სდებდნენ და მთელი მსოფლიოს წინაშე ასმენდნენ საკუთარ სამშობლოს, საქართველოს, რომ ეს ქვეყანა, დემოკრატიული, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო კი არა, მაფიოზური, ბანდიტური, ყაჩაღური სახელმწიფოა, სადაც დღისით, მზისით შეიძლება ადამიანი გაიტაცონ, თავზე ტომარა წამოაცვან და სხვა სახელმწიფოს საჩუქრად მიართვან.

კიდევ უფრო გამაოგნებელი ის არის, რომ მუხთარლის დასაცავად ამხედრებულ ქართველებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ უმძიმესი ბრალდების დამამტკიცებელი არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ და არ გააჩნიათ დღემდე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ქართველებს არც უბედური აფგანის ბედი აწუხებთ, არც სიმართლის დადგენა აინტერესებთ, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი - საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაცია, მისთვის სახელის გატეხვა და საერთაშორისო ასპარეზზე ახალი პრობლემების და წინაღობების შექმნა.


კი, ბატონო, მუხთარლისაც უნდა გამოესარჩლო და ნებისმიერ სხვა ადამიანსაც, რომელსაც უსამართლოდ ჩაგრავენ და ავიწროებენ, მაგრამ რატომ უნდა გააკეთო ეს საკუთარი ქვეყნის იმიჯის შელახვის, მის მიმართ ღია მტრობის ხარჯზე?


მით უმეტეს, როცა დანამდვილებით არც იცი, სინამდვილეში რა მოხდა და გადაუმოწმებელ, ყურმოკვრით გაგონილ ინფორმაციებზე აგებ ძალზე სერიოზულ ბრალდებებს?


ბატონ აფგანს თურმე აზერბაიჯანულ ციხეში თავისი ადვოკატისთვის უთქვამს, ადამიანები, რომლებმაც თბილისში მანქანაში ძალით ჩამსვეს, ქართულად ლაპარაკობდნენო.


აი, ეს „ჩვენება" დაედო საფუძვლად იმ აქციების ციკლს, რომლებიც წინა კვირას ერთიმეორის მიყოლებით გაიმართა.


ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ქართულად ლაპარაკი სულაც არ ნიშნავს იმას, ეს ადამიანები მაინცდამაინც ქართველები იყვნენ.


ან კიდევ, რატომ უნდა დავუჯეროთ ჩვენ ასე ბრმად ბატონ აფგანს, რომ ის ასპროცენტიან სიმართლეს ლაპარაკობს და სინამდვილეში ეს არ არის კარგად მოფიქრებული შანტაჟი და პროვოკაცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელთანაც, როგორც ირკვევა, აფგანს გარკვეული წყენა და პრეტენზიები ჰქონდა მისთვის და მისი ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის გამო.


ხომ არ იყო ეს შურისძიება მუხთარლის მხრიდან?

მუხთარლის გატაცება რომ მართლა ქართველ სამართალდამცავებს მოეხდინათ, რატომ იჭიკჭიკებდნენ ისინი მუხთარლის გასაგონად მაინცდამაინც ქართულად და ამით რატომ მოახდენდნენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას?


დაბოლოს, ვინმეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ აფგან მუხთარლი მართლა თბილისში დააკავეს თუ ეს ყველაფერი საგანგებოდ შეთხზული ლეგენდაა?


აფგანის მეუღლემ, ქალბატონმა ლეილამ, კითხვაზე - როდის განაცხადა მან მეუღლის გაუჩინარების შესახებ, უპასუხა, რომ მან ეს გააკეთა დილით.


ამ დროს ქმარმა საღამოს საათებში დაურეკა ცოლს, სახლში მოვდივარ და რაიმე ხომ არ ვიყიდოო, ცოლს კი მთელი ღამე არც გაუკვირვებია და არც შეუცხადებია, სად დაიკარგა სახლში მომავალი ქმარი. მშვიდად დაიძინა და მხოლოდ დილით მოიძია უგზო-უკვლოდ გამქრალი თანამეცხედრე.


როგორ შეიძლება ყოველივე ამის ახსნა, ამაზე, ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს, მანამდე კი კვლავ იმ ქართველებს მივუტრიალდეთ, რომლებიც აზერბაიჯანელ აფგანს კი იცავენ, მაგრამ სრულიად უარგუმენტოდ და უსაბუთოდ საკუთარ ქვეყანას ცილს სწამებენ და სახელს უტეხენ.


ქართველებიო, კი ვამბობთ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გვარ-სახელები ქართული აქვთ, პასპორტშიც საქართველოს მოქალაქეობა უწერიათ, საქართველოში ცხოვრობენ და საქმიანობენ, რამდენად არიან ეს ადამიანები ქართველები და რით მტკიცდება და რაში გამოიხატება მათი ქართველობა - საკუთარი ქვეყნის დასმენით? საკუთარი ქვეყნის მიზანმიმართული ლანძღვა-გინებით და შეურაცხყოფით? საკუთარი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოთხრით?


ვინ ხართ, თქვე მართლა სინდისგარეცხილებო? ვის ემსახურებით, ვის დავალებებს ასრულებთ, ვინ გიხდით ფულს, ვისი აგენტურა და ვისი ჯაშუშ-შპიონები ხართ, ასე რომ მტრობთ საკუთარ სამშობლოს?


- მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო, - ნათქვამია.


ბატონი აფგანი, როგორც გაირკვა, „ნაცმოძრაობის" და მისი განაყარი პარტიების ლიდერებთან მეგობრობდა და, აქედან გამომდინარე, ადვილად დასადგენია, რას წარმოადგენს თავად იგი, თუმცა სჯობს, აფგანს თავისმა აზერბაიჯანმა მიხედოს, ჩვენ კი ჩვენს საქართველოს მოვუაროთ.


ვახტანგ ხარჩილავა



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი