logo_geo
„ზუტნერების და დადიანების შეხვედრა 140 წლის შემდეგ”
- +

16 დეკემბერი. 2016. 21:45



დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში გაიმართება დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის და მისი მეუღლის ზუგდიდში ყოფნის 5 წელიწადს ასახავს.


უკვე კვირაზე მეტია, რაც ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფი ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებზე ფილმს იღებს. გადაღებების პროცესი უკვე დასრულდა ფოთსა და მარტვილში. სცენების დიდი ნაწილი კი ზუგდიდში დაიდგა, მათ შორის დადიანების ეზოში, ბოტანიკურ ბაღში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში და რაფიელ ერისთავის ისტორიულ სახლში, ზუგდიდში. ფილმის გადაღების პროცესი თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.


საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: ლევან ხარაულმა, ლაშა ადამაშვილმა და ლევან ირემაშვილმა სცენარი თავად შეიმუშავეს. ძირითადად დაეყრდნენ ბერტას მემუარებს, რომელიც მან საქართველოში ყოფნისას დაწერა. მოგონებების წიგნში, ბერტა დეტალურად აღწერს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტებს, სადაც რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან.


ფილმი ასახავს ბერტას და მისი მეუღლის არტურ ფონ ზუტნერის დადიანების სასახლეში ცხოვრების პერიოდს, მათ მეგობრობას ეკატერინე ჭავჭავაძესთან, მის შვილებთან.


ფილმის ავტორებმა გააცოცხლეს ბერტასა და მისი მეუღლის მიერ „ვეფხისტყაოსნის" თარგმნის სცენა იონა მეუნარგიას სახლში. ცნობების მიხედვით, სწორედ ცნობილი პუბლიცისტის და კრიტიკოსის თხოვნით დაიწყეს სამეგრელოს ევროპელმა სტუმრებმა პოემის ფრანგულად თარგმნა.


1882 წელს, ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ფონ ზუტნერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ თბილისში, სადაც 4 წელი იცხოვრეს.


სამეგრელოს სამთავროს ყველაზე საყვარელ სტუმართა სიაში მოხსენიებული სტუმრების შესახებ ფილმის გადაღების ინიციატივა ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილებას ეკუთვნის. გადამღები ჯგუფი ტენდერის საშუალებით შეირჩა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა პრეტენდენტმა მიიღო. საბოლოო ჯამში მერია ფილმისთვის 3 ათას ლარს დახარჯავს. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ზუგდიდის თეატრის მსახიობები, ასევე მოხალისეები. ჩაწერილია ინტერვიუები მუზეუმის თანამშრომელ ციალა თითმერიას და ბერტა ფონ ზუტნერის საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებელ ბესიკ გეგეჭკორთან.


ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფს დოკუმენტური ფილმების გადაღების 8 წლიანი გამოცდილება აქვს. მათ უმუშავიათ ასევე სხვადასხვა პროექტებზე მათ შორის check in Georgia-ს ფარგლებში.



 

 

წყაროlivepress.ge

 


 

big_banner
არქივი