logo_geo
ბიორკი ქართული მუსიკის გაცნობის მიზნით სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩავა
- +

20 ოქტომბერი. 2017. 15:54


ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი, 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს კონცერტებს.


ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბიორკი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება და ქართველ მსმენელს უახლეს ნამუშევარს Vulnicura-ს წარუდგენს. კონცერტები მოიცავს არტისტის რამდენიმე საკვანძო სიმღერასაც მისი მუსიკალური წარსულიდან.


ორგანიზატორების ინფორმაციით, ორივე კონცერტის ფარგლებში შესრულდება ახალი სიმღერებიც.


SOU ფესტივალის დამფუძნებლის სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ისლანდიელი მუსიკოსი საქართველოში მუსიკალურ ექსპედიციასაც დათანხმდა და ქართული მუსიკის გაცნობის მიზნით საქართველოს ოთხ რეგიონში ჩავა.


„ბიორკი ისეთი არტისტია, რომელსაც უბრალოდ კონცერტების ჩატარება არ აინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, რომელსაც გააჩნია უდიდესი მუსიკალური მემკვიდრეობა. ჩვენ შევთავაზეთ მას და ის სიხარულით დათანხმდა საქართველოში მუსიკალურ ექსპედიციას. ამ ექსპედიციის ფარგლებში ბიორკი გაეცნობა ქართული მუსიკის ოთხ სხვადასხვა ფორმას და იმოგზაურებს ქვეყნის ოთხ რეგიონში: სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში", - განაცხადა სანდრო ლომინაშვილმა.


მისივე თქმით, თბილისში ბიორკის კონცერტზე ხალხი ძალიან შორი მანძილიდან მოდის, გარდა ევროპული ქვეყნებისა, ბიორკის კონცერტების ბილეთებს ყიდულობენ მადაგასკარსა და მავრიტანიაში.


საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორისა და სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკოლოზ რაჭველის განცხადებით, ბიორკი არის ისტორიული პერსონა, ვინაიდან მან შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრი.

 

„ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილეები და მომსწრეები ვხდებით, რადგან ჩამოდის მომღერალი, რომელიც მუსიკალური განვითარების გზაზე ეპოქის მომტანია, ისტორიული პერსონაა, ვინაიდან მან შექმნა ახალი მუსიკალური ჟანრი", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.


 

big_banner
არქივი