logo_geo
მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017“ დასასრულს უახლოვდება
- +

7 სექტემბერი. 2017. 13:35


 

9 და 10 სექტემბერს კურორტი „საირმე" მუსიკალური ფესტივალის „საირმე 2017-ის" დასკვნით კონცერტებს უმასპინძლებს. 9 სექტემბერს, 17 საათზე გაიმართება ანსამბლ „იამეს" და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტები.


10 სექტემბერს, 17 საათზე კი, ფესტივალს საზეიმოდ დახურავს ანსამბლი „ბასიანი".


ანსამბლი „იამე" - ქალთა ანსამბლი „იამე" თერჯოლაში  2012 წელს შეიქმნა. „იამეს" მთავრი მიზანი იმერული სოფლური და ქალაქური სიმღერის შესწავლა-პოპულარიზაციაა. ანსამბლის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბებულ იმერულ ქალაქურ სიმღერას, რომლის საფუძველი საოპერო მუსიკა და რუსული რომანსი გახდა.


ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი შეიქმნა 2010 წელს. ანსამბლის რეპერტუარი მრავალფეროვანია. მოიცავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთისა და ბარის სიმღერებს და საკრავიერ მუსიკას. ანსამბლს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, აქვს ერთობლივი კონცერტები გამართული ანსამბლებთან „ანჩისხატი", „სახიობა", „ბასიანი". 2016 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში და მოიპოვა ლაურეატის წოდება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანადგომით ანსამბლს გამოცემული აქვს მუსიკალური ალბომი, რომელშიც შესულია 17 სიმღერა (ვრცლად: https://www.facebook.com/Kutaisi-State-ansemble%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98-295855727143410/


ანსამბლი „ბასიანი" ჩამოყალიბდა 2000 წელს, როგორც  საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. „ბასიანი" თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენელი ნაწილია და პატრიარქის მიერ ყოველ აღვლენილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. 2013 წელს კი „ბასიანს" მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი (ვრცლად: http://basiani.ge/ge/about )


მუსიკალური ფესტივალი „საირმე 2017" კურორტ „საირმეში" ივლისის ბოლოს დაიწყო. გაიმართა ათი კონცერტი და მან რამდენიმე ასეულ სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის წარმომდგენი: სასტუმრო „საირმე" და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ პროექტი ტრადიციულ  ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად უფრო მრავალფეროვანი გახდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.











 

big_banner
არქივი