logo_geo
პირველად, საქართველოში! კარიკატურის საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით - „გ ი გ ლ ა“ ტარდება!
- +

21 აპრილი. 2018. 00:51

 

 

პირველიდან - 6 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კარიკატურის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით - „გ ი გ ლ ა“ ტარდება.

 

ფესტივალი ინტერნეტპორტალი gigla.ge-ს ეგიდით იმართება. თავად საიტის სახელწოდება კი, ქართველი გრაფიკოსის, მოქანდაკისა და კარიკატურისტის, საქართველოს სახალხო მხატვარის, - გიგლა ფირცხალავას უკავშირდება. აღნიშნული პროექტი ქართული კულტურის მსოფლიოში  პოპულარიზაციას ემსახურება.

 

ამ თემასთან დაკავშირებით „ჯორჯიან თაიმსი“ მხატვარსა და პროექტის მთავარ ორგანიზატორს, - ბესიკ დუღაშვილს ესაუბრა:

 

„კარიკატურის საერთაშორისო ფესტივალი „გიგლა“, არის ღონისძიება, რომლის მსგავსიც, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში დიდი ხანია ტარდება.  ცუდია ის ფაქტი რომ, ასე გვიან შევუერთდით მსოფლიოს. მაგალითად აზერბაიჯანში, - მეათედ ტარდება უკვე პრეზიდენტის პატრონაჟით. ასევე, სირიაში და ერაყში ომის პერიოდშიც კი იმართებოდა. ტარდება  ირანში, რომელიც, ფუნდამენტალისტური ქვეყანაა და ხატვა იქ საერთოდ აკრძალულია, მაგრამ კარიკატურის ფესტივალი მიუხედავად ამისა ყოველწლიურად იმართება. იმართება საფრანგეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, ჩინეთში, ინდოეთში. ჩვენც ვუერთდებით ამ ფესტივალების ნუსხას.

 

დასახატი თემა არის, -  „ცნობილი ქართველები“. ამ ტერმინში არ იგულისხმებიან ის ქართველები, რომლებიც თავის ეპატაჟური საქციელით გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე, აქ არის საუბარი იმ ცნობილ ქართველებზე, რომლებმაც თავისი შემოქმედებით და პროფესიონალიზმით სახელი გაუთქვეს საქართველოს. გაკეთებულია საიტი სადაც ჩამონათვალია ამ პიროვნებების, თუ ვინ უნდა დახატონ, ესენი არიან ცნობილი ქართველები, მაგალითად: მიშა გომიაშვილი, აკაკი ხიდაშელი, რუსკა მაყაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, არველაძეები, კახა კალაძე, დავით სოკოლოვი... ასევე ნიკო მუსხელიშვილი, ალექსანდრე ქართველიშვილი, ჯორჯ ბალანჩინი, იპოლიტე ხვიჩია, დოდო აბაშიძე, ლეილა აბაშიძე, მართალია გარდაცვლილები არიან მაგრამ ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის, კარიკატურის ფესტივალ-კონკურსებზე ეს ჩვეულებრივია. საიტს ჰქვია - „gigla.ge” და სწორედ ამ საიტის ეგიდით ტარდება ეს ფესტივალი.“ - აცხადებს იგი.

 

ჟიურის ვინაობა ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა ბესიკ დუღაშვილი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს რომ, ისინი ნამდვილად თავიანთი საქმის  პროფესიონალები არიან:

 

„ჟიურის დაკომპლექტების დროს როგორც ორგანიზატორმა თავი შევიკავე, რომ ქართველებისგან დამეკომპლექტებული ჟიური არ ყოფილიყო. მარტივი მიზეზით,  თავი ავარიდე შესაძლო გაუგებრობებს რაც ხშირად ხდება და იმისთვის, რომ მეტი ფასი დადებოდა ფესტივალს მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი კარიკატურისტები, ამ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით სახელებს არ დავასახელებ, მინდა ეს ერთგვარ სიურპრიზად დარჩეს, თუმცა სულ არის სამი და სამივე საკმაოდ სახელოვანი კარიკატურისტია და მათი შეფასებას ეჭქვეშ ვერცერთი მხატვრი ან კარიკატურისტი ვერ დააყენებს.“ - აცხადებს ბესიკ დუღაშვილი.

 

მონაწილეებს კი საკმაოდ ბევრი და საინტერესო პრიზები ელით:

 

„დაწესებულია სამი სხვადასხვა პრიზი, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები მიიღებენ სხვადასხვა მთავარ ჯილდოებს, ასევე არის 5 პრიზი, რომლითაც სპონსორები დააჯილდოებენ თავიანთ რჩეულებს და 10 წამახალისებელი პრიზი, რომელიც კენჭისყრის შედეგად მომდევნო ათ ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან.“ - განმარტავს მხატვარი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას.

 

ბესიკ დუღაშვილს იმედი აქვს რომ ბევრი დაინტერესდება ამ თემით და ხელს შეუწყობენ:

 

„განაცხადი შეტანილია თბილისის მერიაში და იმედი გვაქვს რომ თბილისის მერია გვერდით დაგვიდგება ვინაიდან ეს არის პირველი კარიკატურის ფესტივალი და მერიის მხარდაჭერა ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია,  ასევე გვჭირდება  კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ფესტივალი, მიზნად ისახავს ქართული კულტურის საერთაშორისო არეალზე გატანას, კულტურის გაცვლას, მეტ ცნობადობას.

 

თვითონ ფესტივალი არ არის გათვლილი ქართულ სეგნმენტზე, ძირითადი გათვლა უცხოელებზეკეთდება და რაღა თქმა უნდა უფრო მეტ გამოხმაურებას უცხოეთიდან ველით. ეს კი შესაბამისად ხელს შეუწყობს საქართველოს როგორც კულტურული კერის ერთგვარ წარმოჩინებას.

 

ასევე ველოდებით კერძო კომპანიებისგან როგორც ფინანსურ ასევე არამატერიალურ თანადგომას. კომპანიებისგან, რომლებსაც ურთიერთობა სურს დაამყაროს უცხოეთთან, შეიძლება ტურისტული კუთხით, ან სხვა სეგმენტით სურს წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპანია, ან შეძლება იყოს ისეთი კომპანია რომელსაც ასე თუ ისე ათვისებული აქვს მსოფლიო ბაზარი და უნდა პოპულარიზაცია გაუკეთოს საკუთარ პროდუქტს. არ გამოვრიცხავ საბანკო შემოთავაზებებსაც იქედან გამომდინარე, რომ საპრიზო თანხა უნდა გაიგზავნოს ბანკის მეშვეობით და თუკი რომელიმე ბანკი გვერდით დაგვიდგება ფინანსურად ეს თავისთავად საქმეს წაადგება და მათთვისაც კარგი იქნება.

 

ჩამოსულ სტუმრებს თავისთავად ვთავაზობთე ქსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გავაცნობთ თბილისის ისტორიას , ჩვენი სტუმრები სამშობლოში დაბრუნდების შემდეგ თავიანთ კოლეგებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თაყვანისმცემლებს გააცნობენ შთაბეჭდილებებს.ამას კი მერწმუნეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ სიტყვას, აზრს ფასი აქვს და ეს ძალიან დადებითად წაადგება ისევ საქართველოს“ - აცხადებს იგი.

 

მოლოდინი და იმედი კი დიდია იმისა რომ ეს კონკურსი წარმატებით ჩაივლის:

 

„ენთუზიაზმი დიდია, მონაწილეები უკვე ბევრნი არიან, გამოგზავნილია უკვე ბევრი ნახატი, დაინტერესება დიდია, საქართველოში ფესტივალის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უკვე აიტაცა შესაბამისმა საიტებმა, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ და უკვე გულუხვად აპიარებენ ამ ინფორმაციას.  ახლა ქართველები უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ სათანადოდ დავხვდეთ და ჩავატაროთ ეს ფესტივალი. ეს არ კეთდება ჩემთვის, ეს არ არის კომერციაზე გათვლილი ღონისძიება, ეს ქვეყნის იმიჯისთვის და წინსვლისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება და რა თქმა უნდა კარგია ქვეყნისათვის.

 

სრული 5 წელი ვიბრძვი ამ ფესტივალის ჩატარებისთვის. იდეა კი, მე მეკუთვნის, ხოლო მეხმარება ამ იდეის განხორციელებაში ქალბატონი ნელი ბიწაძე, ეს კეთდება კარიკატურული პორტალის gigla.ge - ის ეგიდით. ამ ფესტივალით პოპულარიზაცია უკეთდება ასევე ამ საიტს. ბევრი არ არის მსოფლიოში საიტი, რომლებიც მხატვრებს ეხმარება კარიკატურის კუთხით წარდგნენ თაყვანისმცემელთა წინაშე, მაგრამ ის საიტები რომლებიც არსებობენ ისე არ წარმოაჩენენ არც მხატვრებს და არც ნახატებს, როგორც ეს თავად მხატვრებს სჭირდებათ, ეს საიტი კი ყველანაირად ყველაფერს ითვალისწინებს.“ - აცხადებს ბესიკ დუღაშვილი.

 

პროექტის მედია მხარდაჭერას ,,ჯორჯიან თაიმსი" უზრუნველყოფს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი