logo_geo
„გამარჯვებული სიმღერის 30 წლის იუბილე“
- +

21 თებერვალი. 2018. 22:59


 


პოპულარული სიმღერა - ,,დავდივარ დაგეძებ" უკვე 30 წელს ითვლის. ეს სიმღერა საიუბილეო თარიღის აღნიშვნას უდავოდ იმსახურებს. ლექსიც და მუსიკაც უმშვენიერესმა მუსიკოსმა ნანა მესხმა ტრიო ,,თბილისისთვის" შექმნა, რომელსაც უბადლოდ ასრულებდა ნუგზარ აფხაიძე.


ნანა მესხი:


,,სიმღერა ერთ ღამეში დაიბადა. ჯერ კიდევ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვარტეტში ვმღეროდი, როცა ეს სიმღერა ტრიო ,,თბილისისთვის" დავწერე. პოპულარობაც მალე მოიპოვა და შემდეგ არაერთმა ცნობილმა მომღერალმა და ანსამბლმა შეასრულა ის. პირველად ხდება, როცა სიმღერის იუბილეს აღნიშნავენ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ მოვლენით".

 

იხ. ბმული: 


მარიკა კვალიაშვილი - კომპოზიტორი:


„ნანიკოს მუსიკა ძალიან საინტერესო და ლაღი მოსასმენია, ასევე ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ვფიქრობ, კიდევ უფრო ბევრი უნდა ითქვას და დაიწეროს მასზე, კიდევ უფრო ხშირად გაჟღერდეს მისი ლაღი და ჰარმონიული მუსიკა. ის არის სიკეთით სავსე ადამიანი და მის ირგვლივაც მრავალი მოსიყვარულე ადამიანია - რაც ასე უბრალოდ არ ხდება, მან ეს დაიმსახურა.

 

ქალაქურ  სიმღერებს რაც შეეხება, რომელსაც ნანიკო შეეხო, იმდენად აკადემიურადაა მიწოდებული  მსმენელისათვის, რომ მასზე კარგი მოსასმენი არაფერია. ნანიკო წერს კეთილშობილურ და ძალიან დახვეწილ ქალაქურ სიმღერებს. ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც ეს სიმღერა გაუძლებდა დროს და დღეს არავის ემახსოვრებოდა. რადგან მისი სიმღერები ისევ პოპულარულია, ეს ნიშნავს, ხალხმა აღიარა და დააფასა. მოჯადოებულია ყველა, ვინც კი მას მოუსმინა. ის სიმღერებს წერს ისე ლამაზად, რომელიც ყველა დროს მოერგება.

 

რაც შეეხება საიუბილეო სიმღერას, ,,დავდივარ და დაგეძებ" - ეს არის სიმღერა, რომელსაც ერთხელ მოუსმენ და მეორედ მოსმენის სურვილიც გაგიჩნდება. ეს უკვე სიმღერის გამარჯვებაა. ერთ-ერთ ჩემს ღონისძიებაში მეც გამოვიყენე ეს სიმღერა, რომელიც ძალიან მოუხდა ამ კონცერტს. სიმღერა, რომელიც გაუძლებს დროს და ააღიღინებს ყველას - ის ნამდვილად ღირსია დამსახურებული აღიარების.

 

ნანიკოს ვუსურვებ წარმატებებსა და წინსვლას არამარტო შემოქმედებით საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც".

 

ნუნუ გაბუნია - კომპოზიტორი:


,,დავდივარ და დაგეძებ" - ეს სიმღერა ისეთივე მშვენიერი და გულწრფელია, როგორც მისი ავტორი. არაა გასაკვირი, თუ რატომ შეიყვარა ხალხმა და არ მეგულება საქართველოში სიმღერის მოყვარული ან არამოყვარულიც, რომელსაც ამ სიმღერის მოსმენისას არ შეერხევა სულისა და გულის სიმები.

 

მუსიკალურ შემოქმედებაში, ხელოვნებაში, ყველაზე პოპულარული  და შეიძლება ითქვას კიდეც - ძირითადი ჟანრი - ეს სიმღერაა. როცა ის ნათელ, გულწრფელ ლამაზ მელოდიაზეა აგებული, ემოციური შინაარსით, ფიქრით და გრძნობით, მას მსმენელი არასოდეს მოაკლდება. ის არასდროს დაბერდება და თაობიდან თაობებს გადაეცემა. ასეთია სწორედ ნანას ეს და სხვა სიმღერებიც.

 

იმის გარდა, რომ ნანა ნიჭიერი მუსიკოსია, ის თბილი, მოსიყვარულე, გულისხმიერი ადამიანია, რაც ძალზე დასაფასებელია. სულ პაწაწინა იყო, როცა თურმე ჩემს საბავშვო სიმღერებს მღეროდა. ამის შესახებ გვიან გავიგე და მოვისმინე კიდეც ფირზე ჩაწერილი. ჩვენს გაცნობას კონკრეტული თარიღი არ აქვს, ასე მგონია, ნანას სულ ვიცნობდი".

 

რამაზ გუნიავა - ანსამბლ ,,თბილისის" წევრი:


„ნანა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მის სიმღერებს ყურადღება მივაქციეთ. საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ტექსტი და მუსიკა, ამიტომ სიმღერაც მელოდიური და დასამახსოვრებელია. ნანას შემოქმედება იდეალურად ერგება ქალაქურ ჟანრს. საიუბილეო სიმღერის ,,დავდივარ და დაგეძებ" პირველ შემსრულებლებად ჩვენ, ტრიო ,,თბილისი", ვითვლებით. ეს იყო წლების წინ, ყოფილ „ლაგუნა-ვერეზე" გამართულ კონცერტზე ჩვენ პირველად ავაჟღერეთ ეს სიმღერა ფართო საზოგადოების წინაშე. სიმღერამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. გავიდა წლები, ეს სიმღერა კიდევ მრავალმა საუკეთესო მომღერალმა შეასრულა.

 

ნანა, არის საოცრად თბილი და თავმდაბალი ადამიანი. ძალიან მოსიყვარულე და ერთგული. ვუსურვებთ წარმატებებს და უამრავი ლამაზი სიმღერის შექმნას".


ზურაბ ბაკურაძე - ანსამბლ ,,ქართული ხმების" მომღერალი და ანსამბლ   ,,უნისონის" ხელმძღვანელი:


,,დავდივარ და დაგეძებ" - ამ სიმღერას უბადლოდ ასრულებს ტრიო ,,თბილისი".  ნუგზარ აფხაიძის გარდაცვალების შემდეგ ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ სიმღერის შესრულება. პირველად დაახლოებით 8 წლის წინ, ქალბატონ ნანა მესხის შემოქმედებით საღამოზე ვიმღერეთ ზაზა მამალაძესთან, თამაზ გუნიავასთან და თეატრალურის კვარტეტთან ერთად. მახსოვს, ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგან ნუგზარ აფხაიძის სოლოთი დაიწყო და ჩვენ გავაგრძელეთ. შემდეგ, ნანას გადაწყვეტილებით, ეს სიმღერა გადმოგვეცა ჩვენ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. დიდი ხანია ეს სიმღერა ჩვენი რეპერტუარის ჰიტია და თითქმის ყველა კონცერტზე ვასრულებთ.

 

ნანა ჩვენი მეგობარია, ძალიან ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს, ამიტომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. მისი შემოქმედება კი მთელმა ერმა შეაფასა და ძალიან ბევრი მისი სიმღერა ჰიტად იქცა, რომელიც სხვადასხვა ანსამბლმა თუ სოლო შემსრულებლებმა შეასრულეს. ნანას მინდა ვუსურვო კიდევ მეტი წარმატება და სასიამოვნო, ლამაზი სიმღერების შექმნას".


იხ. ბმული: 

 

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:


,,დავდივარ და დაგეძებ" - არ მეგონა, თუ ამდენი ხნის იყო ეს სიმღერა, სცენაზე არასოდეს მიმღერია, უფრო სუფრასთან მეგობრებთან ერთად გიტარის თანხლებით. ძნელია თქვა, როგორი სიმღერები უძლებენ დროს, მასაც ისე სჭირდება იღბალი, როგორც ადამიანს. აქედან გამომდინარე, დროს უძლებენ იღბლიანი სიმღერები. ისინი, რომლებიც ნამდვილად კარგია.

 

მე ნანას ერთი სიმღერა შევასრულე - ,,ვერ გარიდებ გულს", რომელიც ძალიან მიყვარს. ვეცადე, ამ სიმღერის ჩემეული ვერსია შემექმნა და, მგონი, კარგად გამომივიდა. ყოველთვის მიხარია, როცა ამ სიმღერას სხვებიც დადებითად აფასებენ და მოსწონთ.

 

ნანამ შეძლო, თავი დაემკვიდრებინა იმ ქვეყანაში, სადაც მრავალი წერს მუსიკას, სადაც ბევრი დაწერილა. ის გულწრფელი და ნიჭიერი მუსიკოსია, ამიტომაც მისი ბევრი სიმღერა ჰარმონიული და დასამახსოვრებელია.

 

ნანას ვუსურვებ წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი