logo_geo
წყალში ჩაძირული ტაძარი
- +

31 დეკემბერი. 2016. 00:41



მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ტაძარი 1985 წლის შემდეგ წყლის ქვეშ არის მოქცეული. ეკლესია წყლისგან მხოლოდ ზამთარში თავისუფლდება, როდესაც ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე მნიშვნელოვნად იკლებს.


ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია, კედლები იშლება და უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ჩამოიშალოს თაღი, რომელიც ეკლესიას ჯერ კიდევ თავზე ადგას. ტაძრის ნაწილი მდინარის ნატანით არის ამოვსებული და შლამშია ჩაძირული.


ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად დაიტბორა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასახლდა სოფლებს, არანისსა და ბიჩნიგაურთკარს შორის, სადაც დაბა ჟინვალი გაშენდა.


დატბორვამდე სოფელ ჟინვალის ტერიტორიაზე გათხრილ ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა ენეოლითური ხანის ნამოსახლარები. განსაკუთრებით საყურადღებოა წარმართული ხატ-სალოცავი, რომელიც წყალგადამყვანი გვირაბის სათავესთან აღმოჩნდა. ხატ-სალოცავის ცენტრში იყო საგანგებოდ მოწყობილი პოდიუმიანი საკურთხეველი. მასზე აღმართული იყო თიხისაგან გამოძერწილი, რელიეფური სპირალებით შემკული ღვთაების თავის სტილიზებული გამოსახულება, რომელიც საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქანდაკების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო მასალის ავტორი: გოგა ჩანადირი

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი