logo_geo
Björk უკვე თბილისშია
- +

28 ოქტომბერი. 2017. 12:39



ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკვე თბილისშია.


Björk კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზსა და 3 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს წარმოგიდგენთ თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი „ROOMS HOTELS".


დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით, თბილისს ასევე ცნობილი ისლანდიელი, ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი ესტუმრება. ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ორივე კონცერტზე უდირიჟორებს.


ბიორკის პროგრამა ორივე კონცერტის შემთხვევაში იდენტური იქნება. კომპოზიციები, ძირითადად, მისი 2015 წლის ალბომიდან „Vunicura" შესრულდება. „Vulnicura Strings" ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს.


ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი, რომელთა ფასიც 200-დან 590 ლარამდე მერყეობს.


ორგანიზატორების ინფორმაციით, ბიორკის სურვილია, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების მკაფიოდ დაცვის გარდა, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით იყოს მორთული. როგორც SOU festival-ის წარმომადგენლები ამბობენ, ბიორკის მოთხოვნა, რასაკვირველია, შესრულდება.


კონცერტის გარდა, დაგეგმილია ისლანდიელი მუსიკოსის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - კახეთში, იმერეთში, სვანეთში, გურიასა და მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობა.



 

big_banner
არქივი